რომელ სახელმწიფოზე ლაპარაკობდით, როდესაც 2020 წლის არჩევნების შედეგების უაპელაციოდ და დანაშაულებრივად დეზავუირება გინდოდათ და ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს პირდაპირ საბოტაჟს უწევდით მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ვერ მოიგეთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში კრებსითი დემაგოგია მოისმინეს, რომელიც კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლებისდაგვარად მოაგროვა.
„რომელ საგამოძიებო კომისიებზე ლაპარაკობთ, როცა დაგჭირდებათ გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, პიარის ასაწევად და თქვენს მიერვე შექმნილი ნარატივების გასამართლებლად რაღაც საგამოძიებო კომისიების შექმნა? ეს არის თქვენი ფარისევლობის მთელი სიღრმე და ამას გრძნობს ქართველი ხალხი. გრძნობს ხალხი იმ სიძულვილს, რომელიც აქ უხვად იფრქვეოდა მომიტინგეების მიმართ. სიძულვილით სავსე სიტყვებით მიმართავთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნას მხარს არ უჭერს. ეს არის ნათელი და მერე გიკვირთ ხალხი მხარს რატომ არ გვიჭერსო? რატომ ხართ დამოკიდებული მარტო იქნებ უცხოეთიდან ვინმემ რამე თქვას და ამით ხალხი გაღიზიანდეს და ჩვენ რამე შანსი მოგვეცესო. არც ეს არ მოსწონს ქართველ კაცს! როდესაც შენი დღის წესრიგი არა შენი შესადგენია, არამედ უცხოეთიდან ნათქვამი პროვოკაციულ სიტყვაზე აგებულ პოლიტიკაზე უნდა იყოს. გაიგეთ და შეიგნეთ ეს! ქართველ ხალხს, რომ უნდა ევროპაში ინტეგრაცია და რომ სჯერა ამ ხელისუფლების, რომ ეს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნისკენ მიდის, იმასაც ხედავს რომ თქვენს სიტყვების იქით ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება მიმართულია, რომ ეს იქნეს ტორპედირებული და ხალხმა იცის რატომ გინდათ ეს.
ხელისუფლებას ახლა იმასაც დააბრალებთ, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, ეს თურმე ევროპული ფასეულობების დანგრევა იქნება. უკაცრავად და სად წერია, რომ დანგრევაა და უკაცრავად, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ აღსარების თავისუფლება, ოჯახის ფასეულობა, ყველა ერის და სახელმწიფოს ტრადიციების დაცვა და განვითარება რამენაირად ეწინააღმდეგება ვინმეს უფლებების დაცვას? – არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ჩვენი ფასეულობებით მივდივართ ევროპისკენ და ის მოძრაობა, რომელმაც დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და თავიდანვე ცივილიზაციური არჩევანი იყო, დღევანდელი ხელისუფლებაც ამ არჩევანს მიყვება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.