,,შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე!”- ექვთიმე თაყაიშვილი

132
spot_img

ექვთიმე თაყაიშვილი  საქართველოს მეჭურჭლთუხუცესი ერთ-ერთი ვერსიით 5 იანვარს დაიბადა. მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე წმინდანად შერაცხა და ღვთისკაცი უწოდა, მისი ხსენების დღედ კი – 16 იანვარი გამოცხადდა. გთავაზობთ გაზეთ “კვირის პალიტრაში” სხვადასხვა დროს მომზადებული მასალებიდან ამონარიდებს…

 

“თბილისის აეროდრომზე ეშვება პარიზიდან მომავალი თვითმფრინავი. ტრაპზე მძიმედ ეშვება დიდებული მოხუცი, და ამბობს მთრთოლვარე ხმით: “ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე”. დასრულებულიყო წამება ქართული საგანძურებისა. დასრულებულიყო წამება ექვთიმე თაყაიშვილისა. ახლა უკვდავება იწყებოდა... 1863 წლის 5 იანვარი. გურია, ოზურგეთის მაზრა. სოფელი ლიხაური. აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც სახელად დაარქვეს ექვთიმე.

მოწამებრივი ცხოვრებით სვლა დაბადებითვე ბედად დაჰყვა ახალნაშობ ყრმას. დაბადებიდან მეხუთე დღეს მოუკვდა მამა, მეხუთე წელს დედა მის ლოგინში, მისსავე მკერდზე მიხუტებული მოკვდა და ამრიგად, დედობის ღვთაებრივი მადლისაგან მისი გაცივებული სხეულის განცდის გარდა სხვა აღარაფერი შემორჩენია. და კიდევ – ყრმობის ჟამსვე, სამი წლისამ, მარჯვენა ფეხი მოიტეხა, და სამუდამო კოჭლადვე დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესავოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად “გამოჩენა” ერცხვინებოდათ…”

 

ლევან სანიკიძე

“აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი გავიცანი 1918 წელს. იგი ისე მეგობრულად მექცეოდა, თითქოს მე მისი თანატოლი ვყოფილიყავი, მთავრობის სასახლის ბიბლიოთეკა, რომელიც შემდგომ წლებში საჯაროდ იქცა, მის განკარგულებაში იყო. ექვთიმე თავათ ეძებდა ჩემთვის საქართველოს, სომხეთისა და აღმოსავლეთის ისტორიულ ანალებს. იგი დაბეჯითებით მირჩევდა ქართული ქრონიკები საფუძვლიანად შემესწავლა და მათთვის პოეტური ექვივალენტები შემექმნა.

იმჟამად მე უპირატესად იტალიისა და საერთოდ ევროპის ისტორიით ვიყავი გართული, მიუხედავად ამისა, ენერგიულად მივყავი ხელი ქართული ქრონიკების შესწავლას. ამავე ხანებში დამიმეგობრა ივანე ჯავახიშვილმა. ორივენი მთხოვდნენ ევროპას მიმავალს, ვატიკანის, ბერლინის და პარიზის ბიბლიოთეკები შემესწავლა და შემდგომ ამისა რომანები და ნოველები დამეწერა. ივანე ჯავახიშვილი მთხოვდა ნიურნბერგს ვწვეოდი, რადგან იქ ეგულებოდა მას შუასაუკუნეთა საქართველოს შესახებ ცნობები.

მე წავედი კიდევაც ნიურნბერგს, მაგრამ იქ წავაწყდი მხოლოდ ჯვაროსანთა ისტორიებსა და ქრონიკებს. 1923 წელს პარიზში ვინახულე ექვთიმე თაყაიშვილი, ხანგრძლივად მესაუბრებოდა საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების გამო.

ცნობილია, ე. თაყაიშვილი 1921 წელს თან გაჰყვა მენშევიკების მიერ წაღებულს საქართველოს სიძველეთა საგანძურს და ცერბერივით დარაჯობდა მას მრავალი წლის მანძილზე. იმ წელს ბარე რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდი პარიზულ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. იმ ხანებში ,,დიონისოს ღიმილს” ვწერდი, თანაც აღმოსავლეთის ისტორიას ვსწავლობდი, მაგრამ ჯერ არც მქონდა კონკრეტულად განზრახული რაიმე დამეწერა ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის. წლის ბოლოს მე ტოკიოში მიწვევდნენ გერმანული ლიტერატურის კათედრის დასაკავებლად.

ბოლოს მდგომარეობამ მოითხოვა ჩემგან სამშობლოში დაბრუნება და ერთ საღამოს უკანასკნელად ვეწვიე ექვთიმეს. მან გაიხარა ჩემი განზრახვა რა გაიგო.

,,შენისთანა ახალგაზრდა რომ ვიყვე (და აქ მან სიტყვა ტალანტი ახსენა) და შენისთანა ტალანტი რომ გამაჩნდეს, მე დაუყოვნებლივ წავიდოდი და საქართველოს შევალევდი ჩემს ძალასა და სიცოცხლეს. ხომ ხედავ, რა განსაცდელშია ჩვენი ხალხის უძვირფასესი საგანძურები. სანამდის პირში სული მიდგას, მე მათ უნდა ვუდარაჯო აქ”.

 

კონსტანტინე გამსახურდია

“სამაიას ბაღთან ექვთიმე თაყაიშვილი და შალვა ნუცუბიძე სეირნობდნენ ხოლმე. ექვთიმეს ფეხი აწუხებდა, ამიტომ ერთი ფეხსაცმლის ქუსლი საგანგებოდ ჰქონდა ამაღლებული. შორიდანვე ვცნობდი… ფეხს ავითრევდი, იქნებ ყური მომეკრა, რაზე საუბრობდნენ… ორივემ იცოდა კომუნისტური მათრახის ძალა, ხმადაბლა საუბრობდნენ… ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტიდან რომ გამოასვენეს, ორმოცი კაციც არ იყო… შორიდან მივყვებოდი, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა.”

1953 წლის 21 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილი უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლით გარდაიცვალა. მეცნიერის პანაშვიდებზე, მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს უშლიდნენ პანაშვიდზე შესვლას. პროფესორის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე 50-მდე ადამიანი დაესწრო.