„საქართველოს ოცნება ევროკავშირის წევრობაზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად იცოცხლებს, ან მასთან ერთად მოკვდება“

103
spot_img

ამერიკული გაზეთის Politico-ს („პოლიტიკო“) ევროპული ვერსია (იბეჭდება ბრიუსელში) 30 ივლისს აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „საქართველოს ოცნება ევროკავშირის წევრობაზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად იცოცხლებს, ან მასთან ერთად მოკვდება“ (ავტორი – გაბრიელ გევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„თითქმის ყოველდღიურად გიული ალასანია საქართველოს დედაქალაქის იმ მტვრიან გზას მიუყვება, რომელიც საავადმყოფოსაკენ მიდის, თავისი შვილის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. მას თან პლასტიკური ყუთებით საჭმელი მიაქვს – მოხარშული ლობიო და სალათები, შვილი რომ ასადილოს. „მართლაც ბედის ირონიაა“, – ამბობს გიული ალასანია, – ეს კლინიკა ჩემი შვილის ხელშეწყობით იმ დროს აშენდა, როცა იგი პრეზიდენტი იყო. ახლა კი სწორედ ამ საავადმყოფოში კვდება“.

მიხეილ სააკაშვილს, ავადმყოფ პატიმარს, ხელში საქართველოს მომავალი უჭირავს, მისი ბედი და პერსპექტივა. პალატაში, სნეულის საწოლზე მყოფი ექს-პრეზიდენტი Politico-სადმი გამოგზავნილ წერილში, რომელიც ადვოკატებმა რედაქციას გადასცეს, წერს, რომ მისი სიკვდილი თუ სიცოცხლე უდიდეს გავლენას მოახდენს იმაზე, ექნება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი. „მე ჩემი სიცოცხლისა და ჩემი ქვეყნისათვის ვიბრძვი, – წერს ყოფილი პრეზიდენტი, – რა თქმა უნდა, [ხელისუფლებას] ჯერ კიდევ შეუძლია მე სიკვდილის პირს მიმიყვანოს. ეს იქნებოდა საშინელი სიგნალი რეგიონისათვის, რაც გაბედულებას შემატებდა ავტოკრატებს და დესპოტ მმართველებს“.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი ათი წლის წინ დატოვა და რომ მისი როგორც ლიდერის მმართველობა წინააღმდეგობრივი მოქმედებით გამოირჩევა, ყოფ. პრეზიდენტის უდიდესი გავლენა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ჩამოთვლილია მიხეილ სააკაშვილის დამსახურებები 2003 წლის „ვრადების რევოლუციის’ შემდე – რეფორმები, კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.

ავტორი ესაუბრება ეკა გიგაურს, არასამთავრობო ორგანიზაციის Transparency Georgia-ს ხელმძღვანელს, რომელიც დადებითად იხსენებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს: „ხალხს მომავლის იმედი ჰქონდა, ქვეყნა წინ მიდიოდა“. მაგრამ 2008 წელს რუსეთთან მომხდარი კატასტროფული შედეგების მქონე ომის გამო, რასაც ყოფილი პრეზიდენტის მზარდი ავტორიტარული მმართველობაც დაემატა, მას თავდაპირველი მხარდამჭერები მოაკლდა, მათ შორის ეკა გიგაურიც, რომელიც სახელმწიფო სამსახურიდან წავიდა“, – წერს ავტორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის უკრაინულ პერიოდსაც იხსენებს, საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, მმართველი პარტიისა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნეგატიურ დამოკიდებულებას და აღნიშნავს, რომ „ცოტა თუ ვინმე ელოდა მის დაბრუნებას საქართველოში“. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრმა კარგად ვერ შეაფასა მიხეილ სააკაშვილის სანახობისაკენ მიდრეკილების უნარი – იგი მაინც დაბრუნდა. და დააკავეს კიდეც.

სტატიაში საუბარია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. დაავადებებზე, ვითომდა მოწამვლებზე, წონაში დაკლებაზე (ავტორი იმოწმებს გ.ალასანიას ნათქვამს), პროტესტებზე, „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოცხადების მცდელობებზე… პუბლიკაციაში ციტირებულია აგრეთვე დავით კეზერაშვილის გამონათქვამიც, რომ ყოფ.პრეზიდენტის პატიმრობისა და რუსეთთან დაახლოების გამო “ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უმდაბლეს დონეზე იმყოფება“.

სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა საქართველო მთავრობის პრომოსკოვურ გადახრას, რუსეთთან ურთიერთობების დათბობას (ავტორი იმოწმებს ვაჭრობისა და ტურიზმის ზრდას, ავიაფრენების აღდგენის ფაქტს, უვიზო რეჟიმს, პრემიერ-მინისტრის პრორუსულ განცხადებებს უკრაინასთან მიმართებით…). ავტორის მტკიცებით, ამ საკითხში მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თითქოსდა პოლიტიკიდან წასულია, მაგრამ არაოფიციალურად, მისი გავლენა საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ძალიან დიდია.

„მთავრობის კურსის შეცვლა ქვეყნის მოსახლეობისა და საზოგადოების მიზნებს ეწინააღმდეგება. ქართველებს ევროინტეგრაცია სურთ – თითქმის ყველა შენობაზე თბილისში ევროკავშირის დროშა ფრიალებს. იგივე დასტურდება საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგად – მოსახლეობას მთავრობის რუსეთუმე კურსი არ მოსწონს“, – ნათქვამია სტატიაში.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ. საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა როგორც ევროპარლამენტის განცხადება, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნაც. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსშია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

ავტორი ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს გიორგი ჩალაძეს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექს-პრეზიდენტის მთავრობაში კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა („ჩალაძის სამუშაო მაგიდა მიხეილ სააკაშვილის ბატიფეხური ნაწერი ფურცლებით არის სავსე“). ადვოკატის თქმით, თბილისში იმყოფებოდა პოლონელ ექიმთა კომისია, რომელიც მალე თავის დასკვნას გამოაქვეყნებს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს ბელგიის ყოფილი პრემიერი და სხვა ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი.

„საქართველოს ევროპული იმედები სერიოზული საფრთხის ქვეშაა“, – აგრძელებს ავტორი, – იმ დროს როცა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი პრეტენზიების გარეშე მიანიჭა, საქართველოს 12-პუქტიანი მოთხოვნები წაუყენა, რომლებიც თბილისმა უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ავტორი ციტირებს ილიას უნივერსიტეტის იურფაკის დოცენტს ვახუშტი მენაბდეს: „დღეს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა ბევრად განსხვავდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წლებისაგან. მთავრობა ცდილობს შექმნას ილუზია, რომ პროგრესი არის, მაგრამ ამჟამინდელი რეფორმები დემოკრატიზაციას არ ითვალისწინებს“.

როგორც მოსალოდნელია, ევროკომისია თავის დასკვნას საქართველოს შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაქვყნებს, რომლითაც ნათელი გახდება – გაიხსნება თუ არა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის. საქართველოს მთავრობა უარყოფს, რომ ევროკავშირში ქვეყნის მიღების პროცესი მუხრუჭდება. ამ რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც „პოლიტიკოშიც“ გამოქვეყნდა, თბილისი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უცვლელია. „ბოლო 25 წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკით, გეოპოლიტიკური არჩევანის თვალსაზრისით, ჩვენმა ქვეყანამ ნამდვილად დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მაგრამ ბრიუსელში ეჭვები მაინც რჩება: ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მთავრობის უდიერი დამოკიდებულების საფუძველზე ევროპა სკეპტიკურად უყურებს საქართველოს მიზნების შესრულებას. როგორც ვიოლა ფონ კრამონი – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი – ამბობს, „მართალია, მიხეილ სააკაშვილი დემოკრატი არ იყო, მაგრამ მან იცოდა, რისთვის იბრძოდა. მან ასევე იცოდა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მიმზიდველობა, ახალგაზრდების დასაქმება, საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება… დღეს კი რუსეთის გავლენა ყველგან იგრძნობა. თუ იგი საპყრობილეში მოკვდება, ეს იქნება აბსოლუტურად ნულოვანი სიგნალი ევროკავშირისათვის“.

გიული ალასანიას საცხოვრებელი ბინის კედლებზე იმ ადამიანის ფოტოები ჰკიდია, რომელიც ოდესღაც საქართველოს მეთაური იყო. იგი ამბობს, რომ შეურიგდა ბედს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წინ ელოდება. „ჩემს შვილს სიკვდილი არ აშინებს, მაგრამ მას ეშინია, რომ ვაითუ საქართველოც შეიძლება მოკვდეს“.

წყარო

—————