შეიცვალა თუ არა საქართველომ საგარეო ორიენტაცია

spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით დავით ზარდიაშვილი

შეიცვალა თუ არა საქართველომ საგარეო ორიენტაცია? ამ შეკითხვას, სულ ცოტა, ორი ასპექტი აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური.

სამართლებრივ ასპექტზე როცა ვსაუბრობთ, მხედველობაშია კონსტიტუციის 78-ე მუხლი. ეს გარდამავალი კონსტიტუციური ნორმა ავალდებულებს: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

უთუოდ ხაზგასასმელია: ჩანაწერი – „თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში“ – აქ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან იმთავითვე ადგენს, რომ ამ გარდამავალი ნორმით მითითებული „მოდუს ოპერანდი“, რამაც საქართველოს მკაფიო და მყარი ადგილი უნდა განაპირობოს საერთაშორისო ურთიერთობების იმ დროის „სტანდარტების“ სისტემაში, არ შეიძლება გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს, ანუ ამ სახელმწიფოს „მოდუს ვივენდის“. რადგან მიზანი – არ ამართლებს საშუალებას. “კონსტიტუციურობა” კი ეს გახლავთ: კონსტიტუციური ორგანოები მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებენ და მათ კატეგორიულად ეკრძალებათ ამ ფარგლებიდან გასვლა, მიუხედავად იმისა, რა მიზანი ამოძრავებთ. ნორმის გარდამავლობა კი ამას მიუთითებს: სანამ ეს მიზანი – საქართველოს მყარი და მკაფიო ადგილი საერთაშორისო სისტემაში არ მიიღწევა, კონსტიტუციური ორგანოების საგარეო „მოდუს ოპერანდი“ ამ მიზანს ექვემდებარება. მაგრამ ეს მიზანი უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და არავითარ შემთხვევაში მის გარეთ. ეს ცალსახაა. ხოლო კონსტიტუციის დაყვანა მის გარდამავალ დებულებამდე – აბსურდია. ასე რომ იყოს, მაშინ კონსტიტუციაში ეს ერთადერთი ნორმა, 78-ე მუხლი ეწერებოდა. ასე არ არის და არც შეიძლება იყოს. ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ხოლო პრობლემების გამოგონება და შექმნა ქვეყნისთვის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იმთავითვე მოკლებულია. როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით: ანუ პრობლემის გამოგონებაა და ქვეყნისათვის თავს მოხვევა – როგორც ამ ნორმის კონსტიტუციიდან ამოღების მოთხოვნა, ასევე – პირიქით: კონსტიტუციის დაყვანა ამ ნორმამდე.

მეორე ასპექტი „საგარეო ორიენტაციისა“ პოლიტიკურია და აქ მართლაც არსებობს მიზანშეწონილობის ფუნდამენტური პრობლემა: რა უნდა გააკეთოს საქართველომ, როცა საერთაშორისო „მოდუს ვივენდი“ იცვლება და თუკი სამართლებრვადაც შევხედავთ, უკიდურესად რთულდება, ხშირად შეუძლებელიც კი ხდება კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში, რაიმე ეფექტიანი ზომის განხორციელება 78-ე მუხლით განსაზღვრული „მოდუს ოპერანდის“ უზრუნველყოფისთვის? როცა რაიმე ორიენტაცია გაქვს, იმთავითვე მიიჩნევა, რომ ეს ორიენტირი შენთვის უძრავია და იმისკენ მოძრაობ. მაგრამ როცა ორიენტირი თავადაც მოძრავი ხდება, თან ისე გაგირბის, კომუნიზმისა რა იყოს, რომ მას ვერასდროს დაეწევი, შეიძლება სიჩქარის გაზრდამ ამ სრბოლაში კისერიც მოგატეხინოს.

რასაკვირველია, აქაც იგივე უნდა ვთქვათ: ორიენტირი ჩვენთვის მყარია, უძრავია და იგი ისაა, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა: ე.ი. ნატო და ევროკავშირი 2017 წლის არსებული მდგომარეობით, როცა საერთაშორისო „მოდუს ვივენდი“ საქართველოს ადგილს მკაფიოდ, უალტერნატივოდ და ცალსახად მიუთითებდა. ვინც იმას ვერ ხედავს, რომ არც ნატო და არც ევროკავშირი ის აღარ არის, რაც 2017 წელს, როცა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი ჩაიწერა, ცხადია, ვერაფერს ვერ ხედავს და მასთან კამათი არცა ღირს. მეტიც: 78-ე მუხლში დღესაც და მაშინაც იგულისხმება ნატოსა და ევროკავშირის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ – იდეალი, რაც ურყევია, უძრავია, როგორც ორიენტირი და იმავე ღირებულებებზე დგას, იდენტურია, რაზეც ჩვენი კონსტიტუცია: ეროვნულ სუვერენიტეტზე, ერი-სახელმწიფოს ტერიტორიული იურისდიქციის შეუვალობისა და ამ ტერიტორიის ურღვევობის პრინციპებზე, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კონსტიტუციური ორგანოების სამართლის ჩარჩოში მოქცევაზე და ასევე, კონსტიტუციის საყოველთაოდ სავალდებულობაზე, თვით ხალხისთვისაც: ყველა, მათ შორის ხალხიც, ე.ი. ადამიანთა ნებისმიერი ერთობა ამ ქვეყანაში, ვალდებულია კონსტიტუციურ წესრიგში იცხოვროს, დაიცვას და ამას გაუფრთხილდეს. აქ გამონაკლისი, არც რაიმე „გარდამავლობა“ არ არსებობს და ეს ორიენტირია, თუ გნებავთ, ჩვენი საგარეო ორიენტირიც. ამ თვალსაზრისით საგარეო და საშინაო ორიენტირები იგივეობრივია. რაც გვესმოდა და დღესაც გვესმის, როგორც „ევროკავშირი და ნატო“, ცხადია, ისევ იმისკენა ვართ ორიენტირებულნი. აი, თუკი ისინი თავად შეიცვლიან ამ ორიენტირებს, ჩვენ მაინც მყარად იქ ვიდგებით, როცა 2017 წელს ეს კონსტიტუციაში ჩავწერეთ. ეს იდეალებია და იდეალების დაცვა საქართველოსაც, ევროკავშირსაც და ნატოსაც ერთნაირად მოეთხოვებათ. აქ „ექსკლუზიური პრივილეგიები“ და „ინკლუუზიური ვალდებულებები“ არ და ვერ გამოიყოფა. ამიტომ: პასუხი მყარია – რასაკვირველია, საქართველოს საგარეო ორიენტირი არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არანაირად არ შეუცვლია. ერთადერთი, რაც შეიცვალა და ეს ძალიან თვალსაჩინოა, ნატოცა და ევროკავშირიც დაშორდა იმას, რაც ამ სახელწოდებების ქვეშ 2017 წელს იგულისხმებოდა. და დღესაც ჩვენში იგივე იგულისხმება.