“საქართველოში რუსული გავლენები ძლიერდება” – მიხეილ დაუშვილი

69
spot_img

“ქართულ ოცნებას” ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული საკუთარი მოქალაქეებისთვის – რუსული გავლენები ძლიერდება, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სოჭიდან წამოსული ლაინერის ბათუმში შემოსვლას და აღნიშნულთან მიმართებაში მოქალაქეთა პროტესტს გამოეხმაურა.

დაუშვილი აცხადებს, რომ რუსული გავლენების ზრდით ეროვნული უსაფრთხოება სუსტდება და დაუცველი რჩება ქვეყანა, ამიტომ მოსახლეობის პროტესტი რუსული გავლენების წინააღმდეგ ბუნებრივია. ამის მიუხედავად, დაუშვილი მიიჩნევს, რომ თუ აქციაზე ადგილი ჰქონდა რაიმე სამართალდარღვევას, რეაგირება უნდა განხორციელდეს.

“ცალკე აღებული ლაინერის შემოსვლა კი არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მთლიანად დიდ სურათში ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა როგორ იცვლება და საით იცვლება. მოცემულობაა ასეთი, რომ “ქართული ოცნება” თავს ესხმის და ლანძღავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშშ-ს და ევროკავშირს და ფაქტობრივად, უფრო და უფრო მეტად გვაშორებს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გარანტი არიან. როცა მეგობრებს ვშორდებით, ამით ავტომატურად ვუახლოვდებით რუსეთს, რადგან ჩვენს რეგიონში უბრალოდ სხვა მოცემულობა არ არსებობს. “ქართულ ოცნებას” ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული საკუთარი მოქალაქეებისთვის, როცა ჩვენს მოქალაქეებს აშინებს ომის საფრთხით. ფაქტია, ამ ყველაფრის ფონზე უფრო და უფრო მეტად ხდება რუსული გავლენების გაძლიერება და ამ ლაინერის შემოსვლა არის ერთ-ერთი მიმართულება და არა ერთადერთი, სხვა მიმართულებებთან ერთად, რომლითაც ძლიერდება რუსული გავლენები. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება დასავლეთში ძლიერ მოკავშირეებს გვაშორებს, რითაც იზრდება რუსული გავლენები და ქვეყანა უფრო და უფრო დაუცველი ხდება ოკუპანტის წინაშე. ფაქტობრივად, მარტონი ვრჩებით რუსეთის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება სუსტდება უფრო და უფრო მეტად. ამ დროს მოქალაქეების პროტესტი ბუნებრივია, ადამიანებს უბრალოდ არ მოსწონთ ეს ყველაფერი და არ მოსწონთ, რომ რუსული გავლენები იზრდება.

დაკავებას რაც შეეხება, არ მაქვს საკმარისი საფუძველი ვთქვა, იმ მომენტში დარღვევები არსებობდა თუ არ არსებობდა. თუ სამართალდარღვევა ჩადენილია, ამაზე, ცხადია, რეაგირება უნდა მოხდეს. გამიჭირდება სამართლებრივი შეფასება, რადგან ინფორმაცია არ მაქვს,” – განაცხადა დაუშვილმა.