ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს. ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით. აი, ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს მართავენ „ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ“.
„ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს. ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით. აი, ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.
იმედია, ხვალ ბრიუსელში ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არ იცვლება მთავარი რამ – საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ.
რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი ტრაგედიები იქნას თავიდან აცილებული – ჯერ ერთი, უკან დაბრუნდეს პოლიციის სპეცრაზმი, რომელიც ჩვენ დროს იდგა და ოკუპაციის ხაზზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, მეორე – გატარდეს იმ ჩრდილოვანი პოლიტიკის სქემების შეზღუდვა და მოკეტვა, რომელსაც მთელი ეს დრო საქართველოს გავლით რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს დაბოლოს, ძალიან მძლავრად უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ოკუპაციის თემებზე. ცალყბად და სანახევროდ, ეს საქმე არ გამოდის.
ჩვენ დროს, 2008 წლის შემოჭრის შემდეგ, რუსები არა მხოლოდ ვერ ახორციელებდნენ, არამედ ორ შემთხვევაში, უკან გადაწიეს ოკუპაციის ხაზი.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ მიიჩქმალება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში. ეს კი ნიშნავს, რომ რუსები სულ უფრო მეტად გავლენ თავს, როგორც ოკუპაციის ხაზებზე, ასევე ჩვენს ქალაქებში.
ახლა ჩვენს საზოგადოებას სჭირდება მობილიზაცია ამ ყველაფრის არდასაშვებად“, – წერს სააკაშვილი.