პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია საოკუპაციო ხაზთან მომხდარი მკვლელობის თაობაზე ხელისუფლებას მიმართავენ, პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ და ოკუპაციის შედეგების შესაჩერებლად კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობენ.
როგორც ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, “ზნეშეცვლილმა ხელისუფლებამ, მტრისგან დაიწყო მეგობრის გამოძერწვის მცდელობა და მოჩვენებითი მშვიდობის ილუზია შექმნა”.
დეპუტატები მოუწოდებენ ხელისუფლებას, წარმოადგინოს გეგმა, როგორ აპირებს პასუხისგებაში მისცეს კირბალში მომხდარი მკვლელობის ჩამდენი პირები, ასევე გააძლიეროს უსაფრთხოების ჩარჩო, “ქვეყანაში უკონტროლოდ შემომავალი რუსეთს მოქალაქეების გაკონტროლებისა და უკვე შემოსული რუსებისთვის კონტროლის გაძლიერების მიმართულებით”.
“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სასტიკად ჩაცხრილული საქართველოს მოქალაქე და გატაცებული მოქალაქეები, კიდევ ერთხელ აჩვენებს: რუსეთი ამ ქვეყნის ისტორიული მტერია, მტერთან მხოლოდ დათმობის პოლიტიკა კი, ეს არის მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკა, ანტიპრაგმატული პოლიტიკა. ოკუპაციის თარიღებით მანიპულირება კი არა, ხელისუფლების ვალდებულებაა იმოქმედოს დეოკუპაციისთვის!
დღეს არ გვაქვს დეოკუპაციის სტრატეგია, რაც გახარიამ დაიწყო და ამჟამინდელმა “ოცნებამ” ბოლოში არ გაიყვანა, არ გვაქვს უსაფრთხოების სტრატეგია, რაც უზრუნველყოფდა საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, არ ხორციელდება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის პრაქტიკული იმპლემენტაცია. ამ სიაში მყოფი გურწიევის, საოკუპაციო რეჟიმის ახალგორის პროკურორად დანიშვნის შემდეგ პოლიტიკური განცხადება ხელისუფლებისგან არც კი მოგვისმენია.. აღარ ვსაუბრობ რუსების ქვეყანაში ცეკვა-თამაშზე, ტაშით ფრენების აღდგენის მისალმებაზე და ნულოვან რეაგირებას ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის განთავსებაზე!
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, ოკუპაციის მძიმე შედეგების შესაჩერებლად და მომხდარ ტრაგედიაზე ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო შეფასებების ფორმულირებისა და პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ოკუპანტ სახელმწიფოზე; მიმართოს ძალისხმევა პასუხისმგებელი პირების გადმოცემა/დასჯაზე და გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლებაზე. წარმოადგინოს გეგმა, როგორ აპირებს პასუხისგებაში მისცეს ამ მკვლელობის ჩამდენი პირები!
ამ ქმედებას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯებიც. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამ გამოვლენილი მოჩვენებით მშვიდობის ფონზე, გააძლიეროს უსაფრთხოების ჩარჩო, პირველ რიგში, ქვეყანაში უკონტროლოდ შემომავალი რუსეთს მოქალაქეების გაკონტროლებისა და უკვე შემოსული რუსებისთვის კონტროლის გაძლიერების მიმართულებით. მივმართავთ ხელისუფლებას, მოახდინოს უვიზო რეჟიმის შეზღუდვა! და ამავდროულად, დაიწყოს საპარლამენტო განხილვები ჩვენი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონზე, ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთის გავლენების შემცირების შესახებ კანონპროექტის მიმართულებით.
მაშინ, როდესაც რეგიონში მიმდინარე პროცესების შედეგად, უკრაინის ოკუპაციის მცდელობის შედეგად, გაიხსნა დამატებითი შესაძლებლობები, საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ოკუპაციის პრობლემის ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ შეხსენების შესაძლებლობა, რომ 2014 წლამდე, უკრაინამდე იყო 2008 წლის აგვისტოც საქართველო…-
ზნეშეცვლილმა ხელისუფლებამ, მტრისგან დაიწყო მეგობრის გამოძერწვის მცდელობა, სტრატეგიულ მეგობრებს კი გაუხსნა ცეცხლი და ამით კიდევ უფრო უმწეო გახადა ჩვენი სახელმწიფო რუსეთის წინაშე. შექმნა მოჩვენებითი მშვიდობის ილუზია, იმის ნაცვლად, რომ მიეღწია მეტ შედეგებს გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიის – ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის გაძლიერების ნაცვლად.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და გადადგას ჩვენს მიერ შეთავაზებული ნაბიჯები!”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.