,,საქართველო არ აპირებს არცერთი მიმართულებით სწორ სვლას რაიმეს დათმობის საფასურად”- მდინარაძე

12
spot_img

საქართველო არ აპირებს არცერთი მიმართულებით სწორ სვლას რაიმეს დათმობის საფასურად. ასეთივე იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის მესიჯებიც, ასეთივე იყო შემხვედრი გზავნილებიც, რომელიც როგორც ევროკავშირისგან, ასევე ნატოს ლიდერებისგან მომდინარეობს, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესების ფარგლებში და არცერთი მიმართულებით სვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცები დავთმოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გაიფიქრებს, რომ დათმოს ტერიტორიული მთლიანობა, ევროკავშირისკენ სვლა, დათმოს წინსვლა და განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ეროვნული ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორიებზე ვიფიქროთ, ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც ვიფიქროთ, ევროპაზეც და მშვიდობაზეც ვიფიქროთ. მშვიდობა თუ დათმე, შეიძლება მეორე რაღაც უფრო სწრაფად მიიღო, მაგრამ ეს იქნება შენი მოქალაქეების სიცოცხლის, ქვეყნის განადგურების ხარჯზე. ასეთი არც რაიმე მიმართულებით სვლა უნდა ქვეყანას, არც მეორე მიმართულების ნაცვლად პირველი მიმართულებისკენ რაღაც სვლები. ეს ყველაფერი არის ურთულესი მისია და ჩვენ ამ სირთულეს დავძლევთ. სწორედ იმიტომ ვართ ჩვენ თავდაჯერებულები და ამაყები ამ გადაწყვეტილებებში, რომ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ამ ოთხ გზაზე ერთად იაროს. სირთულეც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მშვიდობასაც, ეკონომიკურ კეთილდღეობასაც, დეოკუპაციასაც და ევროპასაც ერთ გზაზე მიჰყვები და ეს ერთადერთი გზაა, რომელზეც ჩვენ ვდგავართ. სხვა გზებზე იარონ სხვებმა, მაგრამ ამის საშუალებას ქვეყანა და მისი ამომრჩეველი არ მისცემს“, – განაცხადა მდინარაძემ.