,, საქართველოს დღეს 30 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჰყავს შეფარებული”- მდინარაძე

16
spot_img

პრემიერ ირაკლი კობახიძის გუშინდელი შეხვედრების მსგავსად, დღევანდელი ერთობლივი პრესკონფერენცია ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მნიშვნელოვანი, ძლიერი და პოზიტიური გზავნილებით იყო სავსე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ბრიუსელში მთავრობის მეთაურის პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მესიჯებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მყარდება რწმენა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს დღეს 30 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჰყავს შეფარებული.

„ბუნებრივია, მადლობა უნდა ვუთხრათ ნატოს გენერალურ მდივანს, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან მან აღნიშნა იმის შესახებ, თუ რა კონტრიბუცია შეგვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ. საქართველოში, დღეს 30 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი არის. ჩვენ გავხსენით სკოლები, ბაღები უკრაინელი მოსწავლეებისთვის, ჩვენ უპრეცედენტო ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ მათ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა ის კონტრიბუციაც, რომელიც საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში აქვს შეტანილი. მისი თქმით, ქვეყანამ მსოფლიოში მშვიდობისა და ნატოსთან პარტნიორობისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღო.

„არცერთი ნატოს არაწევრი ქვეყანა არ არის ჩართული ისე ამ პროცესებში, როგორც საქართველო. სამწუხაროდ, ჩვენ ამასობაში რამდენიმე ათეული გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ადამიანი არის დაჭრილი, დასახიჩრებული და ეს არის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა გმირებმა გაიღეს მსოფლიოში მშვიდობისათვის და ნატოსთან პარტნიორობისათვის. ძალიან კარგია, რომ უმაღლესი ტრიბუნიდან ნატოს გენერალური მდივანი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, მკაფიო მესიჯებს უშვებს, აფასებს ამ ყველაფერს და, ბუნებრივია, ჩვენი დამოკიდებულებაც არის მეგობრული და შემხვედრი“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.