“რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს, კონფლიქტის მხარეებმა შეწყვიტონ სისხლისღვრა” – მარია ზახაროვა ყარაბაღზე

178
spot_img

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ბაქომ თავისი გეგმების შესახებ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი არ გაუფრთხილებია.

“რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს კონფლიქტის მხარეებისგან შეწყვიტონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზას “, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ვითომდა გააფრთხილა რუსი სამშვიდობოები ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ეს ცრუ ინფორმაცია. რუსულმა კონტინგენტმა აღნიშნული ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.