რატომ არ აწყობს ვიღაცებს, რომ დაფინანსება საქართველოში გამჭვირვალე იყოს? პრობლემა იქ თუ არის, ჩვენთან რატომ – არა?! როგორც ჩანს, დონორ ორგანიზაციებს და არა ქვეყნებს, უჩნდებათ შიში, რომ მათ მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებთან ერთად გაიშიფრება შავი ფულის სხვადასხვა გზა, წყაროც და მიზნობრიობაც, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, ვიღაცებს ანტიევროპულებად მიაჩნიათ, როდესაც თანაბრად ესაუბრებიან დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს სხვადასხვა საკითხებზე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მათ მოსწონთ დასავლეთის გვერდით დგომა და პარტნიორული დამოკიდებულება.
„ჩვენ არ გვინდა წითელი ხაზები გადავკვეთოთ. ჩვენ ვეკამათებით, ვბედავთ – როგორც იქნა, ეს ქვეყანა ბედავს, რომ მეგობრებს, პარტნიორებს ეკამათება, მიუხედავად იმისა, რა ზომისა და გავლენის არ უნდა იყოს ეს ქვეყანა თუ მეგობარი. ეს ძალიან კარგია. ეს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ხარისხს წევს მაღლა, ეროვნულ თავმოყვარეობას წევს მაღლა – ეს არის ძალიან კარგი. ვიღაცებს ეს ანტიევროპულებად მიაჩნიათ – რას ჰქვია, თანაბრად ესაუბრები შენ ევროპელს, ამერიკელს, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი. ეს არის მოყვარეს პირში უძრახე. თუკი რამე არ მოგვწონს, უნდა გავბედოთ და ვუთხრათ – ჩვენ ეს არ მოგვწონს. ჩვენ მოგვწონს მათი გვერდით დგომა. ჩვენ მოგვწონს მათი პარტნიორული დამოკიდებულება. ჩვენი სამხედროები რომ იბრძვიან მათთან ერთად, სხვადასხვა ადგილას მშვიდობისთვის, ეს ჩვენი მორალური ვალდებულება იყო, ამას ვასრულებდით ყოველთვის და ეს ყველაფერი გრძელდება. 30-ზე მეტი სამხედრო დავკარგეთ. მისიებში, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ჩვენდენი კონტრიბუცია არავის გაუკეთებია.
მოგვწონს მათი მხრიდან მხრიდან გრანტები, რომელიც ძალიან კარგ საქმეებს ხმარდება, მაგრამ არ მოგვწონს ის დამოკიდებულება, რომ რაც მათთან მუშაობს ან ინიცირებულია, იმაზე ვიღაცამ თითი დაგვიქნიოს, რომ ეს არ გააკეთოთ. ეს არ მოგვწონს. ანუ, არის რაღაცები რაც მოგვწონს და არის რაღაცები, რაც არ მოგვწონს. ვბედავთ ამაზე საუბარს და როგორ ბედავთ, ეს ანტიევროპულიაო. სიმართლის თქმის გაბედვა ანტიევროპული არ არის. გამჭვირვალობა არ არის ანტიევროპული.
რატომ არ აწყობს ვიღაცებს, რომ დაფინანსება გამჭვირვალე იყოს? პრობლემა იქ თუ არის, ჩვენთან რატომ – არა?! როგორც ჩანს, დონორ ორგანიზაციებს და არა ქვეყნებს, უჩნდებათ შიში, რომ მათ მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებთან ერთად გაიშიფრება შავი ფულის სხვადასხვა გზა, წყაროც და მიზნობრიობაც“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დონორებს აშინებთ, რომ შავი ფულის დაფინანსების გზები გაიშიფრება. თუ ასე არ არის, მაშინ ორგანიზაციებმა უნდა თქვან, რა არ არის კარგი გამჭვირვალობის შესახებ კანონში და მათ რა აშინებთ.