აშშ-ის ელჩმა გუშინ თქვა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არ არის ამერიკული, მართალიც თქვა, რადგან ეს არის გაცილებით ლოიალური, არამკაცრი ვერსია -მდინარაძე

21
spot_img

აშშ-ის ელჩმა გაგვაკრიტიკა გუშინ და თქვა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არ არის ამერიკული, მართალიც თქვა, ეს არის გაცილებით ლოიალური, არამკაცრი ვერსია, სადაც ვალდებულება მხოლოდ დარეგისტრირებაში და დეკლარაციის შევსებაშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი კანონმდებლობა ევროკავშირშია დაინიცირებული, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირთან.

„ერთი წელი მოვუნდით იმას, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სიტყვა რუსული ამოვარდნილიყო. არ ვლაპარაკობ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე, ლობიზმში. ახლა არის თურმე შეუსაბამო ევროკავშირთან ეს კანონი, რომლის მსგავსი კანონმდებლობა და კიდევ უფრო მკაცრი, ევროკავშირშია დაინიცირებული ევროკომისიის დირექტივის სახით. ასევე, გაცილებით მკაცრი კანონი ქვედა პალატამ უკვე მიიღო საფრანგეთში და მოქმედებს აშშ-ში, სხვა ქვეყნებში, დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში. მათ შორის ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ აშშ-ის მოქმედი ელჩის მიმართ, მისი განწყობა, დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის და ამის არ აღნიშვნა არ შეიძლება, თუმცა, გაგვაკრიტიკა გუშინ და მან თქვა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი და მართალიც თქვა. შარშან ორი კანონიდან ერთი პირდაპირი თარგმანი იყო, რასაც რუსული დაარქვეს და ეს არის გაცილებით ლოიალური, არამკაცრი ვერსია, სადაც ვალდებულება მხოლოდ დარეგისტრირებაში და დეკლარაციის შევსებაშია. მეტი ვალდებულება არ არსებობს“,- აღნიშნა მდინარაძემ.