რეჟიმს ჩემი ხმის ეშინია! – თქვენივე ინტერესებშია ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკება , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, უკვე მეორედ მისი ხმა ჩაახშეს და „ჩამხშობებს“ მიმართა, რომ მაინც მოუწევთ, მისცენ შესაძლებლობა, რომ ხალხს ესაუბროს.
„საბჭოთა კავშირში ასე ახშობდნენ “ამერიკის ხმას” და “რადიო თავისუფლებას”, რათა ხალხს სიმართლე არ გაეგო!
უკვე მეორეჯერ ჩემი ხმა ჩაახშეს ამ ხნის მანძილზე. 2023 წელს თურმე ვერ ახერხებენ ტექნიკურად ჩემი ხმის გადაცემას. ავსტრალიაში დარეკვა პრობლემა არაა და ორიოდ კილომეტრზე თურმე მკვეთრად ძნელდება. სინამდვილეში, რეჟიმს ეშინია ჩემი ხმის!
მინდა მივმართო ჩამხშობებს: მსოფლიოში სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება და რაც არ უნდა დამმალოთ, ჩამახშოთ, მაინც მოგიხდებათ ჩემთვის შესაძლებლობის მოცემა იმისთვის, რომ ვესაუბრო ჩემს ხალხს და გესაუბროთ თქვენც.
თქვენივე ინტერესებშია ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკება, ვინაიდან, ბევრისგან განსხვავებით, მე სიტუაციას სახელმწიფოებრივად ვუდგები, რაც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ შურისძიებას, ახლა განსაკუთრებით, როცა ოჩამჩირის ბაზაზე ხელშეკრულების მოწერის ფონზე საქართველო შეიძლება ძალიან სწრაფად აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების ფონზე, რომელთაც ჩვენ რაღაც სახის შერიგებისა და ერთიანობის გარეშე ვერ გავუმკლავდებით.
გუშინდელი საქციელი კი თქვენი უკიდურესი სისუსტის გამოვლინება იყო. ხალხი ყველაფერს გრძნობს და ხედავს,“ – წერს სააკაშვილი.