“ორბანს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ივანიშვილის რეჟიმის მასთან სიახლოვე ნიშანდობლივია”

150
spot_img

ორბანს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ივანიშვილის რეჟიმის მასთან სიახლოვე ნიშანდობლივია , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ნიშანდობლივია, რომ ევროპულ სივრცეში ისინი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ღია სიმპათიებს გამოხატავენ და ყველა შემთხვევაში, მისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას ითხოვენ, მხოლოდ ირლანდიის პარლამენტში მყოფი პუტინისტები და ორბანი არიან“.

„ამ პოზიციაზე არიან ირლანდიის პარლამენტში მყოფი მემარცხენე ექსტრემისტი პუტინისტები, რომლებიც ანტიდასავლური, უკრაინის საწინააღმდეგო პოზიციით გამოირჩევიან და ორბანი, რომელიც ბოლო წლებში, ასევე, პუტინის რუსეთთან დაახლოებული პოზიციებით გამოირჩევა, მათ შორის, ნატოს გაფართოებაზე.

სამწუხაროდ, მას ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ასეთი ხალხი საქმეს რომ იჭერს ამ რეჟიმთან, ეგეც ნიშანდობლივია. მეორე, ასევე, მნიშვნელოვანი ამბავია, თუნდაც ასეთ ხალხთან შეხვედრისას, რა არის ამ რეჟიმის გზავნილი, იმის ნაცვლად, რომ ასეთ შეხვედრას ნატოში გაწევრიანების ლობირებისთვისა და რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამკაცრებისთვის იყენებდეს, უბრალოდ ერთ ხმაში უყვავებენ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.