რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

36
spot_img

ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია.

რელიგიის სააგენტო მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას.

„სააგენტო გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად იქნება დარეგულირებული. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ.

სააგენტო მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონალური კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში.სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 8 მარტს, ადიგენში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და მუსლიმი მოსახლეობა პარასკეობით ლოცულობს ხოლმე, დაპირისპირება მოხდა. ადგილზე პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.