„დარიალის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე გაჩერებულ უკრაინის მოქალაქეებზე დავით ქართველიშვილი ეხმიანება

100
spot_img

„დარიალის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე გაჩერებულ უკრაინის მოქალაქეებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ რუსეთიდან სხვადასხვა მძიმე მუხლებით მსჯავრდადებული დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ელოდებიან მათი იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტებს საკონსულოდან. საკონსულო კი ქართველიშვილის თქმით, უკვე მერამდენე თვეა ვერ (თუ არ?) ახერხებს ინფორმაციის მოძიებას.

„საკუთარი „საელჩოს” მძევალ ამ უკრაინელებს არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ ქართველი მესაზღვრეების მიმართ, პირიქით, მხოლოდ მადლიერების გრძნობა. რუსეთმა მოახდინა წარსულში სხვადასხვა მძიმე მუხლებით მსჯავრდადებული უკრაინის ამ რამდენიმე მოქალაქის საქართველოში (რატომღაც?) დეპორტირება. მათ არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ქართული მხარე იძულებულია ამყოფოს ისინი „დარიალის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დროებითი მოთავსების ნახევრად სარდაფის ტიპის ნაგებობაში. მესაზღვრეებმა გადასცეს მათ საპირფარეშოს გასაღები, რომლითაც მხოლოდ უკრაინელები სარგებლობენ, თუმცა შხაპი მანდ არ არსებობს. არ არის არც მაღაზიები, რის გამო მათ სურსათის ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და იკვებებიან თბილისიდან ქართველი ვოლონტიორების მიერ ჩატანილი საჭმლით. ყოველდღიურად, მესაზღვრეების ბადრაგირებით, ახერხებენ სუფთა ჰაერზე სეირნობას. ქართველებს მხოლოდ მადლობას უხდიან, საკუთარი ქვეყნის საელჩოს საკონსულო სამსახურისაგან განსხვავებით.

ამ უბედური თანამემამულეების იდენტიფიცირებას, საკონსულო უკვე მერამდენე თვეა ვერ (თუ არ?) ახერხებს. როგორც ჩანს, მას აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს შესასრულებელი – ალბათ იმავე საზღვარზე „შავი ხვრელების” ძებნით არის დაკავებული. ხოლო ამ “შავ ხვრელებში” საკუთარ გაჩხერილ მოქალაქეებს გაუგებარი პრინციპულობით არ იმჩნევენ. ჰო…ნუ ცდილობთ ამ თემის გაშუქების ძიებას „ოფშორმედიებში” ან უკრაინის საელჩოსთან ნაცსექტის საპროტესტო აქციებში. ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში იქ არარსებულ შავ კატას…” – წერს დავით ქართველიშვილი.