ირლანდიელებმა „ოჯახის მნიშვნელობისა“ და „ქალის როლის“ შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

28
spot_img

ირლანდიის ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკარის ინიციატივით, კონსტიტუციაში ცვლილებების განსახორციელებლად ორი რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. როგორც Sky News წერს, ცვლილებები შეეხებოდა „ოჯახის მნიშვნელობას“ და „ოჯახში ქალების როლს“.

როგორც ლეო ვარადკარი აცხადებდა, კონსტიტუციიდან „ძალიან მოძველებული ფორმულირებების“ ამოღება სურდა.

კერძოდ, ცვლილება შეეხებოდა შესწორებას, რომლის მიხედვითაც, უნდა გაფართოებულიყო სიტყვა „ოჯახის“ მნიშვნელობა და ქორწინების გარდა, მოეცვა „გრძელვადიანი ურთიერთობების საფუძველზე არსებული მყარი კავშირი“. Sky News-ის ცნობით, კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის წინააღმდეგ რეფერენდუმის მონაწილეთა 67,7% წავიდა.

ამასთან, საღამოს 21:30 საათისთვის 73,9%-ს შეადგენდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს ცვლილების წინააღმდეგ, რომელიც კონსტიტუციიდან ისეთი ფორმულირებების ამოღებას ითვალისწინებდა, რომლებიც განსაზღვრავს ქალებისა და დედების მთავარ როლს „ოჯახზე მზრუნველობის“ მიმართულებით. ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომელიც აღიარებდა „ზოგადად, ოჯახის წევრების მნიშვნელობას“ მათი სქესის განსაზღვრის გარეშე.

მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ირლანდიის ხელისუფლებამ ჩაატარა კამპანია, რომლის ფარგლებშიც აცხადებდა, რომ აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთ მიზანს სექსისტური ენის აღმოფხვრა წარმოადგენდა.

მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის შედეგები გახდა ცნობილი, ირლანდიის პრემიერმა ოფიციალური განცხადებით აღიარა მარცხი.

„ჩვენი ვალდებულება იყო, ხალხის უმრავლესობა დაგვერწმუნებინა, რომ ცვლილებების სასარგებლოდ მიეცათ ხმა, თუმცა, ეს აშკარად ვერ შევძელით“, – აღნიშნა ლეო ვარადკარმა.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე კენჭისყრა პარასკევს, 8 მარტს გაიმართა. მედიის ცნობით, მოსახლეობის აქტივობამ მხოლოდ 44,36% შეადგინა.