რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე – ოპოზიცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების საკითხში უმრავლესობისა და ოპოზიციის თანამშრომლობა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მიუხედავად იმისა, ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილი, რომ „ქართული ოცნება“ რამეს გაითვალისწინებს. მთავარია, რას გვეუბნება ჩვენი საზოგადოება ჩვენ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად 9 პრიორიტეტზე იმუშაოს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანა პროგრესზე მუშაობას იქამდე განაგრძობს, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში ჩართვას არ აპირებს.