რატომ გეგმავდა თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას – „იმედის კვირის“ ექსკლუზივი

602
spot_img

ტყიბული. მეშახტეთა ქალაქი. ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო აქ ქვანახშირს მოპოვებაა. პირველი საბადო ტყიბულში 1825 წელს აღმოაჩინეს, ხოლო მისი ექსპლუატაცია 1846 წელს დაიწყო. ტყიბულში წიაღისეულს ახლა ორ შახტში მოიპოვებენ, თუმცა მეშახტეთა ქალაქში „იმედის კვირის“ ჩასვლის მიზეზი დაკონსერვებული შახტია, სადაც აფეთქება იგეგმებოდა. ისტორია 2017 წლის ნოემბრიდან იწყება, როდესაც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე, ვენაში კონფერენციაზე იმყოფებოდა. ამერიკელმა კოლეგებმა მას კვლევების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ექსპერიმენტული აფეთქებების იდეა შესთავაზეს. განიხილეს რამდენიმე ვარიანტი და შეირჩა 2 ლოკაცია, დახურული გვირაბები ძამას ხეობაში ან დაკონსერვებული შახტი ტყიბულში.

სამეცნიერო კვლევითი ექსპერიმენტის ინიციატორი ამერიკელი მკვლევარი, მიჩიგანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კევინ მაკკეი იყო, რომლის კვლევების ერთ-ერთ სფეროს პოსტსაბჭო სივრცის სეისმოლოგია და ტექტონიკა წარმოადგეს. ამ დროისთვის მას თეა გოდოლაძესთან ერთად უკვე განხორციელებული ჰქონდა რამდენიმე კვლევა, მათ შორის დიდი კავკასიონის დანაოჭებისა და აგებულების კვლევა სეისმური მეთოდები ამერიკის საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის დაფინანსებით.

წყარო „იმედის კვირას“ უყვება, რომ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტზე ნებართვის მოსაპოვებლად თეა გოდოლაძემ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს რამდენიმე უწყებასთან კონსულტაციები 2018 წლის აპრილში დაიწყო. ექსპერიმენტის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა ყოფილიყო ტყიბულის რომელიმე დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქება და აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლა. წინასწარი გათვლებით, ეს ბიძგები 3.5 მაგტუდის მიწისძვრის ეკვივალენტი იქნებოდა და მხოლოდ 1 კილომეტრის რადიუსში იქნებოდა საგრძნობი.

წყარო ამბობს, რომ თეა გოდოლაძე, ამერიკელ პარტნიორებთან, კევინ მაკკეისთან, სამთო გვირაბების ამერიკელ ინჟინერ კრისტოფერ ბრედსთან და ასევე ამერიკის საელჩოს თანამშრომლებთან ჩარლ სიტენთან და მაია მიქაძესთან ერთად 2018 წელს შეხვდა ეკონომიკის მინისტრის ორ მოადგილეს და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელს შალვა ხუციშვილს. თეა გოდოლაძე „იმედის კვირასთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ასეთ ექსპერიმენტს ნამდვილად გეგმავდა, თუმცა მისი განხორციელებაზე თანხმობა ვერ მიიღო, არადა წყაროს ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო უწყებების გარდა ამ ექსპერიმენტისადმი ნეგატიური იყო საქართველოში ამერიკის საელჩოს დამოკიდებულებაც. დიპლომატიურ უწყებაში ფიქრობდნენ, რომ ამას უარყოფითი რეზონანსი მოჰყვებოდა მედიაშიც, სოციალურ ქსელებშიც, არასამთავრობო სექტორშიც და გასათვალისწინებელი იყო რუსული ფაქტორიც. საელჩოს პოზიცია იყო, რომ რუსეთი ამას გამოიყენებდა საქართველოს და ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ საელჩოც და სახელმწიფო დეპარტამენტიც ემიჯნებოდნენ ექსპერიმენტს.

თეა გოდოლაძე ირწმუნება, რომ ეს სამეცნიერო ექსპერიმენტი აბსოლუტურად უსაფრთხო იქნებოდა. უარყოფს, რომ ამისთვის 500 ტონა ტროტილის გამოყენებას გეგმავდნენ, მაგრამ არც ოდენობას აზუსტებს. სამეცნიერო ექსპერიმენტის თაობაზე თეა გოდოლაძის და მისი უცხოელი პარტნიორების შეხვედრები დროში ემთხვევა პერიოდს, როდესაც ტყიბულში სამთო დარტყმები დაფიქსირდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

„ჩანაწერიდან ვერ გეტყვით რომ სამთოდარტყმა იყო. იმ კონკრეტულ მომენტში იყო ჩამოქცევა ქანების“
თეა გოდოლაძის ეს ინტერვიუ 2018 წლის 5 აპრილით თარიღდება და აქ ის ტყიბულში მომხდარის შემდეგ სისტემის მონიტორინგის აუცილებლობაზე საუბრობდა. ამ პერიოდში ამერიკული მხარე საქართველოში აფინანსებდა პროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 52 სეისმური მონიტორინგის სადგურის განთავსებას ითვალისწინებდა და როგორც წყარო გვიყვება, თეა გოდოლაძის და კევინ მაკკეის მოთხოვნა იყო, რომ მათ სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება სწორედ ამ ერთწლიან პერიოდში მოესწროთ.

თუ თეა გოდოლაძეს დავუჯერებთ დიდი რაოდენობით ტროტილის აფეთქების შედეგად არაფერი მოხდებოდა. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ თუ პროექტი განხორციელდებოდა შედეგი ლეტალური იქნებოდა მითუმეტეს იმ ფონზე, როცა შახტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დასახლებული ტერიტორიაა.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სამეცნიერო ექსპერიმენტზე თანხმობას გასცემდა და ტყიბულის დახურულ შახტში ერთი, ან ორი ექსპერიმენტული აფეთქება განხორციელდებოდა? წყაროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან უარის შემდეგ, თეა გოდოლაძემ და მისმა ამერიკელმა პარტნიორებმა ექსპერიმენტის ჩატარება სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შესთავაზეს, უარის შემდეგ კი იგივე ყაზახეთთან სცადეს.