,, ევროკავშირი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გაზრდის”- ჯოზეფ ბორელი

173
spot_img

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით აშშ-ის საბიუჯეტო საკითხების მოგვარებას არ დაელოდება და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გაზრდის. ამის შესახებ UNIAN წერს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არა მხოლოდ გრძელდება, არამედ იზრდება. ჩვენ დავინახავთ რა მოხდება შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჩვენი მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და გავზრდით მას”, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ წევრი ქვეყნები შესაბამის გადაწყვეტილებებს 2023 წლის ბოლომდე მიიღებენ.

ამასთან, მედიის ცნობით, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირისგან არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ომი მომდევნო დღეებში ან კვირებში და განაცხადა, რომ ის ყველაფრის მიუხედავად გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ 20 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ სხვადასხვა წინადადებას განიხილავს.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი კიევში 1-ელ ოქტომბერს ჩავიდა. მან პრესკონფერენციაზე საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის უახლოესი გადაწყვეტილებების შესახებაც ისაუბრა, სადაც უკრაინის დახმარებაზე თანხმობის მიღება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. 1-ელ ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დაფინანსების გაგრძელების შესახებ კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელშიც უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის.

პრეზიდენტ ბაიდენის მოსმენის შემდეგ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვა, ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.