რატომ გამოიყო ციურიხის სასაფლაოზე ცალკე ადგილი ლგბტ თემისთვის? ( ვიდეო)

68
spot_img

სილფელდის სასაფლაოზე შესვლისას, ხეებით შემოსაზღვრულ ბულვარში მოხვდებით. აქ მხოლოდ ტოტების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. უცებ ივიწყებ, რომ ციურიხის, – შვეიცარიის უდიდესი, ხმაურიანი ქალაქის, – ცენტრში იმყოფები.

ქალაქის ყველაზე დიდი საზოგადოებრივი სასაფლაოს პატარა კუთხეში, რომლის ფართობი 280 ათასი კვადრატული მეტრია, ლგბტქ თემის წევრებისთვის ცალკე სექცია გამოიყო. პროექტის მხარდამჭერები ამას ლგბტქ-ს ცნობადობის ამაღლების გამოხატულებად მიიჩნევენ და არა სეგრეგაციის აქტად.

პროექტი „ცისარტყელური დასვენება“ (Rainbow Rest) თებერვალში რამდენიმე ორგანიზაციამ წამოიწყო. მათი მიზანი იყო, ლგბტქ თემის წევრებისთვის საბოლოო განსასვენებელი ადგილის გამოყოფისთვის მიეღწიათ.

პირველი შვეიცარიაში

ლგბტქ ადამიანების სასაფლაო სილფელდში პირველია შვეიცარიაში.

ლგბტქ პირების სასაფლაოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ციურიხი არ არის ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, სადაც ლგბტქ პირებისთვის ცალკე სასაფლაო არსებობს.

სამარხები ლგბტქ ადამიანებისთვის ვაშინგტონში, კონგრესის სასაფლაოზეც არსებობს. 1988 წელს აქ გაიხსნა ჰომოსექსუალების სასაფლაო, სადაც ვიეტნამის ომის ვეტერანი, ლეონარდ მატლოვიჩი დაკრძალეს, რომელმაც პირველმა განაცხადა საჯაროდ, რომ გეი იყო. 1980-იან და 1990-იან წლებში, როდესაც შიდსის კრიზისმა ლგბტქ საზოგადოება მოიცვა, კონგრესის სასაფლაო ერთ-ერთი იშვიათი ადგილი იყო ამერიკაში, სადაც შიდსით გარდაცვლილებს მარხავდნენ.

ამერიკული ლესბოსური ჟურნალი GO Magazine 2008 წელს იტყობინებოდა, რომ კოპენჰაგენში დანიელი ჰომოსექსუალების სასაფლაო გაიხსნა. ჟურნალის ცნობით, ორგანიზაცია Rainbow-მ იქ 36 ურნის ადგილი დაჯავშნა.

2014 წელს, ბერლინში, Georgen-Parochial Cemetery I-ის სასაფლაოზე, გერმანიაში ლესბოსელთა პირველი სამარხი გაიხსნა. გამოყოფილი ტერიტორია 80 ურნასა და საფლავზე იყო გათვლილი.

იაპონიაში ზოგიერთ სასაფლაოზე ადგილებს სთავაზობენ ლგბტქ პირებს, ვისაც სურს, რომ ერთად დაიკრძლონ.

შვეიცარიაში ერთსქესიან წყვილებს უკვე შეუძლიათ, რომ ოჯახურ საფლავში ერთად განისვენონ. მაგალითად, ცნობილი ციურიხელი პოლიტიკოსი, ემილია ლიბერჰერი (1924-2011), რომელიც ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა, თავისივე სქესის მეუღლესთან, მინის გვერდით დაკრძალეს. ემილია და მინი 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად.

Familiengrab

ემილია ლიბერჰერი და მისი ცხოვრების თანამგზავნი მინი სილფელდის სასაფლაოზე ერთად განისვენებენ © კეისტონი/ვალტერ ბიერი

„თუმცა, ჯერ კიდევ იშვიათია შემთხვევები, როდესაც საოჯახო საფლავის ქვებზე ორი ქალის ან ორი მამაკაცის სახელია ამოტვიფრული“, – ამბობს Rainbow Peace სამუშაო ჯგუფის წევრი, ბეტინა ბურკჰარდტი. ის, ამავე დროს, შვეიცარიული ლესბოსური ორგანიზაციის წარმომადგენელია და „ბეიბი-ბუმერის“ თაობას ეკუთვნის.

„ჩვენი და ჩვენამდე თაობები ძალიან კონსერვატიულ გარემოში გაიზარდნენ, სადაც ჰომოსექსუალობა ტაბუდადებული იყო, – ამბობს ის, – ბევრი მათგანი საკუთარი ოჯახებისთვის კი მიუღებელი იყო და საზოგადოებამ ისინი განდევნა, განკვეთა“.

ქვიარ ადამიანები ქვიარ საზოგადოებაზე არიან დამოკიდებულნი,- დასძენს ბურკჰარდტი. „ერთად ვბერდებით და წინა პლანზე სხვა საკითხები გადმოდის – აცხადებს ის, – სიკვდილი ახლოვდება და უკვე მოგვიწია ახლო მეგობრებთან გამომშვიდობება. ბევრმა იგრძნო, რომ საჭიროა ადგილი, სადაც ერთად იგლოვობენ საყვარელ ადამიანებს. გინდა განისვენო ისე, როგორც ცხოვრობდი“.

ყველასთვის ღიაა

ციურიხში უკვე არსებობს სხვადასხვა „თემატური“ სამარხი ადგილი. მაგალითად, არის სასაფლაო მათთვის, ვისაც სურს თავის შინაურ ცხოველებთან ერთად დაიკრძალოს. ასევე არსებობს ე.წ „რებსტოკ“ სამარხი, რომელიც განთავსებულია ტერასიან ადგილას და წნელის ღობეებით და არყის ხეებით არის შემოსაზღვრული. იქვე, გვერდით არის ლგბტქ წევრების სამარხებიც.

ეს სასაფლაო მხოლოდ ლგბტქ ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი. კანტონის შესაბამისი განკარგულების თანახმად, მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ, სპეციალური სამარხი ადგილი რელიგიური თემის წევრებისთვისაც გამოყონ. თუმცა, სხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის სპეციალური სამარხი სექციის დაჯავშნა გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ „უსაფრთხო სივრცე“ ჰომოსექსუალებისთვის. ამასთან, ნებისმიერს შეუძლია აქ საფლავის დაქირავება. ჩვენ ყველასთვის ღია ვართ“, – ამბობს ბურკჰარდტი.

ჯერჯერობით, სასაფლაო „ცისარტყელა“დაახლოებით 30 ნაკვეთს გვთავაზობს, მაგრამ რაოდენობის გაზრდა 100-მდეც შეიძლება.

LGBT Grab

ქვის ფილის ქვეშ ურნის ადგილია. ხის მემორიალებზე დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული. კაორუ უდა

სეგრეგაციის აქტი თუ ლგბტქ ცნობადობის დამკვიდრების საშუალობა?

ინფორმაცია პროექტ „Rainbow Rest“-ს შესახებ რამდენიმე შვეიცარიულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. ზოგიერთი მიმომხილველის რეაქცია ძალიან კრიტიკული იყო. მათ მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ სასაფლაო პოლიტიკურ პრობლემების გადაჭრის ადგილი არ არის. ითქვა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალური მიმღებლობისკენ მიისწრაფოდნენ, ახლა საზოგადოებისგან განცალკევებას ცდილობენ.

ბურკჰარდტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლგბტქ ცხოვრების წესი სიკვდილის შემდეგაც თვალშისაცემი იყოს. „სასაფლაოები საზოგადოების ანარეკლია. მნიშვნელოვან სფეროებში ჩვენი ბოლოდრინდელი წინსვლა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამბობს ის, – თანაბარი უფლებები არ ნიშნავს თანაბარ აღიარებას. საზოგადოებაში კომფორტულად ნამდვილად მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ თავს, როცა სასაფლაოს პროექტის გამო სიძულვილი და კრიტიკა აღარ დაგვემუქრება“.

სასაფლაო „ცისარტყელა სილფელდში“ პროექტ „Rainbow Peace“-ს მხოლოდ ნაწილია. პროექტის ინიციატორებს, სამომავლოდ, ასევე სურთ თავიანთ გვერდზე გამოაქვეყნონ გარდაცვლილი ჰომოსექსუალების ბიოგრაფიები და განსასვენებელი ადგილების მდებარეობა. ისინი ასევე გეგმავენ მემორიალური ღონისძიებების ორგანიზებასა და დაკრძალვის სერვისების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამ მიზნით სპეციალური ფონდიც კი შეიქმნა.

სასაფლაო სექტემბერში იხსნება. ადგილების დაჯავშნა ადმინისტრაციამ ივლისში დაიწყო. დაკრძალვის ღირებულებაა 2000 შვეიცარიული ფრანკი (2300 აშშ დოლარი) ან 2450 შვეიცარიული ფრანკი – ციურიხის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ საფასურის სანაცვლოდ, ადმინისტრაცია საფლავების მოვლაზე 20 წლის განმავლობაში იზრუნებს.

სასაფლაოს ადმინისტრაცია ასევე იზრუნებს, რომ ლგბტქ პირთა განსასვენებელი რაც შეიძლება ნათელ ფერებში მოეწყოს, რათა ეს ადგილი ცისარტყელას, – საზოგადოების მრავალფეროვნების სიმბოლოს, – დაემსგავსოს.