,,სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გაილაშქრა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”- სუბარი

22
spot_img

სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, მორიგ ჯერზე გაილაშქრა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ კონსტიტუციის დარღვევა, თან იმ ადამიანის მიერ, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, არის ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას კვლავ დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს და საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრით, საფუძველს უქმნის იმას, რომ 2024 წელს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„საქართველოში პრორუსულ ძალებს არ აქვთ მხარდაჭერა. საქართველოს მოსახლეობა აცრილია რუსულ პროპაგანდაზე, ის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ პროპაგანდას მხარდაჭერა არ აქვს და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, – აცხადებს სუბარი.

ის ასევე გამოეხმაურა იმ კითხვის ნიშნებს, რომლებიც პრეზიდენტის განცხადებებში მთავრობის პროევროპული კურსის მიმართ ისმის.

„რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულობას, პროევროპულობას თუ პროქართულობას – საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანას აქვს ისეთი დონის სუვერენიტეტი, როგორიც არასოდეს ჰქონია. ამ სუვერენიტეტის განმტკიცება არის უმთავრესი მიზანი. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დაბრუნდა პოლიტიკაში, განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროკავშირში გაწევრიანება და ამის ბოლო ვადად 2030 წელი დაითქვა. ხოლო ამ ამოცანების დასახვამდე, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა სუბარმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეცდომა იყო.