მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა, ვიდრე არახამია იტყოდა, ორი წელია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ -პაატა მანჯგალაძე

38
spot_img

მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ საკითხად სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ასახელებს.

„ამ სამი საკითხიდან ჩვენთვის, საქართველოს მომავლისთვის, ქვეყნის ინტერესებისა და თანხმობისთვის საინტერესო არის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. ამ ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება სამართლიანი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა დავით არახამიას ულტიმატუმს, მანჯგალაძემ აღნიშნა:

„რა ულტიმატუმს, ვიდრე არახამია იტყოდა ამას, ორი წელია, მაგაზე ვსაუბრობთ. რა შუაშია არახამია. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა.  „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.