Home Blog Page 2290

„ვაგნერის“ მეთაურებს შეხვედრაზე დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ” – პუტინი

კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!” – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული. მისი განმარტებით, რუსეთში არ არსებობს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ „ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“.

„[ვაგნერის] ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სათათბიროში, მთავრობაში. ეს არ არის ადვილი საკითხი“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვედრაზე დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის მათი უშუალო მეთაურის ხელმძღვანელობით, სახმისით „სედოი“ (ჭაღარა), რომლის ხელმძღვანელობითაც „ვაგნერის“ მებრძოლები ბოლო 16 თვის განმავლობაში მსახურობდნენ.

„ყველა მათგანს შეეძლო ერთ ადგილზე შეკრება და სამხედრო სამსახურის გაგრძელება და მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. ბევრმა თავი დააქნია, როცა ამას ვამბობდი და პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს არ დაუნახავს, მოსმენის შემდეგ თქვა: ”არა, ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პუტინმა.

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის – ომის 506-ე დღე

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟთან მიახლოებისას სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდსხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს სამი უპილოტო საფრენი აპარატი. მსხვერპლი და დაზიანებები არ ყოფილა“, – წერს გუსევი „ტელეგრამ“ არხზე.

ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

„ღამით ქალაქ კურჩატოვში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივი დაზიანდა. არავინ დაშავებულა“, – წერს რომან სტაროვოიტი „ტელეგრამ“ არხზე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო.

”ამ დროისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში”, – განაცხადა გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა.

ამასთან, ამერიკელ გენერალს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიღებული კასეტური საბრძოლო მასალა.

შეგახსენებთ, მანამდე, ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიას“ მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუყენებია. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ რთული გადაწყვეტილება მიიღო და კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

“კასეტური საბრძოლო მასალა რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს” – პენტაგონის წარმომადგენელი

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია. როგორც „სიენენი“ წერს, აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, დუგლას სიმსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინაშია“, – აღნიშნა დუგლას სიმსმა.

მისი თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, აღნიშნული იარაღის მშვიდობიან მოსახლეობასთან სიახლოვეს გამოყენების ინტერესი არ აქვს.

„რუსებმა გამოიყენეს ეს იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამოქალაქო თემებში, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც უკრაინელები აპირებენ. ისინი გეგმავენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ტაქტიკურ გარემოში, რუსების წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა.

“ცხელი ბრძოლები მიდის ზაპოროჟიეს მონაკვეთზე” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“პრეზიდენტმა ბაიდენმა ფინეთში დაასრულა თავისი ტურნე. იქაც პრესკონფერენციის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია და მხოლოდ დროის ამბავია. “ვერავინ მიიღებს ალიანსში ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, მაგრამ საკითხი არ დგას მივიღებთ თუ არა, არამედ როდის მივიღებთ უკრაინას ნატოში”! რაც შეეხება ომის ხანგრძლივობა, ის დარწმუნებულია რომ ომი დიდხანს არ გაგრძელდება, ვინაიდან პუტინი ვეღარ ქაჩავს ვერც ფინანსურად და ეკონომიკურად და ვეღარც კონტროლი აქვს სრული ქვეყნის შიგნით. “პუტინმა უკვე წააგო ომი. მან აღარ იცის რა ქნას, იმიტომ რომ ვერავითარ შედეგს ვერ აღწევს”. მან ასევე გააკეთა ტკბილ მწარე კომენტარი პრიგოჟინის მისამართით. “მე მის ადგილას დიდ ყურადღებას მივიქცევდი მენიუს და ფრთხილად ვიქნებოდი ჭამისას”.

პრიგოჟინის ვაგნერმა პრაქტიკულად მთელი თავისი შეიარაღება გადასცა თავდაცვას; გუშინ უკან ბრუნდებოდნენ მინსკიდან მოსკოვში ვაგნერელები. პრიგოჟინმა სერიოზული პანდორას ყუთი გახსნა ურდოსიაში. ალაპარაკებულ გადაყენებულ გენერალ პოპოვზე შაყირი გავრცელდა, ლუკაშენკო ელაპარაკა ტელეფონით და გენერალი პოპოვი თავის 58-ე არმიით გადის ბელარუსშიო.

შაყირი იქით იყოს, ბელარუსის რა გითხრათ და სუროვიკინიც სადაც ჰყავთ და კიდევ 13 მაღალი რანგის აფიცრობა, ის შეიძლება მიუსვან ეს პოპოვიც. კიდევ ერთი 15 აფიცერი დაფერთხილია ურდოს ხელმძღვანელი თანამდებობებიდან. იცოდაო სუროვიკინმა აჯანყების შესახებ, არ შეუერთდა, მაგრამ არც გათქვაო. ჰოდა ჩვენთვის ეს ყველაფერი გადასარევია – რაც მეტ გენერალს ჩააყუდებენ თვითონ და რაც მეც დავუბაბანებთ ჩვენ, მით მალე აყროლდება ურდოს ჯარში ამბები. ვაგნერიც რომ აღარ არის ბრძოლის ველზე, ესეც კარგი ამბავია;

მაქსიმალურად ისვრიან რეზერვებს ახლა ბახმუტის და ზაპოროჟეს მიმართულებით. ჩვენები მაინც მიიწევენ წინ. დადასტურებულად ბახმუტის სამხრეთით კლეშჩეევკას შესასვლელებს აკონტროლებენ ჩვენები, აგრეთვე მის ირგვლივ არსებული სანგრების ქსელს და სტრატეგიულ სიმაღლეებს;

ბახმუტის ჩრდილოეთ ფლანგზეც გვაქვს წინსვლა;
ცხელი ბრძოლები მიდის ზაპოროჟიეს მონაკვეთზე.

ჩვენები ყოველ დღე უფეთქებენ მტერს ტოკმაკში და ბერდიანსკში ცოცხალი ძალის სადგომებს და შეიარაღების საწყობებს; გუშინ ღამე ჩვენებმა 17-დან 16 შაჰედი ჩამოაგდეს. მაგიორში, კაი ხმაურიანი აფეთქებები იყო კურსკში და ვორონეჟში.

გენერალმა ტარნავსკიმ დაადასტურა, რომ ჩვენებმა მიიღეს კასეტური ბომბები, რაც საერთოდ შეცვლის ჩვენს სასარგებლოდ დინამიკას; პენტაგონიც ადასტურებს იმავეს;

ჯაგლაგა ლავროვის სიფათიც ადასტურებს იმავეს – ჯაკარტაში ლაოსის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდიო და იმან მერე განცხადება გამოაცხო კასეტურ ბომბებზე, არაა ეგ კაი ამბავიო. პუტლერი მოთქვამს, უკრაინის გაწევრიანება საფრთხე იქნება ჩვენთვის და არ გაზრდის თავად უკრაინის და გლობალურ უსაფრთხოებასო. ოღონდ ვერ ბედავს რომ თქვას, იმას ვიზამ ამას ვიზამო. რაც აღარ შეუძლია რა უნდა ქნას.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინა ომის დასრულებისთანავე გახდება ნატოს წევრიო.
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა 2023-ში!

დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობა” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ გათვალისწინებული არცერთი პუნქტი არ შესრულდა, რომელსაც რუსეთის ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, იყო პუნქტები გაერო-სთან შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესებიც – ლოჯისტიკა, დაზღვევა, ფულადი მოძრაობა, რაც დაკავშირებულია გადახდებთან ჩვენი წარმოებისთვის და ბევრი სხვა რამ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არაფერი, საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ეს ყველაფერი ცალმხრივი თამაშია“, – აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მომავლისთვის ახალ პირობებს განიხილავს, რაც გულისხმობს, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივებას, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხოლოდ დაპირებების შესრულების შემდეგ.

„ჯერ არა შეთანხმების გაგრძელება და შემდეგ დაპირებების შესრულება, არამედ ჯერ დაპირებების შესრულება და შემდეგ ჩვენი მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ მონაწილეობა გარიგებაში და თუ ყველა კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ყველა დაპირება, რაც ჩვენ მოგვცეს, შესრულდება, დაე, შეასრულონ ეს დაპირებები და ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით ამ გარიგებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

44 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანოს

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ავრცელებენ.

„ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთ აღნიშნული ხელმომწერი წევრები, ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეძრწუნება და შეშფოთება ონლაინ სასამართლო სხდომის აღმაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გამო, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა და რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, მძიმე შედეგებისა და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალით. ჩვენ გვჯერა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მისი ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ გამოჯანმრთელებას.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული ამ სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, ვიდრე ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.

სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთ აღნიშნული ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და წარმოადგენს ევროკავშირის საფუძველს. ველით, დათქმის გარეშე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ასევე კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ გამოხატონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

ჩვენ გვჯერა, რომ დაუთმობთ ამ საკითხს დიდ ყურადღებას და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ  სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 44 ევროპარლამენტარი.

 

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლო დროს დაგროვილი სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობას გადაეჩვიოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ – მშვიდი და ხელსაყრელი დღეა, თუმცა თუ მცირე პრობლემები მაინც გაჩნდა, მათი მოგვარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. არსებობს შანსი, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ.

კურო

ეცადეთ, დილიდან აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ. გარშემო მყოფებისგან დახმარებას ნუ ელით – ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ და არსებული რესურსები სწორად გაანაწილოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ეს დილა მშვიდად გაატაროთ და აუჩქარებლად იმუშაოთ, რადგან ისედაც ყველაფერს მოასწრებთ. თუმცა შეგიძლიათ ზოგი მოვალეობა ახლობელ და სანდო ადამიანებს გაუნაწილოთ – ისინი დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებიან. პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტის და დიპლომატიის გამოვლენა გჭირდებათ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ინტუიციას ენდოთ – დღეს ის არ გიღალატებთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, პარტნიორის სურვილები და რჩევები გაითვალისწინოთ. თქვენი ეჭვიანობა უსაფუძვლოა, შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ბოლომდე ენდოთ,

ლომი

ამ დღეს საკუთარი მიღწევების ან საინტერესო შეთავაზებების შესახებ არავის უნდა უამბოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ნაცნობებს შორის არაკეთილსინდისიერი ადამიანიც არის, რომელმაც შეიძლება თქვენი გეგმების ჩაშლა სცადოს. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება – უსიამოვნებებისთვის უნდა მოემზადოთ.

ქალწული

თქვენი პოზიტიურობა და მეგობრული განწყობა ადამიანებს იზიდავს და შეიძლება თქვენ გვერდით უამრავი სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანი აღმოჩნდეს. უახლოეს მეგობრებთან შეხვედრამ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ და კონფლიქტით დასრულდეს. უმჯობესია ასეთი შეხვედრა სხვა დღისთვის დაგეგმოთ.

სასწორი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. შეგიძლიათ. რთული მოლაპარაკებები თამამად დანიშნოთ. ეცადეთ, საღამოსთვის ყველაზე სასიამოვნო აქტივობები შემოინახოთ. თუ არ იზარმაცებთ, კარიერული წინსვლის ან მოგებიანი შეთავაზების მიღების შესაძლებლობა გაქვთ.

მორიელი

ბიზნესმენებისთვის წარმატებული დღეა, რომელიც ხელსაყრელ შეთავაზებას, ძლიერ სპონსორებს ან გავლენიან პარტნიორებს გპირდებათ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას უარი თქვით უხეშობასა და აგრესიაზე. გირჩევთ, უპირატესობა დიპლომატიურ და კომპრომისულ მოქმედებას მიანიჭოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ახალი ამბების სწრაფ ნაკადში არ „დაიკარგოთ“. ამ დღეს ზღვა ინფორმაციიდან მხოლოდ ის უნდა აირჩიოთ, რომელიც თქვენ და თქვენს პასუხისმგებლობებს ეხება. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები.

თხის რქა

ვარსკვლავებს გირჩევენ, საქმიანი აქტივობა შეამციროთ და შესრულებული სამუშაო შეაფასოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრს და დაძაბულად მუშაობთ და დაგროვილმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ, საღამო სახლის მშვიდ გარემოში გაატაროთ.

მერწყული

ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებას არ უნდა ეცადოთ. გირჩევთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და მთელი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისკენ მიმართოთ. ბევრ მერწყულს წარუმატებლობა და შესაძლებლობების არარსებობა იმედგაცრუებას მოუტანს. გამოიყენეთ ეს დღე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მთავარია, რომ მუდმივად ცვლად გარემოებებს თვალი ადევნოთ და შესაძლებლობა არ გამოგეპაროთ. თქვენი ხიბლი და ქარიზმა გარშემო მყოფებს იზიდავს. მოლაპარაკებები და შეხვედრები წარმატებული იქნება. გირჩევთ, საღამო ხალხმრავლობისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში გაატაროთ – ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

” სასიხარულო სიახლე – დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, ორ ქვეყანას შორის გადაადგილება, პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ”-პაპუაშვილი

პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილებაა შესანიშნავი შესაძლებლობაა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს.

„სასიხარულო სიახლე. დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის გადაადგილება პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ. ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც მეტ მოქნილობას და თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რათა უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა“, – წერს პაპუაშვილი.

ძალაში შევიდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ბიომეტრიული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი.

“პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინაში”-ჯო ბაიდენი

U.S. President Joe Biden and Finland's President Sauli Niinisto hold a press conference in Helsinki, Finland, July 13, 2023. REUTERS/Kevin Lamarque

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება.

„არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან [ვლადიმირ პუტინმა] მოიგოს ომი უკრაინაში. მან უკვე წააგო ეს ომი“, – აღნიშნა ბაიდენმა ჰელსინკიში ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი რესურსები და პუტინი, სავარაუდოდ, საბოლოოდ „გადაწყვეტს, რომ ომი რუსეთის ინტერესებში არ არის ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სხვაგვარად“.

თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება – ვიტალი ვანცევი

თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება, – ამის შესახებ ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია “აზიმუტის” თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა რუსულ გამოცემა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორები Georgian Airways-იდან რუსი მგზავრებისთვის კარგ შეთავაზებებს აკეთებენ ტრანზიტის მხრივ, იხსნება რეისები ევროპაში – პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც ახლა პირდაპირი ფრენები დახურულია. შედეგად რუსები თბილისში მეოთხე კარგ სატრანზიტო კვანძს მიიღებენ – სტამბულის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ… Georgian Airways-თან ერთად ვცდილობთ [ჰაბი] ისე ავაწყოთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენი მგზავრებისთვის, რათა გადაჯდომა დროში მოკლე იყოს, საათი-საათ-ნახევარი,” – განაცხადა ვანცევმა.

“ქვების სროლით ევროკავშირში არ გველოდებიან” – ლევან ხაბეიშვილი

ევროკავშირის სამედიცინო მისიის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადე, ის პირადად იყო ჩართული ამ საქმეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკითან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე საუბრის თემა ასევე იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ის, თუ რა სჭირდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ელჩი საქმის კურსში ჩააყენა იმ ინციდენტების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„მინდა მადლობა გადავუხადო პოლონეთის საელჩოს და იმ ადამიანებს, რომლებმაც უზრუნველყვეს, 4 თვის დაგვიანებით, ევროკავშირის სამედიცინო მისიის შესვლა მიხეილ სააკაშვილთან. ცხადია, შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსზე და იმაზე, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ გავაგრძელებთ პენსიონერებზე ზურნვას, მათთან შეხვედრებს. ხვალ, მარტვილში „კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილ, ირაკლი კობახიძის დაორგანიზებულ ტუტუშკებს ველოდები. დარწმუნებული ვარ, იქაც მოვარდებიან პენსიონერებთან და აუცილებლად ესვრიან ქვებს. ჩვენ არ გვაშინებს, არც ფიზიკური დაპირისპირება, არც ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა სოფელში და ქალაქში გვექნება შეხვედრები. ველოდებით ტიტუშკებს ქვებიანად. კარგად იცოდნენ, რომ არავის ეშინია, მათავრია რომელიმე მოსული პენსიონერი არ დაშავდეს.

მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ქვების სროლით ევროკავშირში არ გველოდებიან. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი გვქონდა მიშა მშვილდაძის ცემაზე, რომელიც სუს-მა დაგეგმა და უზრუნველყო. საუბარი გვქონდა ზურა ჯაფარიძის ცემაზეც. ასევე საუბარი ლევან ბერძენიშვილის ცემის ფაქტზე. ევროკავშირის ელჩი ყველაფერის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ნატო აგრძელებს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის თავის „ქსელებში“ ჩათრევას” – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შედეგებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის თავის „ქსელებში“ ჩათრევას.

„ნატო-ს ექსპანსიონისტური მისწრაფებები მხოლოდ ევროატლანტიკურით არ შემოიფარგლება. მას შემდეგ, რაც შთანთქა ფინეთი და თითქმის შვედეთი, ყოველგვარი საჯარო განხილვისა და რეფერენდუმის გარეშე, ნატო ცდილობს, გადააქციოს არქტიკა სამხედრო დაპირისპირების არენად. არის აქტიური შეღწევა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა გამოცხადდა სტრატეგიული ინტერესების ზონად, სადაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ცდილობენ, დააწესონ საკუთარი წესები და გამოწოვონ რესურსები დადასტურებული ნეოკოლონიალური ნიმუშების მიხედვით. ნატო ზრდის საცეცებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში იმ ყალბი საბაბით, რომ იქ განვითარებულმა მოვლენებმა „შეიძლება, პირდაპირ იმოქმედოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე“. ვილნიუსში გლობალისტური აურზაურის დროს ითქვა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის მზარდი სტრატეგიული პარტნიორობა ეწინააღმდეგება „ალიანსის ღირებულებებსა და ინტერესებს“. ქვეყნების უმეტესობისთვის ის, რაც ხდება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ალიანსის პოლიტიკა, მოქმედებები და სამხედრო მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ახალი სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების ობიექტურ ამოცანებს ხელოვნური გამყოფი ხაზების გარეშე“, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.