“ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობა” – ვლადიმერ პუტინი

106
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ გათვალისწინებული არცერთი პუნქტი არ შესრულდა, რომელსაც რუსეთის ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, იყო პუნქტები გაერო-სთან შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესებიც – ლოჯისტიკა, დაზღვევა, ფულადი მოძრაობა, რაც დაკავშირებულია გადახდებთან ჩვენი წარმოებისთვის და ბევრი სხვა რამ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არაფერი, საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ეს ყველაფერი ცალმხრივი თამაშია“, – აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მომავლისთვის ახალ პირობებს განიხილავს, რაც გულისხმობს, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივებას, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხოლოდ დაპირებების შესრულების შემდეგ.

„ჯერ არა შეთანხმების გაგრძელება და შემდეგ დაპირებების შესრულება, არამედ ჯერ დაპირებების შესრულება და შემდეგ ჩვენი მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ მონაწილეობა გარიგებაში და თუ ყველა კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ყველა დაპირება, რაც ჩვენ მოგვცეს, შესრულდება, დაე, შეასრულონ ეს დაპირებები და ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით ამ გარიგებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.