„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

69
spot_img

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძემ, 16 დაკავებული პირიდან, ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, დანარჩენების სასამართლო პროცესი კი გადადო.

პროცესის გადადების მიზეზი, დაკავებულების ადვოკატის შუამდგომლობა გახდა.

დაცვის მხარის განმარტებით, მათ საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად  გაცნობა ვერ შეძლეს.

შემდეგი სხდომა,  19 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

ამ დროისათვის თავისუფალია, მოძრაობა ,,დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც, რომელიც ხელწერილის საფუძველზეა განთავისუფლებული.

ხოშტარიას სასამართლო პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ხვალ გაიმართება.

ცნობილია, რომ ელენე ხოშტარია სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

სამართალდამცველები დაკავებულებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- და 173- ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი  დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პოლიციამ სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა.

აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ და ქორწილს გეგმავდნენ.