„ქართული ოცნება“ დასუსტებულია – „ოცნება“ უნდა წავიდეს!” – ნიკა გვარამია

13
spot_img

რას გაუძლებს „ქართული ოცნება“ ჩემთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის. “ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ეს უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა! – „ქართული ოცნება“ დასუსტებულია,- ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პარლამენტში კვლავ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის სტანდარტი დადგენილა, რაც ამ კანონს მთლიანად აუქმებს.

მისვე თქმით, „თუ ამას ვარღვევთ და ვარღვევთ შეგნებულად ე.ი. ევროკავშირის წევრობა არის საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი, ორჯერ ორი ოთხია!“

„რაც შეეხება იმას, ევროკავშირი რაზეც მუშაობს, ევროკავშირი მუშაობს რუსეთის და ჩინეთის მავნე ზეგავლენის შესახებ კანონზე. აქ, მთავარი პრინციპი არის ლობირების საკითხი და ეს ეხება პირველ რიგში, კომერციულ სუბიექტებს, ასევე ეხება პოლიტიკურ გავლენებსაც, თუმცა მკაფიოდ არის საუბარი იმ სუბიექტებზე, ვის პოლიტიკურ გავლენებსაც ეს ეხება. საქართველოს შემთხვევაში, ქართული ხელისუფლება მკაფიოდ ამბობს, რომ ეხება დასავლური ფონდებიდან შემოდინებებს, რომელიც თითქოს მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მხოლოდ, რაც არის ტყუილი. არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მიდის მხოლოდ 3 პროცენტი ამ შემოდინებების და დანარჩენი მიდის ქართულ ეკონომიკაში, მის გაძლიერებაზე, წინ წაყვანაზე და საქართველოში დოვლათის შექმნაზე, ამიტომ გამჭვირვალობა არის მოგონილი თემა. „ქართული ოცნება“ მუშაობს არა გამჭვირვალობაზე, არამედ მათი კორუფციული ქმედებების, დიახაც, გაუმჭვირვალობაზე იმიტომ, რომ ცდილობს დახუროს ყველა ის ორგანიზაცია, ვინც იკვლევს გამჭვირვალობის საკითხებს და „ქართულ ოცნებას“ ამხელს კორუფციაში, მითვისებაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. გამჭვირვალობა, რომ იყოს მიზანი ეს კანონი საჭირო ნამდვილად არ იქნებოდა იმიტომ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ქართული კანონმდებლობით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოში დასავლური დემოკრატიისთვის მომუშავე ორგანიზაციების დახურვას.

ამასთან, მან ისაუბრა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მსგავსი, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის კვლავ ინიცირებით შეშფოთებულია.

„ამ კანონის ადგილი, რომ ევროპაში არ არის ეს თქვა, ევროპის ოფიციალურმა უმაღლესმა სტრუქტურამ, რომელიც ადგენს, რომელი კანონის ადგილია ევროპაში. მან თქვა, რომ ამგვარი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, თუმცა ეს განცხადებების მნიშვნელოვანია. რას გაუძლებს „ქართული ოცნება“ ჩემთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის. „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ეს უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა. პირველ რიგში, გარედან შეფასებებით, ასეთი რამ ვერ მოხდება, „ქართული ოცნება“ დასუსტებულია, უცხოეთში მას ხელს არავინ ართმევს, მაგრამ ქართველმა ხალხმა ჩვენი ისტორიული მისია უნდა შევასრულოთ და ჩვენი ვალები ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობის წინაშე უნდა გავისტუმროთ, ასევე ევროკავშირს უნდა მოვექცეთ,როგორც კეთილსინდისიერი ადამიანები. მათ მოგვცეს ის სტატუსი, რომელიც ფორმალურად ჩვენ არ გვეკუთვნოდა მისცეს ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ არ შეფერხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიერ, რომელსაც იღებს ანტიქართული ხელისუფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.