Home Blog Page 959

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 162-ე საქველმოქმედო აქცია თბილისში ჩაატარა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 162-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თბილისში ჩაატარეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

„საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 27-მა ბენეფიციარმა, მათგან 11 ვეტერანი,ხოლო 16 ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ. განხორციელდა 55 სამედიცინო ვიზიტი.

მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 162 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; სამედიცინო მომსახურება უფასოდ გაეწია სამსახურის 13 947 ბენეფიციარს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 ბიჭო, ცივილიზებული სამყარო არ გვეუბნებოდა, რუსეთს სანქციები დაუწესეო?- ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს 

ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?- ამ შეკითხვით მიმართა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ზარქუამდე კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რომელიც აღნიშნულ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს, კითხვით მიმართა, “ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ცდილობს თუ არა, რომ რუსული ავტორიტარიზმი შემოიტანოს ქვეყანაში. ამის შემდგომ ოპოზიციონერ დეპუტატს, ზარქუამ „ბლიც კითხვით” მიმართა.

„მე მინდა გიორგი ვაშაძეს [მივმართო], რომელსაც ესმის თემა. ბატონო გიორგი, ყველა გისმენთ და არცერთს არ გითქვამთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, იშველიებთ ვენეციის კომისიას, რომელიც აქ საერთოდ არაა წარმოდგენილი. მეორე – კიდევ ახალი სანქციები დაგვიანონსა და გიხარიათ. ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ გეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო? ყველა რომ შეხმატკბილებულად ეუბნებოდით, კი, ეს გააკეთეთო, არ გავაკეთეთ!

გუშინ წინ გამოვიდა გამოვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო, ახლა, იგივე პოზიციაზე ხართ? სანქციები უნდა დაგვეწესებინა? გეკითხები, ბლიც-კითხვა. მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“, – მიმართა ზარქუამ ვაშაძეს.

ზარქუას თავის მხრივ, ვაშაძემ ასე უპასუხა „ჩუმად, რანაირად ვიქნები?“. თუმცა, დეპუტატს წინადადების დასრულების საშუალება არ მიეცა, რადგან მას მიკროფონი გამოურთეს.

გარდა ამისა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძესაც მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა შეფასებას, რომ გამჭვირვალობის შესახებ საფრანგეთში არსებული კანონი ფრანგი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

„მე მესმის თქვენი მდგომარეობა, არ ხართ ცუდი კაცი, უბრალოდ, გახმოვანება გიწევთ ცუდი და იმ დაწერილი ტექსტების, თორემ მე თქვენ გიცნობთ და ვიცი, რომ ღირსეული კაცი ხართ, მაგრამ ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში, თქვენ მსხვერპლი ხართ. ბატონო გიორგი, როდესაც ქართულ კანონზე მუშაობდით, იმედი მაქვს, მით უმეტეს, რომ მადამ პრეზიდენტი გვყავს, ფრანგულ კანონსაც გაეცნობოდით. თქვენ აქ ბრძანეთ და შეფასებები მოიტანეთ, რომ ქართული კანონი უფლებებს ზღუდავს, დისკრიმინაციულია, კიდევ გარკვეული სახელი დაერქმევა და ა.შ. საზოგადოებამ იცის, რას ითხოვს ქართული ვარიანტი, არც ფიზიკურმა პირმა, არც მეწარმემ, არც სტუდენტმა, არც დოქტორანტმა, არც შშმ პირმა რეგისტრაცია არ უნდა გაიაროს, ეს არ მოეთხოვება. მოეთხოვება მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას და ისიც, თუ (დაფინანსება) 20%-ზე მეტია. მოეთხოვება წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს და გააგრძელოს მუშაობა. ამას თქვენ უწოდეთ რუსული მეთოდები. კითხვა მაქვს, ფრანგული კანონი, რომელიც ორივე პალატამ მიიღო და უკვე ამოქმედდება, ითვალისწინებს ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, მეწარმის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის სამწლიან პატიმრობას, მათ შორის ლიკვიდაციას. ფრანგული კანონი მედიის წინააღმდეგ არის, საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არის, პოლარიზაციას ხელს უწყობს და ის არის ფრანგი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი? გეკითხებით, ამ შეფასებას ეთანხმებით, თუ არა? არ მოგეშვებით, პასუხი უნდა დამიბრუნოთ“, – მიმართა ზარქუამ გიორგი მსხილაძეს.

ქვეყანა ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც „ევროპებში“ გაიქცევა – ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი [მსხილაძე] და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

წილოსანის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მსხილაძე წარმოადგენს, „გადაწყვეტილი აქვს, რომ ისტორიაში სამარცხვინო ასოებით შევიდეს“.

„ბატონო გიორგი, ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს უკვე გადაწყვეტილი რომ აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ უკვე, თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული? ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა ეხება უშუალოდ კანონს, რომელსაც თქვენ სრულად აბსურდული დასაბუთებით აპროტესტებთ. შეგიძლიათ თუ არა მომიყვანოთ კონკრეტული საჯარო წყარო და აქვე ველოდები ამ წყაროს დასახელებას, სადაც ჩვენ და ქართველი ხალხი ვნახავთ ყველა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას თავისი თანხებით, მიზნობრიობით მითითებულს, დონორებით და განხორციელებული პროექტებით? ველოდები საჯარო წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც თქვენ ამტკიცებთ, რომ გამჭვირვალეა სექტორი. შემდეგი კითხვა, ითვალისწინებს თუ არა კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ რაიმე სახის სასჯელს, გარდა ფინანსური სახდელისა, ადმინისტრაციული ჯარიმისა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია არ წარადგენს უბრალოდ ინფორმაციას მის მიერ მიღებული დაფინანსების და განხორციელებული პროგრამების შესახებ, ისიც წელიწადში ერთხელ. ასევე, პასუხებს ველოდები სამართლებრივს და არა პოლიტიკურს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდეთ თქვენი დანიშნულება რაც არის და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად, უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებულნი პარტიულად და ისე არიან სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი. პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზების გადაკეტვა დაიწყეს.

გუშინ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შეწყვეტის მოთხოვნით, მიმდინარე საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს, მხარდამჭერებს მოუწოდა, ორშაბათს დილიდან მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციები დაეწყოთ.

ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს -არჩილ თალაკვაძე

ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„იმის გასარკვევად, თუ რამდენად არაბუნებრივი, არაგულწრფელი და უპერსპექტივოა ეს გაერთიანება, ფრონტი, როგორც თვითონ თქვეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენეს სათავეში. უნდა გავიხსენოთ ფაქტები უახლოესი წარსულიდან, სადაც ეს ოპოზიცია სწორედ მას რუსეთის აგენტს, გაყალბებული არჩევნებით მოსულს, უკანონო პრეზიდენტს ეძახდა და დღეს სწორედ იგივე ოპოზიცია, რომელმაც დაკარგა ყოველგვარი თავმოყვარეობა, დღეს მას აცხადებს რაღაც ფრონტის ხელმძღვანელად. რა თქმა უნდა, ასეთი გაერთიანება არის ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. თუ ამის არ სჯერათ, მაშინ სცადონ არჩევნებში ბედი და დაინახავენ, რა არის რეალურად მათი მხარდაჭერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება.

„დღემდე სულ ვხედავდით, რომ მათ არჩევნები არ სჭირდებათ, უნდათ, ჩამოართვან არჩევნები ჩვენს მოქალაქეებს, ჩამოართვან არჩევნები საზოგადოებას და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით როგორმე დესტაბილიზაციით ეცადათ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა უკვე რაღაც ახალი ფრონტის ჩამოყალიბება დაიწყეს. საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება, არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, თავისი ლიდერი და თავისი პროგრამა წარუდგინოს ჩვენს საზოგადოებას. ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს. იგივე ხალხი ქართულ საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე არანაირი კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა, უმტკიცებდა, დემოკრატია უდრის სააკაშვილს და უმტკიცებდა, რომ ათი ათასი პატიმრიდან მხოლოდ ერთი უნდა გაათავისუფლოს ხელისუფლებამ კანონის გვერდის ავლით. აი, ასეთი ოპოზიცია ერთიანდება სალომე ზურაბიშვილის გარშემო. შესაბამისად, საზოგადოება ამას გასცემს პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 მაისს ქუთაისში +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +13, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ-ენტონი ბლინკენი

ქართველებისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს დიდი უმრავლესობით სურთ და რომელსაც ასე ძლიერ იმსახურებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.

ეს ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი 12 თვე იყო, მათ შორის საქართველოს ისტორიული მიღწევა – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველო წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით.

ქართველებისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს დიდი უმრავლესობით სურთ და რომელსაც ასე ძლიერ იმსახურებენ“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დაიწყო.

მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარუდგენს.

პრეზიდენტი პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით მიღებულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ერთ პუნქტს სთავაზობს – კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე.

თავად კანონით კი წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

პროექტით უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველაფერი ჩვეულად მიჰყვება დროის დინებას, მდორედ ერთფეროვნად და ზომიერად, არც რაიმე მოულოდნელი, არც რაიმე ექსტრემალური დღეს არ ჩანს ჰორიზონტზე. დაისვენეთ, მოდუნდით და აღიდგინეთ ძალები.

კურო

დღევანდელი ახალი კავშირები ძალიან სასიკეთო და სასარგებლო იქნება, დიდი ალბათობით, ეს ახალი ურთიერთობები მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოზიტიურ ცვლილებებს თქვენს საქმიან სფეროში და საუკეთესო მეგობრებსაც შეიძენთ.

ტყუპები

იზრუნეთ ირგვლივ მყოფებზე და გააკეთეთ მათთვის რაიმე სარგებლიანი, ასე, თქვენს თავსაც დაეხმარებით, მოჭარბებული ენერგიისგან გათავისუფლებაში და ჰარმონიაში მოხვალთ საკუთარ თავთან.

კირჩხიბი

იმოქმედეთ გონივრულად და თუ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სამართლიანია – დათმეთ პოზიციები. შეეცადეთ, განამტკიცოთ ის, რასაც მიაღწიეთ და იყოთ ურთიერთობებში მოქნილი.

ლომი

ნუ იტვირთავთ უფრო მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. კეთილშობილება, მზრუნველობა და ქველმოქმედება შესანიშნავი რამაა, თუმცა, არავის აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, ამიტომ, უფრო გონივრული იქნება ერთობლივი მოქმედება.

ქალწული

სიფრთხილე გამოიჩინეთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს, ნუ შეეცდებით ორმაგი სტანდარტით თამაშს, როგორც უნდა მოინდომოთ, დღეს ვერავის ვერაფერს გამოაპარებთ.

სასწორი

შესაძლოა, ირგვლივ მყოფთა გაოცება გადაწყვიტოთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებით. დღეს მეტად გამძაფრებულია თქვენში თავის წარმოჩენისა და აღიარების სურვილი. ფრთხილად, უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

მორიელი

ნუ იქნებით სხვათა დახმარების იმედად, თვითონაც საკმარისი გონიერება და ძალა გაგაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ნებისმიერ სერიოზულ ამოცანას და წარმატებით გაართვათ თავი სხვადასხვა საქმეს.

მშვილდოსანი

დაინდეთ გარშემომყოფები და ნუ მოსთხოვთ პასუხს იმაზე, რაც მათ არ ეხებათ, აღიარეთ სხვებთან და საკუთარ თავთანაც თქვენი შეცდომა და მშვიდად, თავდაჯერებულად შეეცადეთ, მოიფიქროთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

თხის რქა

წარმატების მისაღწევად მეტი ძალისხმევა და დროა საჭირო, არაფერს მოგიტანთ ლოდინი და საქმის გაჭიანურება. მხოლოდ გაორმაგებული შრომა და შეუპოვრობა მიგიყვანთ საბოლოო მიზანთან და არა ვინმე ავტორიტეტული პირის თანადგომა.

მერწყული

ელოდეთ ახალ შემოთავაზებებს, არის ალბათობა,  ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. შეეცადეთ, იყოთ დღეს მეტად პოზიტიური და ოპტიმისტურ განწყობაზე.

თევზები

გააფართოვეთ საქმიანი თუ სამეგობრო კავშირები, დაინტერესდით ოჯახის წევრების პრობლემებით, სურვილებით და იზრუნეთ გარშემო ჰარმონიული, მშვიდი ატმოსფეროს შექმნაზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი კეთილი სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განუწყვეტელი განვითარება. ჩვენს საერთო ინტერესშია, ხელი შევუწყოთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას, რისთვისაც კარგი საშუალება იქნება წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი უმაღლესი დონის ჩვენი სამთავრობო შეხვედრა.

მოხარული ვარ, რომ გასულ თვეს უნგრეთში შეხვედრის საშუალება მოგვეცა ბუდაპეშტის CPAC კონფერენციაზე და მჯერა, რომ შემდგომშიც გვექნება ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევის სრული მხარდაჭერა.

მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!“ – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.

გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ -ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება.დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის.

,,ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა”-  ირაკლი ჩიქოვანი

მნიშვნელოვანია, ყველას გვახსოვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას 26 მაისი და აღნიშნა, რომ ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე დაასახელა ის გამოწვევები, რომლებსაც ის და მისი უწყება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

„რა თქმა უნდა, გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ის, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, კრიზისები, ომები, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ეს არის ურთულესი ვითარება. ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. ამის გარდა, გამოწვევად რჩება ასევე ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს.

ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო მიღებული კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ასევე კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. საქართველო აკვირდება ყველა ამ მიმართულებას და მე ვთვლი, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ შეინარჩუნა მშვიდობა და ამ მშვიდობის პირობებში ჩვენ შევძელით და განვამტკიცეთ ჩვენი როლი რეგიონში და ვთვლი, რომ დავანახეთ ჩვენს საზოგადოებასა და ამომრჩეველს, რომ შეგვიძლია ქვეყანა სტაბილური განვითარების პირობებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ და შევქმნათ უკეთესი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.