ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს -არჩილ თალაკვაძე

45
spot_img

ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„იმის გასარკვევად, თუ რამდენად არაბუნებრივი, არაგულწრფელი და უპერსპექტივოა ეს გაერთიანება, ფრონტი, როგორც თვითონ თქვეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენეს სათავეში. უნდა გავიხსენოთ ფაქტები უახლოესი წარსულიდან, სადაც ეს ოპოზიცია სწორედ მას რუსეთის აგენტს, გაყალბებული არჩევნებით მოსულს, უკანონო პრეზიდენტს ეძახდა და დღეს სწორედ იგივე ოპოზიცია, რომელმაც დაკარგა ყოველგვარი თავმოყვარეობა, დღეს მას აცხადებს რაღაც ფრონტის ხელმძღვანელად. რა თქმა უნდა, ასეთი გაერთიანება არის ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. თუ ამის არ სჯერათ, მაშინ სცადონ არჩევნებში ბედი და დაინახავენ, რა არის რეალურად მათი მხარდაჭერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება.

„დღემდე სულ ვხედავდით, რომ მათ არჩევნები არ სჭირდებათ, უნდათ, ჩამოართვან არჩევნები ჩვენს მოქალაქეებს, ჩამოართვან არჩევნები საზოგადოებას და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით როგორმე დესტაბილიზაციით ეცადათ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა უკვე რაღაც ახალი ფრონტის ჩამოყალიბება დაიწყეს. საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება, არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, თავისი ლიდერი და თავისი პროგრამა წარუდგინოს ჩვენს საზოგადოებას. ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს. იგივე ხალხი ქართულ საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე არანაირი კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა, უმტკიცებდა, დემოკრატია უდრის სააკაშვილს და უმტკიცებდა, რომ ათი ათასი პატიმრიდან მხოლოდ ერთი უნდა გაათავისუფლოს ხელისუფლებამ კანონის გვერდის ავლით. აი, ასეთი ოპოზიცია ერთიანდება სალომე ზურაბიშვილის გარშემო. შესაბამისად, საზოგადოება ამას გასცემს პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.