ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?- ამ შეკითხვით მიმართა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
ზარქუამდე კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რომელიც აღნიშნულ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს, კითხვით მიმართა, “ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ცდილობს თუ არა, რომ რუსული ავტორიტარიზმი შემოიტანოს ქვეყანაში. ამის შემდგომ ოპოზიციონერ დეპუტატს, ზარქუამ „ბლიც კითხვით” მიმართა.
„მე მინდა გიორგი ვაშაძეს [მივმართო], რომელსაც ესმის თემა. ბატონო გიორგი, ყველა გისმენთ და არცერთს არ გითქვამთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, იშველიებთ ვენეციის კომისიას, რომელიც აქ საერთოდ არაა წარმოდგენილი. მეორე – კიდევ ახალი სანქციები დაგვიანონსა და გიხარიათ. ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ გეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო? ყველა რომ შეხმატკბილებულად ეუბნებოდით, კი, ეს გააკეთეთო, არ გავაკეთეთ!
გუშინ წინ გამოვიდა გამოვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო, ახლა, იგივე პოზიციაზე ხართ? სანქციები უნდა დაგვეწესებინა? გეკითხები, ბლიც-კითხვა. მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“, – მიმართა ზარქუამ ვაშაძეს.
ზარქუას თავის მხრივ, ვაშაძემ ასე უპასუხა „ჩუმად, რანაირად ვიქნები?“. თუმცა, დეპუტატს წინადადების დასრულების საშუალება არ მიეცა, რადგან მას მიკროფონი გამოურთეს.
გარდა ამისა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძესაც მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა შეფასებას, რომ გამჭვირვალობის შესახებ საფრანგეთში არსებული კანონი ფრანგი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
„მე მესმის თქვენი მდგომარეობა, არ ხართ ცუდი კაცი, უბრალოდ, გახმოვანება გიწევთ ცუდი და იმ დაწერილი ტექსტების, თორემ მე თქვენ გიცნობთ და ვიცი, რომ ღირსეული კაცი ხართ, მაგრამ ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში, თქვენ მსხვერპლი ხართ. ბატონო გიორგი, როდესაც ქართულ კანონზე მუშაობდით, იმედი მაქვს, მით უმეტეს, რომ მადამ პრეზიდენტი გვყავს, ფრანგულ კანონსაც გაეცნობოდით. თქვენ აქ ბრძანეთ და შეფასებები მოიტანეთ, რომ ქართული კანონი უფლებებს ზღუდავს, დისკრიმინაციულია, კიდევ გარკვეული სახელი დაერქმევა და ა.შ. საზოგადოებამ იცის, რას ითხოვს ქართული ვარიანტი, არც ფიზიკურმა პირმა, არც მეწარმემ, არც სტუდენტმა, არც დოქტორანტმა, არც შშმ პირმა რეგისტრაცია არ უნდა გაიაროს, ეს არ მოეთხოვება. მოეთხოვება მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას და ისიც, თუ (დაფინანსება) 20%-ზე მეტია. მოეთხოვება წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს და გააგრძელოს მუშაობა. ამას თქვენ უწოდეთ რუსული მეთოდები. კითხვა მაქვს, ფრანგული კანონი, რომელიც ორივე პალატამ მიიღო და უკვე ამოქმედდება, ითვალისწინებს ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, მეწარმის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის სამწლიან პატიმრობას, მათ შორის ლიკვიდაციას. ფრანგული კანონი მედიის წინააღმდეგ არის, საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არის, პოლარიზაციას ხელს უწყობს და ის არის ფრანგი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი? გეკითხებით, ამ შეფასებას ეთანხმებით, თუ არა? არ მოგეშვებით, პასუხი უნდა დამიბრუნოთ“, – მიმართა ზარქუამ გიორგი მსხილაძეს.