Home Blog Page 958

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში -კამალა ჰარისი სალომე ზურაბიშვილს

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.

ჰარისი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს, როდესაც მან ვეტო დაადო გამჭვირვალობის კანონს და „ერთგულად იცავს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის“.

„შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას. ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, – წერს ჰარისი.

“ნაცი”, ჩახდილი „გირჩი“, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოები, არის ერთი გაერთიანება, „ლოკალური ომის ქარტია“ დავარქვათ ამას -ირაკლი ზარქუა

როგორც „ნაცი“, ის ჩახდილი „გირჩი“, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოები – ეს არის ერთი გაერთიანება. ერთნი არიან, გესმით? სიაში იქნებიან ერთად თუ რაღაც პლატფორმას მოიგონებენ, “ლოკალური ომის ქარტია” დავარქვათ ამას, რა მნიშვნელობა აქვს? სალომემ საკონტროლო ესროლა, რომ დიახ, უნდა გაერთიანდეთ – კიდევ ერთხელ მადლობა მადამ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ გამოეხმაურა.

ზარქუას შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის განცხადებით, ქართველ საზოგადოებას ახლა უფრო გაუმარტივდება არჩევანის გაკეთება.

„ადრეც ვამბობდით და ახლაც კიდევ უფრო მეტად მოხდა ამის დემონსტრირება, აფიშირება, არგუმენტაცია. არანაირი განსხვავებული ძალები არ არსებობს, არ არსებობს განსხვავებული მიდგომები ფილოსოფიის მქონე ოპოზიციის პარტიები. ყველანი არიან ერთნი, „მწვალებელთა პარტიის“ გადმონაშთი. რანაირად შეიძლება შენ „ნაციონალურ მოძრაობა“ დააყენო ცალკე და გვარამია-მელიას მოძრაობა ცალკე? თუ ის ჩახდილები, “გირჩის” მოძრაობა დააყენო ცალკე? კიდევ ერთხელ მადლობა მადამ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა, რომ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ არჩევანის გაკეთება ამ მწვალებელთა პარტიას და მშვიდობის გარანტ პარტიას შორის, ეკონომიკურ სანქციებზე და რუსეთის ეკონომიკაზე მიმბმელ პარტიას და ჩვენს პარტიას შორის, რომელიც არა ვიღაცის კარნახით, არამედ ჩვენი საზოგადოების, ქართული ეკონომიკის ინტერესების კარნახით მოქმედებს. როგორ შეიძლება ეს ორი პარტია ერთმანეთს შეადარო? ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა.

აქ მნიშვნელოვანი დეტალი იყო. პრეზიდენტმა იძახა “იმნაირები”, განსხვავებული კი არა „იმნაირები“ თუ რაღაც ასეთი ტერმინი გამოიყენა. “ევროპული, იმნაირიო”. კითხვას ვსვამ, ევროპული რანაირად შეიძლება ჯალათი გვარამია იყოს? თუ რადგან სათვალეს გაიკეთებს და შარვალს ჩაიწევს დაბლა, რაღაც მოკლე შარვლით რომ დადის, ამიტომ ის ევროპული გახდება, ევროპული ღირებულებების მატარებელი გახდება? არა, ზუსტად “იმნაირები” არიან ესენიც ყველა ერთად, რაც თქვა და სწორი თქვა. ამათ საერთო არაფერი აქვთ ქართულ ტრადიციასთან, ინტერესებთან, ადათ-წესებთან, ეკლესიასთან. ამიტომ არიან “იმნაირები” და სწორია ამ შეფასებაში, ქალბატონ პრეზიდენტს ვეთანხმები. “იმნაირების” გაერთიანება იქნება. “იმნაირები”, მწვალებლები, რეკეტიორები, კრიმინალები, უსამშობლოების გაერთიანებაა, ხოლო აქეთ იქნება ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ქართულ ინტერესებს დაიცავენ, მიუხედავად იმ დასანქცირებისა. რაღაც მოიგონეს. ქართველი ვარ, ამ ღირსეული ქვეყნის, ერის შვილი, რა სანქციებით უნდა დამაშინოთ ან დაგვაშინოთ?

როგორც “ნაცი”, ის ჩახდილი “გირჩი”, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოებიც – ეს არის ერთი გაერთიანება. ერთნი არიან, გესმით? სიაში იქნებიან ერთად თუ რაღაც პლატფორმას მოიგონებენ, ლოკალური ომის ქარტია დავარქვათ ამას, რა მნიშვნელობა აქვს? სალომემ საკონტროლო ესროლა, რომ დიახ, უნდა გაერთიანდეთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო თანამეგობრობაში შემავალ და დამკვირვებელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები.

დელეგაციის ხელმძღვანელმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

საქართველო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობას 2014 წლიდან შეუერთდა, როგორც ასოცირებული დამკვირვებელი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არის პუნქტები, რომელიც მისაღებია, არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია – იაგო ხვიჩია „ქართულ ქარტიაზე“

„გირჩი“ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს, თუმცა მზადაა, დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით დისკუსიებში ჩაერთოს.

როგორც „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ქარტიის ნაწილს ეთანხმებიან, თუმცა ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ, ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, შეუერთდნენ ქალბატონი სალომეს ინიციატივას.

ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით, ფაქტობრივად გუშინ ვნახეთ ეს ბოლო დოკუმენტი, ამიტომ, ვთავაზობთ, გნებავთ ხელმომწერებს, გნებავთ პრეზიდენტს, რომ გავმართოთ დისკუსიები. აქ არის პუნქტები, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, „ქართულ ქარტიაში“ არსებობს საკითხები, რომელიც „გირჩის“ პოზიციებს ეწინააღმდეგება.

„სწორია საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი, ხელისუფლების შტოთა ბალანსისთვის გამოყენებული პუნქტები – ამ თვალსაზრისით არის წინსვლა. მაგრამ ასევე, არსებობს ბუნდოვანება და საკითხები, რომელიც „გირჩის“ პოზიციას ბევრ საკითხთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე კონტრაქტზე ხელმოწერას სთხოვენ, უფლება აქვს გამოთქვას შენიშვნები და მოისმინოს არგუმენტები. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მივესალმებით საქმეს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებს ეხმარება გაერთიანებაში და მათი ხმები ნაკლებად დაიკარგება“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ ფასების სტაბილურობა უზრუნველყო – ნათია თურნავა

საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია – 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალი ნარჩუნდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციური მოლოდინები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილებას კლებადი ტენდენცია ჰქონდა და ბოლო პერიოდში, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობდა ლარი კურსის გამყარება, რომელმაც საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტული ინფლაციის კლება და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა“, – აღნიშნა მან.

ინფლაციური ტენდენციების და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო და წლის ბოლომდე ეტაპობრივად, 1.5 პპ-ით, 9.5 პროცენტამდე შეამცირა.

„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ინფლაციური წნეხი აღმოფხვრილია და როგორც ინფლაციური მოლოდინები, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად ახლოსაა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების უფრო აქტიურ ფაზაში გადავედით. 2024 წლის დასაწყისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით ჯამურად 1.5 პპ-ით შევამცირებთ. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11 პროცენტიდან დღეის მდგომარეობით 8 პროცენტამდე არის შემცირებული.

აქ მინდა ვთქვა, რომ ვინაიდან ინფლაციური მოლოდინები მოთოკილია, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად შეგვემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი. ერთი მხრივ, ამან დადებითი გავლენა იქონია ქვეყანაში ლარის რესურსის ხელმისაწვდომობაზე. ლარის რესურსი ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანად მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად, ამსუბუქებს ვალის ტვირთს.

ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურად მიმდინარე მოვლენებს. ყოველთვის მზად ვართ, რეაგირება მოვახდინოთ ცვლადებად გარემოზე, საჭიროების შემთხვევაში შევარბილოთ და საჭიროების შესაბამისად გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ამით ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ ფუნდამენტს – ფასების სტაბილურობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სალომე ზურაბიშვილის ეგრეთ წოდებული შეთავაზება რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების აქტია -გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილის ეგრეთ წოდებული შეთავაზება, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების აქტია, –  ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა სურს.

„ჩვენ ვნახეთ ზურაბიშვილის ეგრეთ წოდებული შეთავაზება. რეალურად, ეს არის შეთქმულების აქტი საქართველოს წინააღმდეგ. ვნახეთ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, ამას საუბრობს ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო კონსტიტუციაზე, შემდეგ დაარღვია კონსტიტუცია, რომელიც აირჩია ხალხმა და შემდეგ უღალატა ხალხს. ახლა საუბრობს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა სურს იმ ძალასთან ერთად, რომელმაც, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საკუთარი ხალხი დახოცა, სიცოცხლეს გამოასალმა. ეს იყო დასტური, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით პოლიტიკურ პროცესებს არის შეერთებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 162-ე საქველმოქმედო აქცია თბილისში ჩაატარა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 162-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თბილისში ჩაატარეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

„საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 27-მა ბენეფიციარმა, მათგან 11 ვეტერანი,ხოლო 16 ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ. განხორციელდა 55 სამედიცინო ვიზიტი.

მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 162 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; სამედიცინო მომსახურება უფასოდ გაეწია სამსახურის 13 947 ბენეფიციარს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 ბიჭო, ცივილიზებული სამყარო არ გვეუბნებოდა, რუსეთს სანქციები დაუწესეო?- ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს 

ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?- ამ შეკითხვით მიმართა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ზარქუამდე კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რომელიც აღნიშნულ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს, კითხვით მიმართა, “ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ცდილობს თუ არა, რომ რუსული ავტორიტარიზმი შემოიტანოს ქვეყანაში. ამის შემდგომ ოპოზიციონერ დეპუტატს, ზარქუამ „ბლიც კითხვით” მიმართა.

„მე მინდა გიორგი ვაშაძეს [მივმართო], რომელსაც ესმის თემა. ბატონო გიორგი, ყველა გისმენთ და არცერთს არ გითქვამთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, იშველიებთ ვენეციის კომისიას, რომელიც აქ საერთოდ არაა წარმოდგენილი. მეორე – კიდევ ახალი სანქციები დაგვიანონსა და გიხარიათ. ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ გეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო? ყველა რომ შეხმატკბილებულად ეუბნებოდით, კი, ეს გააკეთეთო, არ გავაკეთეთ!

გუშინ წინ გამოვიდა გამოვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო, ახლა, იგივე პოზიციაზე ხართ? სანქციები უნდა დაგვეწესებინა? გეკითხები, ბლიც-კითხვა. მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“, – მიმართა ზარქუამ ვაშაძეს.

ზარქუას თავის მხრივ, ვაშაძემ ასე უპასუხა „ჩუმად, რანაირად ვიქნები?“. თუმცა, დეპუტატს წინადადების დასრულების საშუალება არ მიეცა, რადგან მას მიკროფონი გამოურთეს.

გარდა ამისა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძესაც მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა შეფასებას, რომ გამჭვირვალობის შესახებ საფრანგეთში არსებული კანონი ფრანგი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

„მე მესმის თქვენი მდგომარეობა, არ ხართ ცუდი კაცი, უბრალოდ, გახმოვანება გიწევთ ცუდი და იმ დაწერილი ტექსტების, თორემ მე თქვენ გიცნობთ და ვიცი, რომ ღირსეული კაცი ხართ, მაგრამ ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში, თქვენ მსხვერპლი ხართ. ბატონო გიორგი, როდესაც ქართულ კანონზე მუშაობდით, იმედი მაქვს, მით უმეტეს, რომ მადამ პრეზიდენტი გვყავს, ფრანგულ კანონსაც გაეცნობოდით. თქვენ აქ ბრძანეთ და შეფასებები მოიტანეთ, რომ ქართული კანონი უფლებებს ზღუდავს, დისკრიმინაციულია, კიდევ გარკვეული სახელი დაერქმევა და ა.შ. საზოგადოებამ იცის, რას ითხოვს ქართული ვარიანტი, არც ფიზიკურმა პირმა, არც მეწარმემ, არც სტუდენტმა, არც დოქტორანტმა, არც შშმ პირმა რეგისტრაცია არ უნდა გაიაროს, ეს არ მოეთხოვება. მოეთხოვება მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას და ისიც, თუ (დაფინანსება) 20%-ზე მეტია. მოეთხოვება წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს და გააგრძელოს მუშაობა. ამას თქვენ უწოდეთ რუსული მეთოდები. კითხვა მაქვს, ფრანგული კანონი, რომელიც ორივე პალატამ მიიღო და უკვე ამოქმედდება, ითვალისწინებს ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, მეწარმის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის სამწლიან პატიმრობას, მათ შორის ლიკვიდაციას. ფრანგული კანონი მედიის წინააღმდეგ არის, საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არის, პოლარიზაციას ხელს უწყობს და ის არის ფრანგი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი? გეკითხებით, ამ შეფასებას ეთანხმებით, თუ არა? არ მოგეშვებით, პასუხი უნდა დამიბრუნოთ“, – მიმართა ზარქუამ გიორგი მსხილაძეს.

ქვეყანა ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც „ევროპებში“ გაიქცევა – ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი [მსხილაძე] და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

წილოსანის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მსხილაძე წარმოადგენს, „გადაწყვეტილი აქვს, რომ ისტორიაში სამარცხვინო ასოებით შევიდეს“.

„ბატონო გიორგი, ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს უკვე გადაწყვეტილი რომ აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ უკვე, თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული? ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა ეხება უშუალოდ კანონს, რომელსაც თქვენ სრულად აბსურდული დასაბუთებით აპროტესტებთ. შეგიძლიათ თუ არა მომიყვანოთ კონკრეტული საჯარო წყარო და აქვე ველოდები ამ წყაროს დასახელებას, სადაც ჩვენ და ქართველი ხალხი ვნახავთ ყველა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას თავისი თანხებით, მიზნობრიობით მითითებულს, დონორებით და განხორციელებული პროექტებით? ველოდები საჯარო წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც თქვენ ამტკიცებთ, რომ გამჭვირვალეა სექტორი. შემდეგი კითხვა, ითვალისწინებს თუ არა კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ რაიმე სახის სასჯელს, გარდა ფინანსური სახდელისა, ადმინისტრაციული ჯარიმისა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია არ წარადგენს უბრალოდ ინფორმაციას მის მიერ მიღებული დაფინანსების და განხორციელებული პროგრამების შესახებ, ისიც წელიწადში ერთხელ. ასევე, პასუხებს ველოდები სამართლებრივს და არა პოლიტიკურს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდეთ თქვენი დანიშნულება რაც არის და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად, უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებულნი პარტიულად და ისე არიან სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი. პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზების გადაკეტვა დაიწყეს.

გუშინ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შეწყვეტის მოთხოვნით, მიმდინარე საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს, მხარდამჭერებს მოუწოდა, ორშაბათს დილიდან მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციები დაეწყოთ.

ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს -არჩილ თალაკვაძე

ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„იმის გასარკვევად, თუ რამდენად არაბუნებრივი, არაგულწრფელი და უპერსპექტივოა ეს გაერთიანება, ფრონტი, როგორც თვითონ თქვეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენეს სათავეში. უნდა გავიხსენოთ ფაქტები უახლოესი წარსულიდან, სადაც ეს ოპოზიცია სწორედ მას რუსეთის აგენტს, გაყალბებული არჩევნებით მოსულს, უკანონო პრეზიდენტს ეძახდა და დღეს სწორედ იგივე ოპოზიცია, რომელმაც დაკარგა ყოველგვარი თავმოყვარეობა, დღეს მას აცხადებს რაღაც ფრონტის ხელმძღვანელად. რა თქმა უნდა, ასეთი გაერთიანება არის ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. თუ ამის არ სჯერათ, მაშინ სცადონ არჩევნებში ბედი და დაინახავენ, რა არის რეალურად მათი მხარდაჭერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება.

„დღემდე სულ ვხედავდით, რომ მათ არჩევნები არ სჭირდებათ, უნდათ, ჩამოართვან არჩევნები ჩვენს მოქალაქეებს, ჩამოართვან არჩევნები საზოგადოებას და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით როგორმე დესტაბილიზაციით ეცადათ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა უკვე რაღაც ახალი ფრონტის ჩამოყალიბება დაიწყეს. საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება, არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, თავისი ლიდერი და თავისი პროგრამა წარუდგინოს ჩვენს საზოგადოებას. ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს. იგივე ხალხი ქართულ საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე არანაირი კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა, უმტკიცებდა, დემოკრატია უდრის სააკაშვილს და უმტკიცებდა, რომ ათი ათასი პატიმრიდან მხოლოდ ერთი უნდა გაათავისუფლოს ხელისუფლებამ კანონის გვერდის ავლით. აი, ასეთი ოპოზიცია ერთიანდება სალომე ზურაბიშვილის გარშემო. შესაბამისად, საზოგადოება ამას გასცემს პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 მაისს ქუთაისში +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +13, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.