Home Blog Page 4

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება -ირაკლი კობახიძე

ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება.

„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისთვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

თიბისის მობაილბანკში განახლებების სერია გრძელდება. მას შემდეგ, რაც გამარტივდა მობაილბანკის გახსნისა და მონაცემების აღდგენის პროცესი, ახლა უკვე მთავარი გვერდი განახლდა და მაქსიმალურადაა მორგებული თქვენს საჭიროებებსა და ინტერესებზე.

მობაილბანკის მთავარ გვერდზე, სტატიკური ელემენტები გახდა სექციური, ანუ მომხმარებელს აქვს საშუალება მხოლოდ ის სექციები გამოაჩინოს, რაც მას აინტერესებს და გვერდი საჭიროებისამებრ მოირგოს. მაგალითად, შეგიძლიათ მთავარ გვერდზე ინვესტიციები დაიმატოთ და ა.შ.

შეგიძლიათ ახლავე სცადოთ!

ჩვენი მომხმარებელი ჩვენი პრიორიტეტია. თიბისის საქმიანობის თითოეული ეტაპი ემსახურება იმას, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება, პირადი და კომფორტული გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იგრძნონ მხარდაჭერა, სანდოობა და მუდმივი განვითარება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების მეშვეობით, ჩვენ არამხოლოდ ვაკმაყოფილებთ მოლოდინებს, არამედ, ვცდილობთ მათ გადაჭარბებასაც.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო!

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო! ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

წულუკიანი ამბობს იმასაც, რომ „სახელმწიფო გადატრიალებიდან“ მომდევნო თვეებში ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნების შედეგად მოვიდა.

„ამაზე სტრასბურგის სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა. მაშინ ცესკოს ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს თემა გამოიკვეთა და კომისიის დასკვნის შესავალ ნაწილში – თუ ვინ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, მოხსენიებული იქნება.

ხელისუფლებაში მავნებელი ძალა მოვიდა და ეს ძალა ხელისუფლებაში გადატრიალებით და გაყალბებული არჩევნებით მოვიდა.

ეს შესავალში ნაჩვენები იქნება კონკრეტულად და დოკუმენტებზე დაფუძნებულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის ერთ თვით – 5 აგვისტომდე გაგრძელების საკითხს იხილავს.

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

11-13 ივლისს, ბათუმი რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების საუკეთესო დასაწყისის შესაქმნელად, 11 ივლისს, თიბისი კონცეპტი და VISA, გთავაზობთ ჯაზ მატარებლის კიდევ ერთ თავგადასავალს, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.

კომფორტული მგზავრობისა და გზად ბევრი საინტერესო აღმოჩენის მხარდამჭერი ტრადიციულად საქართველოს რკინიგზაა.

ჯაზ მატარებელი თბილისიდან 11 ივლისს, 10:50 საათზე დაიძრება. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ: კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია, ნიკალა ზუბიაშვილი. მგზავრობისას გათვალისწინებულია: ლანჩბოქსი და ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელი, სახალისო აქტივობები და საჩუქრები.

ჯაზ მატარებლით მოგზაურობა უფასოა!

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: TKT.GE/JazzTrain

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის VISA სადებეტო ბარათით, პირადი ნომრითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით

ადგილზე აუცილებელია წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და ჯაზ-ფესტივალის ბილეთი

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ-ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

თუ ჯერ არ შეგიძენიათ ჯაზ ფესტივალის ბილეთი, გაიგე რას გთავაზობს 11-13 ივლისს შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი. თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

აშშ-ის დარტყმებით ირანის ბირთვული პროგრამა არ განადგურებულა და მხოლოდ რამდენიმე თვით გადავადდა – The New York Times

დასავლურ პრესაში 24 ივნისს გამოქვეყნდა მასალები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და, საერთოდ, მისი ადმინისტრაციის ოფიციალურ მტკიცებას, რომ 22 ივნისს განხორციელებული ავიადაბომბვის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა განადგურდა. სინამდვილეში საქმე ასე არ არის, ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი მხოლოდ შეჩერდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გაგრძელდება. კერძოდ, ამას წერს როგორც ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times), ასევე ბრიტანული „დეილი ტელეგრაფიც“ (The Daily Telegraph) და რიგი სხვა გამოცემებიც.

გთავაზობთ „დეილი ტელეგრაფის“ მიერ დაბეჭდილ სტატიას სათაურით „აშშ-ის დარტყმებით ირანის ბირთვული პროგრამა არ განადგურებულა და მხოლოდ რამდენიმე თვით გადავადდა“ (ავტორი – კონორ სტრინგერი, მთ.რედაქტორის მოადგილე).

„თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს (DIA) მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, აშშ-ის მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტისადმი მიყენებულ დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამა არ გაუნადგურებია და მისი მოქმედება მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა. ურანის გამამდიდრებელი ობიექტები – მიწისქვეშა ქარხნები ფორდო და ნათანზე მაინცდამაინც ძალიან არ დაზიანებულან, როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობდნენ.

ასევე, პენტაგონის წინასწარი დასკვნების მიხედვით, ავიადარტყმებამდე ირანმა აღნიშნული მიწისქვეშა ქარხნებიდან გამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი წინასწარ გაიტანა და უფრო საიმედო ადგილზე გადამალა.

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტომ (DIA) დაადგინა, რომ აფეთქებების შედეგად დაინგრა მხოლოდ სამიზნე ობიექტების შესასვლელები, მთლიანობაში მიწისქვეშა ნაგებობები არ განადგურებულა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელისა და აშშ-ის რამდენიმედღიანი საავიაციო შეტევების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამის მოქმედება, რომლისაც ასე ეშინოდათ, მხოლოდ ექვსი თვით გადავადდა.

წინასწარი დასკვნები სრულიად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, ოპერაცია „შუაღამის დარტყმით“ „მთლიანად განადგურდა“ თეირანის ურანგამამდიდრებელი ობიექტები.

თავის მხრივ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ [პრესაში გაჟონილი] შეფასება „აბსოლუტურად არასწორია“ და რომ ის გამოქვეყნებულია „დაბალი დონის ანონიმური, უხეირო და წარუმატებელი პიროვნებების მიერ“.

„ამ ვითომდა სავარაუდო შეფასებების გაჟონვა არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამცირებისს და იმ მამაცი მფრინავების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მისია მაღალ დონეზე შეასრულეს“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-მდივნის ქეროლაინ ლივითის განცხადებაში, – „დოკუმენტი, რომელიც გამოაქვეყნა „სი-ენ-ენმა“ რომელიღაც ანონიმური წარუმატებელი პიროვნებების მეშვეობით, არის აბსოლუტურად არასწორი და მცდარი შეფასება. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა ხდება, როცა 13-ტონიან 14 ბომბს აგდებ ზუსტად სამიზნე ობიექტზე: ის სრულიად ნადგურდება“.

როგორც ცნობილია, კვირას, 22 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების თანახმად, ამერიკის შვიდმა B-2 ბომბდამშენმა, რომლებიც სტელსის ტექნოლოგიით არიან აგებულნი და რადარებისათვის უხილავია, GBU-57 ტიპის 14 ბუნკერსანგრევი ბომბი ჩამოაგდეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, გარდა ამისა, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმაც გაუშვა „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები, რომელთა მეშვეობით ისპაჰანის ურანგამამდიდრებელი ქარხანა გაანადგურდა. ამერიკელი ერისადმი მიმართვაში დონალდ ტრამპმა ოპერაცია უმაღლეს დონეზე შეაფასა.

ექსპერტებმა უარყვეს მტკიცება, რომ ირანის ქარხნები და გამდიდრებული ურანის მარაგი განადგურდა.

ორმა პიროვნებამ, რომლებიც საქმეში ჩახედულები არიან და დაზვერვის ანგარიშს კარგად იცნობენ, ტელეარხ „სი-ენ-ენ“-ს შეატყობინეს, რომ ბირთვული იარაღის მთავარი საკვანძო შემადგენელი ელემენტი – გამდიდრებული ურანი განადგურებული კი არ არის, არამედ ის ირანელმა სამხედროებმა ქარხნებიდან წინასწარ გაიტანეს და სადღაც გადამალეს. „ამრიგად,

DIA-ს შეფასებით, აშშ-ის დაბომბვით ბირთვული პროგრამა კი არ განადგურდა, არამედ მაქსიმუმ მხოლოდ რამდენიმე თვით გადავადდა, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

კოსმოსური თანამგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს ავტოკოლონები, რომლებიც სამ ბირთვულ ობიექტებთან არიან თავმოყრილნი და შემდეგ მათ ტოვებენ, რაც ადასტურებს ირანის განცხადებას, რომ მან ავიადაბომბვის წინ მოასწრო [სხვადასხვა მოწყობილობა-დანადგარებისა და] გამდიდრებული ურანის 400-კილოგრამიანი მარაგის გატანა.

დაზვერვის ანგარიში მოწმობს, რომ ირანი ძველებურად აკონტროლებს მთელ თავის ბირთვულ მასალებს. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში თეირანს შეუძლია საკმაოდ სწრაფად აღადგინოს და გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი… არადა, ჰააგაში, ნატოს სამიტზე მიმავალმა დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებთან კვლავ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება მისთვის „დიდ პატივს და ღირსებას წარმოადგენს“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რომ შენივე კოლეგები, რომლებსაც ასევე ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები, გამალებით არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამართულ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გასულ ოთხ წელზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამ წლებში, ყველაზე თვალსაჩინოდ გამოჩნდა ის საფრთხეებიც და გამოწვევებიც, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას და გამოჩნდა ისიც, თუ ვინ რას აკეთებს რეალურად ამ მხრივ.

“ევროკავშირთან ურთიერთობები და ის გამოცდილებაა განსაკუთრებით საინტერესო პოლიტიკურად და იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი. ალბათ წარსული გამოცდილება განაპირობებდა იმას, რომ მე, როგორც პარლამენტის წევრს, მეკავა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და ოთხი წლის განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, რაღაც წვლილი შემეტანა ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში, პირველ რიგში და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციაშიც.

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ეს ოთხწლიანი პერიოდი, განსაკუთრებით, იმ გამოცდილებით, სადაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა საფრთხეებიც, გამოწვევებიც, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყოველთვის იდგა, მაგრამ უფრო მეტად გამოჩნდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. კარგად გამოჩნდა, რა პროცესები მიდის საქართველოსთან დაკავშირებით და ვინ რას აკეთებს ამ პროცესში,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან სამწუხარო უწოდა ფაქტს, როდესაც კოლეგები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები ჰქვიათ, გამალებით იბრძვიან სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბოჭორიშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული.

„სამწუხაროა ერთი მხრივ, როდესაც ხედავ, რომ შენივე კოლეგები, შენს გვერდით მსხდომი ადამიანები, რომლებსაც ასევე ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები, გამალებით არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. ნამდვილად არ არის ეს სასიამოვნო სანახავი და არ ვიცი, როგორ შეიძლება ბედნიერებას გგვრიდეს.

ორ დელეგაციაში, რომლებსაც ვხელმძღვანელობდი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA PAC) დელეგაცია და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) დელეგაცია), იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველიც და შესაძლებლობაც, გარკვეული საქმიანობა განეხორციელებინათ, თუმცა, ეს საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს თბილისის მერია 1 687 000 ლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს

სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფინანსური დახმარების გაწევა მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება.

„გახსოვთ ალბათ, სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა რამხელა ზარალი მიაყენა იქ მოვაჭრეებს. ჩვენი თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ დაზარალებულებს, ადგილზეც იმყოფებოდნენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები. მათი მოთხოვნის საფუძველზე, მყისიერად მოხდა ტერიტორიის მოწესრიგება, დასუფთავება, ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამ მიმართულებითაც გაიმართა არაერთი შეხვედრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერიამ გაუწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ეს თანხა ჯამურად შეადგენს 1 687 000 ლარს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, დაზარალებულების სახელით, მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავუხადო მადლობა, იმ დაზარალებული ხალხის სახელით, რომელიც ძალიან რთულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ მაშინვე გადავდგით ნაბიჯი, შევხვდით ამ ადამიანებს, გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. უკვე დაიწყო თანხების ჩარიცხვა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია ამ დაზარალებულ მეწარმეებთან. კიდევ ერთხელ, მადლობა პრემიერ-მინისტრს, რათა მყისიერად მოხდა თანხების გამოყოფა და გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ ეს ადამიანები არ დაგვეტოვებინა პრობლემების პირისპირ. მზად ვართ, შევასრულოთ მთავრობის დავალება და გავცეთ აღნიშნული დახმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი კაპიტალი ინვესტორებისთვის უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე წვდომას აფართოებს

თიბისი კაპიტალი საერთაშორისო ბაზარზე განვითარებას განაგრძობს და ინვესტორებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

თიბისი კაპიტალი პირველი საინვესტიციო ბანკია, რომელსაც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელმა სააგენტომ ე.წ. რეგულატორული სენდბოქსის წევრობა მიანიჭა. აღნიშნული საშუალებას იძლევა, თიბისი კაპიტალის ინვესტორებისთვის უზბეკეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

რეგულატორული სენდბოქსი სპეციალური სამართლებრივი რეჟიმია, რომელიც უცხოურ შუამავალ კომპანიებს საშუალებას აძლევს, არარეზიდენტ პირებს სპეციალური ლიცენზიების გარეშე მოემსახურონ. თიბისი კაპიტალი შეძლებს, ინვესტორების სახელით ჩაერთოს უზბეკეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, შეიძინოს სახაზინო ობლიგაციები, კორპორატიული ბონდები, ასევე ჰქონდეს ნაღდი ფულის ანგარიში ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში და სხვა.

„თიბისი კაპიტალი აქტიურად მონაწილეობს უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ახალი სტატუსი კი საშუალებას გვაძლევს ავამაღლოთ ჩვენ მიმართ ნდობა და გავაფართოოთ თიბისი კაპიტალის როლი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. უზბეკეთის რეგულატორი სენდბოქსის წევრობა სრულიად ახალი საფეხურია ჩვენთვის და ჩვენი ინვესტორებისთვის, რომლებსაც მრავალფეროვან პროდუქტებზე წვდომის საშუალებას ვაძლევთ. ამ ნაბიჯებით ვცდილობთ, ვუპასუხოთ მზარდ მოთხოვნას და მომხმარებლებს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები გავუხსნათ. ეს სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან, რომელიც გლობალურად თიბისი კაპიტალის გაფართოებას გულისხმობს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

 მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და „ჯარის ბანაკი“ სწორედ ამას ემსახურება – პრემიერი

მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ვფიქრობ, რომ „ჯარის ბანაკის“ პროექტი ამას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1700 ახალგაზრდას უშუალო შეხება ექნება ჯართან და გაეცნობა ჯარისკაცის ცხოვრების წესს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული -1700 ახალგაზრდას გექნებათ უშუალო შეხება ჯართან, გაეცნობით ჯარისკაცის ცხოვრების წესს, თავად ეზიარებით ამ ცხოვრების წესს და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად მიიღებთ სარგებელს ამ დღეებიდან. გისურვებთ ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო 6 დღის გატარებას. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ემოციებით დატოვოთ ეს ბანაკი და მნიშვნელოვანი, მთავარი ამოცანა რაც აქვს ამ პროექტს, ეს არის ის, რომ გაიზარდოს ადამიანებში, ჩვენს ახალგაზრდებში, ჩვენს თანამოქალაქეებში პატრიოტული სულისკვეთება. მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის სწორედ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი და ეს დღეებიც ამას ემსახურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

უწყების ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ერაყის, რუსეთის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ნიგერიისა და მაროკოს – ჯამში 34 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ადრეული შეფასება, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა, მცდარია – თეთრი სახლის სპიკერი

J

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ადრეული შეფასება, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა, მცდარია.

„ამ სავარაუდო შეფასების გაჟონვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და იმ მამაცი პილოტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობაა, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მისია იდეალურად შეასრულეს“, – აღნიშნა მან.

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი.

ადრეული შეფასება თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის ეფუძნება ბრძოლის შემდგომ ზარალის შეფასებას, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ამერიკული დარტყმების შემდეგ განახორციელა.

ობიექტებისთვის მიყენებული ზიანის ანალიზი და დარტყმების გავლენა ირანის ბირთვულ ამბიციებზე კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა შეიცვალოს, როდესაც ახალი სადაზვერვო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, ადრეული დასკვნები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დარტყმებმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტები „სრულიად გაანადგურა“. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმაც კვირას განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ამბიციები „განადგურებულია“.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 ივნისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა, +28 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +19, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღე იქნება თელავშიც, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.