ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი ხდება? ირანზე დარტყმით და კონგრესის დაქვემდებარებით დონალდ ტრამპი აბრამ ლინკოლნის დროიდან ყველაზე მეტი ცალმხრივი და ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე ლიდერია“ (ავტორი – ჯონ ბოუდენი). პუბლიკაციაში განხილულია დონალდ ტრამპის მართვის მეთოდები – იგი ყველა საკითხში ჩარევასა და ყველაფრის დაქვემდებარებას ერთპიროვნულად ცდილობს, იგნორირებს საკუთარი ადმინისტრაციის წევრების პოზიციას და ყველას თვითონ მიუთითებს, რა და როგორ გააკეთოს.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ნათლად მიანიშნა, რომ მას სურს ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი იყოს აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში. შესაძლოა, იგი უკვე არის უძლიერესი ლიდერი. დონალდ ტრამპის განცხადებამ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის თაობაზე დემოკრატების მწვავე რეაქცია გამოიწვია – მათ პრეზიდენტი მორიგი ახლოაღმოსავლური ომის ესკალაციაში დაადანაშაულეს, რომელიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
ირან-ისრაელის კონფლიქტში უშუალოდ ჩარევამ დონალდ ტრამპს შესაძლებლობა მისცა გაეფართოვებინა აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვრები და გაეგრძელებინა ის ტენდენცია, რომელიც მან იანვარში დაიწყო, სახელდობრ, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ცენტრალიზაცია და მისი პირადად მართვა ოვალური კაბინეტიდან. ამ ძალისხმევის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს პრეზიდენტის მზადყოფნა – არაფრად არ ჩათვალოს თავისი მოადგილის (ვიცე-პრეზიდენტის) და მრჩევლების პოზიცია, რომლებსაც ხშირად საჯაროდ აკრიტიკებს და უარყოფს თავის გამოსვლებში
რაც შეეხება ირანს, დონალდ ტრამპმა ამ საკითხში დინამიკა ისე ააჩქარა, რომ მისი ბრძანებით ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამართლება ძალიან დაემსგავსა ერაყის ომში, 2002 წელს, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის თავის მართლებას.
ხომ გახსოვთ, რომ ჯორჯ ბუშმა ერაყში შეჭრა იმით გაამართლა, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი აქვსო. დონალდ ტრამპმა კი საწინააღმდეგო ტაქტიკა აირჩია: მან საჯაროდ უარყო მთავრობის ერთ-ერთი პასუხისნგებელი პირის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის განცხადება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.
როცა პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, „რას იტყვით დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომ ირანს ბირთვული ბომბის შესაქმნელად რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამსო, პრეზიდენტმა უპასუხა:
„- ჩემი სადაზვერვო უწყება სცდება… მოიცა, რომელმა თქვა ასე დაზვერვის უწყებაში?
– თქვენს მიერ დანიშნულმა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა…
– იგი სცდება… და საერთოდ, მე სულ არ მადარდებს, თუ რა თქვა ტულსი გაბარდმა. მე გეუბნებით, რომ ირანელები ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვული ბომბის შექმნასთან“.
აი, ასე ამბობს პრეზიდენტი დაზვერვის ინფორმაციის საწინააღმდეგოდ. გამოიცანით, ვინ გაიმარჯვა…
იგივე შეიძლება ითქვას ვიცე-პრეზიდენტის მიმართაც: ჯეიმს ვენსმა ტელეარხ NBC-ის გადაცემაში „შეხვედრა პრესასთან“ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს განზრახული ირანის მმართველი რეჟიმის შეცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ კი დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკურად არაკორექტული იქნება „რეჟიმის შეცვლა“ ვთქვა, მაგრამ თუ ირანის დღევანდელ რეჟიმს არ შეუძლია ქვეყნისათვის ძველი დიდების დაბრუნება, მაშინ ის უნდა შეიცვალოს. MAKE IRAN GREAT AGAIN! MAGA – MIGA!!!”
აზრი ერთიდაიგივეა: ამჟამად მხოლოდ პრეზიდენტის შინაგან რწმენას უნდა დავუჯეროთ. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი თავის რწმენას ელვისებურად იცვლის ხოლმე: ჯერ ამბობს, რომ „მე მტკიცე სამშვიდობო ზავი დავადებინე ისრაელს და ირანსო“, მაგრამ შემდეგ მტკიცე მეგობარს და მოკავშირეს ბენიამინ ნეთანიუჰუს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს და გაბრაზებული ეუბნება – „დააბრუნე უკან თვითმფრინავებიო“.
ორშაბათს MAGA-ს წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა მარჯორი ტეილორ-გრინმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრია ჯორჯიას შტატიდან და მხარს უჭერს დონალდ ტრამპს, ამჯერად ანტიტრამპისტულად განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის ცვლილებისადმი აშშ-ის ძალისხმევა ხანგრძლივ სისხლიან ომს გამოიწვევსო. როც კონგრესვუმენს უთხრეს, რომ იგი პრეზიდენტის ნათქვამის წინააღმდეგ გამოდის, მან ასე უპასუხა: „ტრამპი მეფე არ არის, და არც MAGA არ არის კულტი… და საერთოდ, მე ჩემი აზრი მაქვს ამ საკითხში“.
დემოკრატებისათვის, რასაკვირველია, სასიამოვნო იყო ტრამპისტ მარჯორი ტეილორ-გრინის განცხადება, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ჯორჯიელ დეპუტატს მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს არც კონგრესის წევრ რესპუბლიკელებში და არც სახელმწიფო დეპარტამენტში, რომ მისმა მოქმედებამ ტრამპისტებში რაიმე ღრმა განხეთქილება გამოიწვიოს
პრეზიდენტის მცდელობის კვალობაზე, რომ მან მთლიანად დაიქვემდებაროს კონგრესის წევრი რესპუბლიკელები, მას ასევე განზრახული აქვს (და აკეთებს კიდეც), რომ ფედერალური სააგენტოების ფუნქციებიც კი ოვალური კაბინეტიდან განახორციელოს, თავისი მაგიდიდან. ანუ თეთრი სახლი მართვის ცენტრალიზებას ცდილობს, ყველგან და ყველაფერში.
დონალდ ტრამპის მოქმედებაში შესამჩნევია ერთი ნიუანსი – იგი არ ცდილობს კონგრესისათვის „კისერის მოგრეხვას“, რაც ყველა დროის ამერიკელი პრეზიდენტების ნატვრას წარმოადგენდა, კონგრესის ორივე პალატა მას ისედაც ხელში ჰყავს: წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც რესპუბლიკელები არიან უმრავლესობაში. ეს საკმაოდ უნიკალური სიტუაციაა რესპუბლიკელი პრეზიდენტისათვის. მაგრამ სამაგიეროდ, მან ბრძოლა გამოუცხადა ამერიკულ თემიდას – სასამართლოებს და ადგილობრივ ხელისუფლებს. ტრამპის იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა იმ მოსამართლეებს, რომლებიც შეცდომით დეპორტირებულ სალვადორელ კილმარ აბრეგო გარსიის უკან, ამერიკაში დაბრუნებას ითხოვდნენ. იგი დღეს ისევ ამერიკაშია, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბოლოოდ მას მაინც გააძევებენ ქვეყნიდან. საერთოდ, დონალდ ტრამპი, მისი საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ინციდენტების გამო, მოსამართლეებს ნეგატიურად უყურებს და ცდილობს, ნებისმიერი მომენტით ისარგებლოს მათ საწინააღმდეგოდ.
ცალკე ყურადღების ღირსია კალიფორნიაში მომხდარი გამოსვლების დეტალები. პრეზიდენტის ძალის დემონსტრაცია, რომელიც შტატში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების შეყვანაში გამოიხატა, იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს მისთვის საძულველ სახელმწიფო ჩინოვნიკებს – კერძოდ, შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს და ლოს-ანჟელესისი მერს კარენ ბასს (სხვათა შორის, ორივენი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები არიან) უფლებამოსილება წაართვას და თვითონ შეასრულოს.
და ბოლოს, ინციდენტი ტელეარხ „სი-ენ-ენთან“ დაკავშირებით, რომლის ჟურნალისტმა ნატაშა ბერტრანმა ეჭვქვეშ დააყენა დონალდ ტრამპის განცხადება ირანის ბირთვული ობიექტების განადგურების შესახებ და გამოაქვეყნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საიდუმლო მოხსენების ფრაგმენტები (ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით), რომლის თანახმად, აშშ-ის ბომბდამშენების მიერ განხორციელებული ოპერაცია ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა – ირანმა თავისი ბირთვული პოტენციალი შეინარჩუნა. „ნატაშა ბერტრანი მატყუარაა და ის CNN-დან უნდა გათავისუფლდეს. მას საყვედური უნდა გამოეცხადოს და ძაღლივით უნდა იქნას გაგდებული ტელეარხიდან. მან ჩვენი პატრიოტი პილოტების დამსახურება ცუდად წარმოაჩინა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში.
მოკლედ, დონალდ ტრამპისათვის საკითხი იმით კი არ გამოიხატება, მზადაა თუ არა ადმინისტრაცია „წითელ ხაზს“ გადააბიჯოს (მან ეს უკვე გააკეთა), არამედ იმაში, თუ რამდენად შორს წასვლა შეუძლია. როგორ შეძლებენ დემოკრატები დონალდ ტრამპისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საერთოდ, ექნებათ თუ არა მათ ამის შესაძლებლობა უახლოეს წლებში? ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელი რჩება.
წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ