Home Blog Page 3

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ამ კანონპროექტს დღეს ვერ ამოვწურავთ. ხვალ 11:45-ზე გვექნება ბიუროს ხდომა, 12:00-ზე კი პლენარულ სხდომას ამ კანონის განხილვით განვაახლებთ, შესაბამისად დღეს კენჭისყრა არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც მისი ადგილია”- ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა დაბრუნდეს. მისი თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის კლინიკაში ყოფნის საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ განცხადებებს ვისმენდით, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციონერი ლიდერი არის კრიმინალი მელიაო, მართალია, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შტურმს, პარლამენტის შენობაში შეჭრას აპირებდა, მაგრამ ხელი არ უნდა დაადოთო. ამ ხალხმა უღალატა კონსტიტუციას, გადადგნენ და ახალ გველაპარაკებიან მორალურ ფასეულობებზე. ჩვენ ამიტომ არ გავიზიარეთ ეს განცხადებები ისევე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების საპროტესტო ნოტა, ვითომ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი. დარჩა იქ, სადაც მას ეკუთვნის ყოფნა და მოუწევს კიდევ ყოფნა. სხვათა შორის გამოიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოდან, იზრუნა იუსტიციის სამინისტრომ, კარგ მდგომარეობაში ვარო. დემენეცია განიკურნა, საქართველოში პირველად მოხდა, მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი. კლინიკაში მისი ყოფნის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს.
აღინიშნა, რომ საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირის საიმედო მოკავშირეა, რომელიც განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობას .
პრემიერ-მინისტრმა ჟან-ფრანსუა რაპენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება”- სუბარი

,,შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სუბარმა გაიხსენა ის საერთაშორისო დოკუმენტები, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარეა დადანაშაულებული და რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე თავის დიდ გამარჯვებად ასაღებდა. “ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ამ თარიღთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო 2008 წლის ომი და ის ღალატი, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა – მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს. მე აღარ ვილაპარაკებ ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე, „1633-ის“ სახელით რომ არის ცნობილი, რომელზედაც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა რატი იონათამიშვილმა ვრცლად ისაუბრა და სადაც ამ ღალატის დოკუმენტური გაფორმება მოხდა ომის დამთავრებიდან ორ თვეში. სამაგიეროდ, წავიკითხავ ერთ ციტატას, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციის დღევანდელ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილს: „იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე, ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა. გამოიწვია მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებული რუსეთის სამხედრო რეაქცია. მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებასა და ტერიტორიების გეგმურ დაკარგვას. სააკაშვილი ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ არ არის გასამართლებული და სანამ არ გასამართლდება, მანამდე საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და ვერც რუსეთს მოვთხოვთ პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე.“ დღეს ამ სიტყვების ავტორი იმ ძალებთან ერთად, რომელთაც ომის დაწყებასა და ქვეყნის გაყიდვაში ადანაშაულებდა, სათავეში უდგას საქართველოს და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 30 სექტემბერს, გამოქვეყნდა აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ე.წ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რაც სააკაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა საქართველოსა და პირადად მის უდიდეს გამარჯვებად. არადა, ამ დასკვნაში წერია, რომ „ომი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველო თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე, 2008 წლის 7-8 აგვისტოს. უფრო მეტიც, მისიამ განაცხადა, რომ როდესაც საქართველომ ცხინვალის დაბომბვა დაიწყო, არავითარი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლადაც თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა. ამ სიტყვებს რომ საქართველოს დიპლომატიურ გამარჯვებად გამოაცხადებ, ამას ერთადერთი სახელი აქვს – სამშობლოს ღალატი. ნაციონალურმა მოძრაობამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რამდენად დამაზიანებელი იყო ეს დასკვნა საქართველოსთვის. ამიტომ მათ უარი თქვეს მის თარგმნასა და გამოქვეყნებაზე, რათა ის, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, არ გაეგო ქართველ ხალხს. წავიკითხავ, რას წერს იმდროინდელი მსოფლიო პრესა ამ დასკვნის შესახებ. სააგენტო „როიტერსი“: “საქართველო მთავარი წაგებული მხარეა ევროკავშირის ომის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ევროკავშირის ანგარიში თბილისს ბევრად უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მოსკოვს.“ „უოლ სტრიტ ჯორნალი“: „საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“.

ეს არის სტატიის სათაური, ტექსტში კი წერია, რომ „მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ანგარიშის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაისროლა პირველმა.“ შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს. სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, ფრონესა და კოდორის ხეობებში, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. ამ ღალატს წინ უსწრებდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა; ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება; კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა; 2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება და უამრავი პროვოკაცია, რამაც საბოლოოდ რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პირობას ვდებთ, რომ როგორც კი მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება და ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„რამდენს გიხდიან, რომ „რუსული“… „რუსული“ იძახოთ? – ოხანაშვილი ოპოზიციას

საკანონმდებლო ორგანოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა ისევ დაპირისპირებით გრძელდება. „რამდენს გიხდიან რომ „რუსული“… „რუსული“ იძახოთ? – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას.

„თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იყენებთ. ქალი, რომელმაც საქართველოს მოაქალაქეობა დათმო უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში შესასვლელად, მორალური უფლება არ გაქვთ ვინმეს რამე უთხრათ. მორჩა. რამდენს გიხდიან, რომ „რუსული“… „რუსული“ იძახოთ? მოსმენის კულტურა არ გაქვთ, არ გრცხვენიათ? თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებთ. თქვენთან საუბარს არ ვაპირებ, ვესაუბრები ჩვენს ხალხს. მშვიდობა ხომ გაქვთ? წყალი ხომ არ მოგაწოდოთ? მორალური უფლება არ გაქვთ, აქ რომ საუბრობთ“ – ასე მიმართა ოხანაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

,,ბატონო ანრი, რა განსხვავებაა ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის? რომელი უფრო მაგარია – ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე?”- გოცირიძე

გუშინ „ქართული ოცნების“ აქციაზე, რომელიც რეგიონიდან ჩამოყვანილი, ძალით მოყვანილი ხალხით ჩაატარეთ, ყოველი მეორე გამომსვლელი ამბობდა, რომ “ცალ ფეხზე არ იხტუნავებდა” – რა განსხვავებაა, ბატონო ანრი, ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის? რომელი უფრო მაგარია – ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე? – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

 

რომან გოცირიძემ ოხანაშვილის მისამართით აღნიშნა, რომ მას არც ერთი კითხვისთვის არ უპასუხია და “საკმაოდ ბევრი დრო მოანდომა 20 წლის წინ მომხდარ თემებზე საუბარს”.

 

„ბატონო ანრი, არ გაეცით თქვენ არც ერთ კითხვას პასუხი, მათ შორის, არც ჩემს კითხვას და ნახევარსაათიანი გამოსვლა გქონდათ რაღაც ფილოსოფიურ თემებზე, მათ შორის, ვინ რომელი ჯილდო მიიღო 20 წლის წინ. ამიტომ მიპასუხეთ ერთ შეკითხვაზე – გუშინ „ქართული ოცნების“ აქციაზე, რომელიც რეგიონიდან ჩამოყვანილი, ძალით მოყვანილი ხალხით ჩაატარეთ, ყოველი მეორე გამომსვლელი ამბობდა, რომ “ცალ ფეხზე არ იხტუნავებდა”. იმავეს ამბობდით აქ პარლამენტში ნახევარი წელია, რაღაც სიტყვა გამოიგონეთ, ვერ გავიგე, „დავგუგლე“, ვეძებე ქართული ხალხური გამოთქმები… რა განსხვავებაა, ბატონო ანრი, ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის. რომელი უფრო მაგარია – ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე? ცალ ფეხს ხომ მეტი ოსტატობა უნდა?!“- განაცხადა გოცირიძე.

 

რომან გოცირიძეს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა.

 

„ბატონო რომან, ცალ ფეხზე ხტუნაობა ახსენა გიორგი ბურჯანაძემ, რომელიც იყო სახალხო დამცველის მოადგილე. მან პირდაპირ მოგვიწოდა, რომ თუ გვეტყვის ევროკავშირი ცალ ფეხზე იხტუნავეთო, ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაოთ ერთი კვირაო”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

,,შეურაცხყოფა ისეთმა ადამიანმა უნდა მომაყენოს, რომელიც თვითონ რამეს წარმოადგენს”- დეკანოიძე

ბატონო ანრი, შეურაცხყოფა ისეთმა ადამიანმა უნდა მომაყენოს, რომელიც თვითონ რამეს წარმოადგენს, ამიტომ არცერთი ჩვენგანი შეურაცხყოფას არ მიიღებს ბიძინა ივანიშვილის მსახურისგან – თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის დამნიშნავი პოლიტიკური ძალა მე მელაპარაკება ღალატზე?, – ასე უპასუხა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც პარლამენტში ხატია დეკანოიძესთან კამათისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სთხოვა, გადაეღოთ, “როგორ გამოიყურება ღალატის სახე”.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობაზე საუბრობს, თუმცა როდესაც რამდენჯერმე შემოსავლების სამსახურს „ქართუსთან“ დაკავშირებით წერილით მიმართა, პასუხი არ მიუღია.

„მე შარშან სამჯერ გავაგზავნე შემოსავლების სამსახურში წერილი „ქართუსთან” დაკავშირებით. თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, მე შემოსავლების სამსახურმა რატომ არ გამომიგზავნა წერილი და რატომ არ მოახსენა საქართველოს პარლამენტს, რით არის დაკავებული „ფონდი ქართუ“? სად არის ეს წერილი? თუ თქვენ ბიძინა ივანიშვილის გამჭვირვალობაზე არ ზრუნავთ?“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

,,მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოღალატედ ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს”- ოხანაშვილი

მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და სხვას მოიხსენიებენ მოღალატედ ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს. ახლა ერთად შევახსენოთ ვინ არის მოღალატე ამ დარბაზში და ვინ გააფორმა ოფიციალურად რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ არიან მოღალატეები და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ მოღალატეთა სია როგორია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ საუბრობს დემოკრატიაზე, ვინ საუბრობს ღალატზე, ვინ საუბრობს რუსეთუმეობაზე.

„ეს არის რეზოლუცია 1633 (2008) საქართველოს და რუსეთს შორის ომის შედეგები, პუნქტი 5 – ამას გაგიმეორებთ ყველა ჯერზე როგორია მოღალატეობა და ეს უნდა ატაროთ მთელი ცხოვრება, „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით“. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს“. ქალბატონო თინა (ბოკუჩავა) ეს არის თქვენი ძალის ხელმოწერილი მოღალატეობრივი ხელმოწერა. აი ეს არის ჩემი როგორც იურისტის შეფასება რეზოლუციაზე, ამიტომ მოღალატეებმა ხმა არ უნდა ამოიღოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდნენ და არჩევნების შემდგომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაასამართლებს ოპოზიციას მათი ღალატის და პოლიტიკური სიმძიმის გამო.

„ახლა ვინ გველაპარაკება ჩვენ, გიორგი ვაშაძე 2011 წელს სააკაშვილმა დააჯილდოვა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით, 2011 წლის 26 მაისს, დარბევიდან მეორე დღეს. სირცხვილის განცდა არ გაქვთ? ქართველების რუსთაველზე დარბევიდან მეორე დღეს ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე თქვენი ბელადი სად იდგა არ გახსოვთ? ვის შემოუძღვა აქ და ვის უკრავდა ტაშს, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოშიო? აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე „ვეტეო“-ში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას რატომ დაუჭირეთ მხარი? ოკუპანტს რატომ დაუჭირეთ მხარი, რომ არა საქართველოს მხარდაჭერა ვერ იქნებოდა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამიტომ მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ, მაგრამ არჩევნების შემდგომ ადგილი თქვენთვის იქნება გამოყოფილი და შესაბამისად ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაგასამართლებთ. ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის თურმე ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი – 2016 წელს უცხო სახელმწიფო სამსახურში ჩადგომის გამო უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივარი უცხო სახელმწიფო სამსახურში შესვლის გამო სამშობლოს მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს, ამიტომ თქვენი წარსული არის მტკიცებულება ღალატის და პოლიტიკური სიმძიმის, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებზე სააღდგომოდ დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა  ავიარეისს ნიშნავს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შესრულდება შემდეგი განრიგით:

„2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე;

3 მაისი:ნატახტარი – მესტია, გაფრენა- 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;

6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;

8 მაისი: ნატახტარი – მესტია გაფრენა- 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 18:15საათზე.

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 ,,შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია” – ირმა ზავრადაშვილი

შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციონერ კოლეგებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „სამშობლო არ უყვარდეთ“.

„ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კოგნიტიური აშლილობა ერთმანეთის იდენტურია ხოლმე და ძალიან მომწონს. შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ. იცით როგორ წამლავთ? – მაქსიმალურად გინდათ, რომ სამშობლო არ უყვარდეთ. აი, ესენი ხართ თქვენ. არც მეტი და არც ნაკლები. უცხოური ძალა, ფული, ინტერესი და გავლენა კანონთან არანაირ კავშირში არ არის. ეს არის ფაქტი, უცხოურია და მორჩა. რაც შეეხება კანონს, ქართულია და კანონს არ შეიძლება, რომ სამშობლო ჰყავდეს.

რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს, ბატონო ანრი [ოხანაშვილი], ჯანდაცვის სამინისტრო 400-მდე აიპით, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სოციალურ ჯგუფებს, ჯანდაცვის სამინისტროდან წლიურად იღებს 463 მილიონს. დაახლოებით 2 მილიონამდე თანხას იგივე ორგანიზაციები იღებენ დონორებისგან. აი, ეს 400 აიპი, რომელიც პარალელურად სახელმწიფოსგან იღებს დაფინანსებას და დონორისგანაც დაფინანსებას იღებს… იყო თუ არა კომუნიკაცია მათთან და აქვთ თუ არა გათვითცნობიერებული, რომ ეს დიდი თანაფარდობა იმის საფუძველია, რომ ამდენი აპელირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვა სოციალური ჯგუფების დაფინანსების ნაწილში არანაირი საფრთხის წინაშე არ დგანან, ეს ადამიანები?“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

ყოჩაღ, ბატონო ანრი, საკუთარ თავს აჯობეთ დღეს და დაგაწინაურებენ ანა წითლიძე ოხანაშვილს

ყოჩაღ, ბატონო ანრი! საკუთარ თავს აჯობეთ დღეს ტრიბუნიდან და დაგაწინაურებენ, აუცილებლად დაგაყენებენ მომავალში ივანიშვილის გვერდით , – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

წითლიძემ ოხანაშვილის მისამართით თქვა, რომ 12 წელია ხელისუფლებაშია და კიდევ ვერ დაიმახსოვრა, რომ წარსულზე არ უნდა ისაუბროს.

„ყოჩაღ, ბატონო ანრი! საკუთარ თავს აჯობეთ დღეს ტრიბუნიდან და დაგაწინაურებენ. აუცილებლად დაგაყენებენ მომავალში ივანიშვილის გვერდით. აი, ყოჩაღ! იმის გვერდით [დაგაყენებენ] ვის დავალებასაც ახლა ასრულებთ და ვისაც თავს აწონებთ აი, ამ რიტორიკით. 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და კიდევ ვერ დაიმახსოვრეთ, რომ არ ისაუბროთ წარსულზე. თქვენგან განსხვავებით მე მეამაყება ყოველი წუთი და წამი იმ 9 წლის. თქვენ შეგრცხვებათ აუცილებლად“,- განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, ანა წითლიძემ ანრი ოხანაშვილის მისამართით საკუთარი კითხვა დააზუსტა და მომხსენებელს უთხრა, რომ კონკრეტულად უპასუხოს.

„კონკრეტული კითხვა დაგისვით და კონკრეტულად მიპასუხე თუ შეიძლება – მე გკითხეთ, იქნებ წარმოგვიდგინოთ რამე კვლევა, ეროვნული უსაფრთხოების კვლევა განახლებული, სადაც წერია, რომ ამ ქვეყანაში არსებობს საფრთხეები უცხოური აგენტების“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

“მსახურები ხართ – რასაც გეტყვიან, ყველა იმ დირექტივებს ასრულებთ” – მიხეილ ყაველაშვილი „ნაცმოძრაობას“

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოზიტიური დაფინანსებაა, მაგრამ რაზეც კითხვები გვაქვს, პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ და სწორედ გამჭვირვალობის კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ „ენჯეოები“ როგორ ფინანსდებიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ამერიკაშიც ბრძოლა მიდის და იგივე პროცესი მიმდინარეობს ევროპაშიც. მისი თქმით, ოპოზიციონერ ლიდერებს გამბედაობა არ ჰყოფნით, სიმართლე ილაპარაკონ.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ კანონპროექტის მიღება – გამჭვირვალობა, რომელიც უნდათ, რომ უარყოფით კონტექსტში გამოიყენონ, იმ ძალას მიესადაგება, რომელმაც შეიძლება ის პროცესი დაგეგმა, რაზეც გუშინ საუბარი იყო – დღეს ქილიკის საგანია „გლობალური ომის პარტია“ – „ხალხის ძალა“ დიდი ხანია ამ თემაზე ვსაუბრობთ. თქვენგან, არც ერთისგან არ მომისმენია რა ხდება ევროპაში, რატომ იძახის მაკრონი, რომ ჩვენ ვასალები არ უნდა ვიყოთ და ევროპა უნდა მივხედოთო. მსახურები ხართ – რასაც გეტყვიან, ყველა იმ დირექტივებს ასრულებთ, არც გამბედაობა გყოფნით. დიახ „გლობალური ომის პარტიაა“, – ამერიკაშიც როგორი ბრძოლა მიდის ერთმანეთში, როგორია ეს პროცესები ევროპაშიც და როგორ მიდის საუბარი დამოუკიდებლობაზე ევროპაში.

დიახ, 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც დავალებას ასრულებდით – დავალება იყო ის, რომ სიტუაცია დაგეთბოთ. ბოკუჩავამ არ დამალა, „მაშინ მოგვიწოდეს, რომ სიტუაცია უნდა დაგვეთბო.“ სტრატეგიული ობიექტები [რუსეთს] მიყიდეთ, რადგან „გლობალური ომის პარტიას“ ასე სჭირდებოდა. ფაქტებზე გესაუბრებით – ეს არის განსხვავება. დასავლეთს პარტნიორებად ვთვლით, მაგრამ არ დავუხრით თავს, სიმართლეზე ვესაუბრებით. ამ ყველაფერს გამჭვირვალობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოზიტიური დაფინანსებაა, მაგრამ რაზეც კითხვები გვაქვს, პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ და სწორედ კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ „ენჯეოები“ როგორ ფინანსდებიან, რა მიზნები აქვთ და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.