,,შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია” – ირმა ზავრადაშვილი

32
spot_img

შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციონერ კოლეგებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „სამშობლო არ უყვარდეთ“.

„ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კოგნიტიური აშლილობა ერთმანეთის იდენტურია ხოლმე და ძალიან მომწონს. შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ. იცით როგორ წამლავთ? – მაქსიმალურად გინდათ, რომ სამშობლო არ უყვარდეთ. აი, ესენი ხართ თქვენ. არც მეტი და არც ნაკლები. უცხოური ძალა, ფული, ინტერესი და გავლენა კანონთან არანაირ კავშირში არ არის. ეს არის ფაქტი, უცხოურია და მორჩა. რაც შეეხება კანონს, ქართულია და კანონს არ შეიძლება, რომ სამშობლო ჰყავდეს.

რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს, ბატონო ანრი [ოხანაშვილი], ჯანდაცვის სამინისტრო 400-მდე აიპით, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სოციალურ ჯგუფებს, ჯანდაცვის სამინისტროდან წლიურად იღებს 463 მილიონს. დაახლოებით 2 მილიონამდე თანხას იგივე ორგანიზაციები იღებენ დონორებისგან. აი, ეს 400 აიპი, რომელიც პარალელურად სახელმწიფოსგან იღებს დაფინანსებას და დონორისგანაც დაფინანსებას იღებს… იყო თუ არა კომუნიკაცია მათთან და აქვთ თუ არა გათვითცნობიერებული, რომ ეს დიდი თანაფარდობა იმის საფუძველია, რომ ამდენი აპელირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვა სოციალური ჯგუფების დაფინანსების ნაწილში არანაირი საფრთხის წინაშე არ დგანან, ეს ადამიანები?“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.