Home Blog Page 3

დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს – ზურაბ ქადაგიძე ვატო ქავთარაძეზე

თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს „რეკლამშიკებს“ და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ – საჯარო ბულინგით ემუქრება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობლის, ვატო ქავთარაძის ფოტოს აქვეყნებს.

ქადაგიძის თქმით, ვატო ქავთარაძე დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს და მისგან ყოველ თვე 15 000 ევროც ერიცხება ხელფასის სახით.

„დღეს შეხვედრა მქონდა ჩემს ერთ ერთ უახლოეს მეგობართან, რომელმაც მთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ მეთქვა. სარეკლამო კომპანიაში მუშაობს და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. მთხოვა – საჯარო გამეხადა ინფორმაცია, რაც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. ესე იგი რა ხდება – ფოტოზე წარმოდგენილი ადამიანი არის ვატო ქავთარაძე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობელია. გაოგნებული დავრჩი ამ თავხედის მიერ დაორგანიზებული კამპანიით – თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს “რეკლამშიკებს” და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ – საჯარო ბულინგით ემუქრება. ახლა საქმე რაშია – რეკლამის მწარმოებლებს ძალიან სერიოზული კონტრაქტები აქვთ სახელმწიფო უწყებებთან და ცხადია, მათი უმეტესობა არაფერს ცუდს არ ფიქრობს ამ კანონზე, მაგრამ ბულინგს ვერ უძლებენ. ეს ვაჟბატონი კი, როგორც მეუბნებიან ყოველ თვე 15 000 ევროს იღებს კეზერაშვილისგან ხელფასის სახით და ფეხზე ჰკიდია, ვის რა შემოსავალი ექნება. აი ეს კაცი აშანტაჟებს ყველას, რომ როგორმე მოახერხოს და სარეკლამო კომპანიებს ჩაუხსნან კონტრაქტები, დავალებას კი პირადად კეზერაშვილისგან იღებს. ხმა ამოიღეთ – ნუ ბულინგდებით!!!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ოპოზიციის ველზე გამსხვილებას მივესალმებით, რადგან გვინდა, ამომრჩეველთან ის რეალობა მივიდეს, რაც არსებობს-იაგო ხვიჩია

საკმაოდ რთულია, როცა ერთიანობა პრინციპების გარეშე ხდება, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური რეალობა ცოტა განსხვავებულია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, გულშემატკივრობს, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს.

„ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე სულ სამი პარტია არსებობს, „ქოცები“, რომლებიც ამბობენ, ბიძინამ იცის, „ნაცები“, რომლებიც ამბობენ, მიშამ იცის და ჩვენ, „გირჩი“, რომლებიც პრინციპებით ვმოქმედებთ. ოპოზიციის ველზე გამსხვილებას მივესალმებით, რადგან გვინდა, ამომრჩეველთან ის რეალობა მივიდეს, რაც არსებობს. პრეზიდენტს და მეგობრებს წარმატებას ვუსურვებ, რადგან ამაზე დიდ საქმეს ვერ გააკეთებენ. როგორც ვიცი, პრეზიდენტი აქტორებს ელაპარაკება, რომ ნაბიჯების გადადგმა ნუ მოერიდებათ. ვგულშემატკივრობთ, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ტერმინის „რუსული კანონის“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია – ლევან დავითაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ხელისუფლების ურთიერთობაზე აშშ-სა და ევროპის პოლიტიკურ წრეებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათ დამოკიდებულებაზე კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას გავაგრძელებთ მომავალ წლებშიც და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება და მოემსახურება ორი ქვეყნის ინტერესებს. თანამშრომლობა დამყარებული იქნება ნდობასა და პატივისცემაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, ალბათ არ იქნება მიღებული. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ტერმინის „რუსული კანონის“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია და ეს არის „კლიშე“ და მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში. მისი თქმით, ოპოზიციას და პოლიტიკურ ძალებს შეჰყავთ შეცდომაში მოსახლეობა და ეს, შემდგომში, სამწუხაროდ, გაზიარებული იქნა რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან. „როდესაც მასიურად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს გამეორებულ იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ. თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო შინაარსზე მსჯელობა, მათ შორის, პრინციპულ განსხვავებებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი შეფასებით, კანონი ცალსახად არ არის რუსული. მას კავშირი არ აქვს რუსულთან.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონის „რუსულად“ მონათვლა იყო საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ შესაძლებელი იქნებოდა კანონის შინაარსობრივი განხილვა – გადახედვა, მაგრამ ქართულ მხარეს მათგან მსგავსი არგუმენტები არ მიუღია.

მან ასევე გააკრიტიკა ცალკეული მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომ ისინი მიზანმიმართულად ამკვიდრებენ ტერმინს „რუსული კანონი“ და ამით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სამაგალითო, საუკეთესო თანამშრომლობა აქვს.

„საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობა და სტაბილურობა იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკური წინსვლა და განვითარება და ამას, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობასთან ერთად, საკმაოდ კარგად აღწევს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისებას და არსებული გამოწვევების დაძლევას ითვალისწინებს. სტრატეგიის 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმა არსებული გამოცდილების და მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. პროექტის განხორციელების ჯამური ღირებულება 4 276 021 657 ლარს შეადგენს, საიდანაც 4 155 293 570 ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებებით გათვალისწინებული სახსრებია, ხოლო 118 868 087 ლარი დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულ თანხებს შეადგენს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 3 ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად:

კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების ხელშეწყობა, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასა და ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს სოფლად და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა: ბაზრის დივერსიფიკაცია, ფერმერთა/მეწარმეთა ბაზარზე ინტეგრაცია, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესება, სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;

ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიმართულების ისეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს, როგორიცაა: ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ტყის რესურსების მდგრადი გამოყენება, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს: ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის მიწოდებული პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფას სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფას.

2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით შემუშავდა და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საბჭოს მიერ იქნა მოწონებული. გეგმა 88 აქტივობას ითვალისწინებს და მის განხორციელებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროები არიან პასუხისმგებლები.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა – პრეზიენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონელ კოლეგას, ალარ კარისს ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ეს არის ფორმალური პრეზიდენტის ფორმალური ვეტო, რომელსაც ფორმალურადაც სჭირდება დაძლევა-ანრი ოხანაშვილი

ეს არის ფორმალური პრეზიდენტის ფორმალური ვეტო, რომელსაც ფორმალურადაც სჭირდება დაძლევა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს არ არის კლასიკური შინაარსის მატარებელი ვეტო, რომელიც მოტივირებული შენიშვნებით არის გაჯერებული. ეს არის ფორმალური ხასიათის ვეტო. თუ ასეთი მართლები არიან, ამდენი არგუმენტია მათ მხარეს, რატომ გაუჭირდათ, ვეტოში მოტივირებული შენიშვნები დაეწერათ. ამ ვეტოში მოტივირებული შენიშვნების გარდა ყველაფერს ნახავთ. სწორედ ამიტომ არის ფორმალური, რომ იმ სტანდარტის დასაბუთებას არ შეიცავს, რომელიც საჭიროა. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად ფორმალურად ითვლება, რადგან ის ყველანაირ კონსტიტუციურ ჩარჩოს გაცდა. რა თქმა უნდა, შინაარსობრივ შენიშვნად ვერ წარმოადგენდა, თუმცა მოწოდებების ფონზე მოლოდინი იყო, რომ საკითხებს შინაარსობრივად წარმოადგენდა, რაზეც მსჯელობა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა როცა მათ მხარეს სიმართლე არ არის, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოვიდნენ. ვერ ბედავენ მოტივირებული არგუმენტების წარმოდგენას. ეს ადამიანები პარლამენტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მოუწოდებენ და როცა ამას სხვას მოუწოდებენ, თავად რატომ არ დაელოდნენ პასუხს? – ევროპელობა და ევროპული ღირებულება ნიშნავს უნარს, შეგეძლოს დისკუსიაში შესვლა და განსხვავებული აზრის მოსმენა. რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ანტიევროპულია.

 გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც -გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მხოლოდ მიზეზია ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების წარმართვისთვის.

ვოლსკის თქმით, აღნიშნულ კანონში არაფერია რუსული და ამ თემას სპეკულაციებისთვის იყენებენ.

ამასთან, გია ვოლსკის განმარტებით, არ არსებობს კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი და ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც.

„ეს არის დამოკიდებულება და ევროდირექტივა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ევროპის ქვეყნებმა. გერმანია ამის წინააღმდეგია, საფრანგეთმა უკვე სენატში წარადგინა და ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურების ჩართვას ამ საკითხებში, მათ შორის ფარული მიყურადებით. არის მეორე საკითხი, რომელსაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მთავარი არაა ამ კანონის აუცილებლობაზე საუბარი, საქართველოში მთავარია იმ გზის გაყოლა, რაც თავიდანვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ესაა პროცესების რევოლუციური გზით, დესტაბილიზაციისკენ წარმართვა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და შემდეგ იმის განხორციელება, რაც ჯერ კიდევ 2022 წელს მოითხოვა ზელენსკიმ, როდესაც მიმართა საპროტესტო აქციას და რისთვისაც ელჩი გაიწვია. ესაა ჩვენი ჩართვა იმ პროცესებში, რასაც საომარი მდგომარეობა ჰქვია. საქართველოს უკრაინიზაცია, როგორც უკრაინას, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არის ის ამოცანა, რისი რეალიზაციის მცდელობასაც ახლა ვადევნებთ თვალს.

არ იქნება ეს კანონი, იქნება სხვა მიზეზი, მაგრამ დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს არც პათოსი, არც ფორმულირება, არაფერი რუსული აქვს და ეს ყბადაღებული თემაც სპეკულაციებისთვისაა გამოყენებული. არ შეიძლება, გულწრფელი ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთისკენ მიდის. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის სასარგებლოდ არცერთი ნაბიჯი არ გაუკეთებია. ვინც ითხოვს ხელისუფლების შეცვლას, ყველას ჩადენილი აქვს მთავარი დანაშაული ხალხის მიმართ, ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთს უპირატესობა ჰქონოდა და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტები განლაგებული ყოფილიყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ „ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს“.

პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ კანონი არ იყოს მიღებული, კანონზე მოლაპარაკებები არა სალომე ზურაბიშვილმა, არამედ “ქართულმა ოცნებამ” ჩაკეტა -გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძეს განაცხადა.

„აღნიშნულმა რუსულმა კანონმა იცით, როგორი პოლარიზაცია და დაპირისპირება გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული. „ქართული ოცნება“ რას გადაწყვეტს და ვეტოს დაძლევას როდის გადაწყვეტს, შემდგომი ნაბიჯები მათი გადასაწყვეტია“,- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტმა ჩაკეტა თუ არა დიალოგი, მსხილაძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს“.

„პრეზიდენტი მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნებოდნენ, თავიდან ბოლომდე გაერკვიათ კანონი და ისე მომხდარიყო მისი განხილვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით. რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? კანონპროექტში შენიშვნები იმიტომ არ არის შეტანილი, რომ ეს კანონი არის რუსული და მთლიანად მიუღებელია. კანონზე მოლაპარაკებები „ქართულმა ოცნებამ“ ჩაკეტა, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს“,- აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.

ოპოზიციის ფანჩატურიზაციას მივესალმებით. მათი პოლიტიკიდან გაქრობისთვის ეს შეუქცევადი იქნება-რატი იონათამიშვილი

x

ოპოზიცია შეპყრობილია ფანჩატურის სინდრომით. ჩვენ ოპოზიციის ფანჩატურიზაციას მივესალმებით. მათი პოლიტიკიდან გაქრობისთვის ეს შეუქცევადი იქნება, რასაც იმსახურებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილს ოპოზიციის საერთო სიის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„მათ თავი დაგვამახსოვრეს არეულობა-დესტაბილიზაციით. ეროვნული ხედვა არაფრის მიმართ აქვთ. ოპოზიციაში მათი ფანჩატურიზაცია რაც უფრო გაძლიერდება, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისასალმებელია თუ ევროკავშირი გარედან შესული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როცა არჩევნებში გარედან დაფინანსებულები პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ -ზაალ ანჯაფარიძე

“ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპა არ არის საკმარისად მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს [არჩევნებში] ისეთი მტრების ჩარევას, როგორიცაა რუსეთი და ამას საარჩევნო თემად აქცევს”, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ, გასათვალისწინებელია საქართველოც, სადაც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს ახალისებენ, ხან კი ხელისუფლებას გამოგონილი ბრალდებებით არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ.

“ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპა არ არის საკმარისად მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს [არჩევნებში] ისეთი მტრების ჩარევას, როგორიცაა რუსეთი და ამას საარჩევნო თემად აქცევს. რუსეთი ვინც არის და რაც არის ევროპელებზე ბევრად უკეთ ვიცით და მხოლოდ მისასალმებელია, თუ ევროკავშირი მის ქვეყნებში გარედან შემოსული ფულის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? როდესაც ჩვენს არჩევნებში ასევე გარედან (არა რუსეთიდან!) დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს ახალისებენ, ხან ხელისუფლებას ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის გამოგონილი ბრალდებებით არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!” – წერს ანჯაფარიძე.

პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა -თეა წულუკიანი

საქართველოს პრეზიდენტმა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის, რითაც ყველანაირი დისკუსია დახურა.

მისივე თქმით, „საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი მავნებლობა ჩაიდინა“.

„გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. ამ კანონის მიღებით არ სრულდება და არ დაწყებულა ყველაფერი მათთან ურთიერთობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, როდესაც განზრახ დახურა ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა. მისი მხრიდან ეს არის განზრახი აქტი. იცოდა, რომ ლამის ავტომატურ რეჟიმში იმეორებდა საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა დეპუტატი, ავტომოპასუხესავით ყველა ვიმეორებდით, რომ დიალოგის სივრცე კვლავ არის და ეს შეიძლება გაიმართოს მოტივირებული, ანუ არგუმენტებიანი ვეტოს გარშემო საუბრისას. რა გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა? საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროცედურის საწინააღმდეგოდ, შეუსაბამოდ, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის. ამით დახურა ყველანაირი დისკუსია. რატომ დახურა? პრეზიდენტი შენიშვნებს თუ არ მოიწერებოდა, პარლამენტი სამართლებრივად მოკლებულია ყველანაირ შესაძლებლობას, დისკუსია გამართოს იმის მიღმა, რაც წერია ვეტოში. ეს ალბათ კარგად უნდა ავუხსნათ ყველას, ვინც ვეტოს პროცედურებში ასე კარგად ჩახედული არ არის. პრეზიდენტი თუ წარმოადგენდა არგუმენტებს, რომლებიც იქნებოდა მისი ან არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორების ან ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქის, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი ამ არგუმენტებზე მსჯელობას შეძლებდა. დღეს პარლამენტი ვეღარ იმსჯელებს იმაზე, რაც წარმოდგენილი არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის, საუბრის. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციური გარანტი სტაბილურობის, მშვიდობიანობის, მრავალი თვეა, პირიქით იქცევა და რაც მეტი არეულობა იქნება ქვეყანაში, თითქოს ეს საკუთარ წარმატებად მიაჩნია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევს.

„ვეტო აუცილებლად დაიძლევა, მაგრამ იმისთვის, რომ პარტნიორებს კანონის მიღების შემდეგ და ვეტოს გადალახვის პროცესშიც ავუხსნათ, რატომ არ არის და ვერ იქნება ეს კანონი წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში, ბევრი მუშაობა იქნება საჭირო, რისთვისაც მზად ვართ. როდესაც სიკეთეებს შორის უნდა გადაწყვიტო კანონის მიღება და სუვერენიტეტის გაძლიერება, ამ ეტაპზე არის ძალიან დიდი სიკეთე, რომელსაც დაცვა ჭირდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო. „ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სანქციების შესახებ კონგრესის გარკვეული წევრების ინიციატივა ალბათ, არ იქნება მიღებული – ლევან დავითაშვილი

გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა [კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით], ალბათ, არ იქნება მიღებული,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ.

„ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას გავაგრძელებთ მომავალ წლებში და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება ორი ქვეყნისთვის და მოემსახურება ორი ქვეყნის ინტერესებს. ეს თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ნდობასა და პატივისცემაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, ალბათ, არ იქნება მიღებული. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ, დაველოდოთ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ტერმინი „რუსული კანონის“ გამოყენება, გეტყვით, რომ არასწორი და არაკორექტულია. ეს არის კლიშე და არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში. შეცდომაში შეჰყავს ოპოზიციას, პოლიტიკურ ძალებს მოსახლეობა და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს გაზიარებული იქნა რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდანაც.

მე გეტყვით, რომ კანონი ცალსახად არ არის რუსული, არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. როდესაც მასობრივად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს განმეორებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ, თუმცა, სამწუხაროდ, არ იქნა პრინციპულ განსხვავებებზე მსჯელობა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“,- განაცხადა დავითაშვილმა.