სანქციების შესახებ კონგრესის გარკვეული წევრების ინიციატივა ალბათ, არ იქნება მიღებული – ლევან დავითაშვილი

11
spot_img

გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა [კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით], ალბათ, არ იქნება მიღებული,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ.

„ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას გავაგრძელებთ მომავალ წლებში და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება ორი ქვეყნისთვის და მოემსახურება ორი ქვეყნის ინტერესებს. ეს თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ნდობასა და პატივისცემაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, ალბათ, არ იქნება მიღებული. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ, დაველოდოთ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ტერმინი „რუსული კანონის“ გამოყენება, გეტყვით, რომ არასწორი და არაკორექტულია. ეს არის კლიშე და არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში. შეცდომაში შეჰყავს ოპოზიციას, პოლიტიკურ ძალებს მოსახლეობა და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს გაზიარებული იქნა რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდანაც.

მე გეტყვით, რომ კანონი ცალსახად არ არის რუსული, არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. როდესაც მასობრივად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს განმეორებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ, თუმცა, სამწუხაროდ, არ იქნა პრინციპულ განსხვავებებზე მსჯელობა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“,- განაცხადა დავითაშვილმა.