Home Blog Page 283

“დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა, დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა”

გადაწყვეტილება არის თქვენზე. ჩვენ გვჭირდება ახალი საქართველო, -ამის შესახებ “მთავარი არხის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ მისი და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდის წარდგენამდე განაცხადა.

ამასთან, როგორც თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მათი ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობა 3 თვე მიმდინარეობდა.

“ვიცი, რომ ათიათასობით ძალიან აქტიური ამომრჩეველი, სხვადასხვა გემოვნების, დღემდე ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადია მათთვისაც, თუ რა იქნება გამოცხადებული, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი, ბუნებრივია, მათ ეს მოლოდინი აქვთ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ გვიკარნახა, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ დრომდე იყო რთული გზა, რომელიც გამოვიარეთ. 3 თვე მიმდინარეობდა საუბრები, მოლაპარაკებები. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა ერთობა, ადამიანური ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა ისედაც გვქონდა და გვექნებოდა, უბრალოდ, გამოვდიოდით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი ორი გუნდის გაერთიანებას ექნებოდა ენერგია და ოქროს გასაღები მძიმე ფონის, ნიჰილიზმის გარღვევაში. დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა. დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა. დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელი არის. არ არის აუცილებელი ფული, რომ მანკიერება დაამარცხო. მჯერა, რომ ჩვენ ამის გვჯერა. მიხარია, რომ დღევანდელი დღე დადგა”, – განაცხადა მელიამ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი, ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.

ინფორმაციის თანახმად, თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

„დასავლეთ საქართველოში, დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება,

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 12-13 მარტს უნალექო, ხოლო 14 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“ქართული ოცნება“ ვიდრე იქნება ხელისუფლებაში, ქვეყანას არ მოუწევს ომში ჩართვა”-ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქცენტირებული იქნებიან იმაზე, რომ რამენაირად შეაკოწიწონ 15-20 პროცენტი, რომელიც პატარა პარტიებს აქვთ.

ზარქუას განმარტებით, მმართველ პარტიას 60%-მდე მხარდაჭერა აქვს და ემზადება იმისთვის, რომ დამაჯერებლად და ღირსებით მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის რეიტინგებიც ამას ადასტურებენ.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას არც ომში ჩართვა მოუწევს, არც ეკონომიკური პრობლემები ექნება, პირიქით, აქცენტირებას გავაკეთებთ ეკონომიკის ზრდაზე, რეფორმებიც გაგრძელდება. რაც მთავარია, ლგბტ პროპაგანდასაც ყოველთვის წინ აღვუდგებით. იქნება სახელმწიფო, რომელიც დაიცავს თითოეული ქართველის ინტერესებს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

“რუსეთი აწარმოებს სამჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს, ვიდრე უკრაინისთვის აშშ და ევროპა ერთად” – CNN

დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ომისთვის თვეში დაახლოებით 250 000 საარტილერიო ჭურვს, ანუ წელიწადში 3 მილიონამდე, აწარმოებს, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინისთვის აწარმოებენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN ევროპული დაზვერვის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას ერთად შეუძლიათ წელიწადში მხოლოდ 1.2 მილიონი საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინაში გასაგზავნად.

გასულ კვირას აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზნად დაისახა 2025 წლის ბოლომდე თვეში 100 000 საარტილერიო ჭურვის წარმოება, რაც რუსეთის ყოველთვიური წარმოების ნახევარზე ნაკლებია და ეს მაჩვენებელიც კი ახლა მიუწვდომელია იმის გამო, რომ კონგრესში უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დაფინანსების დამტკიცება შეჩერებულია.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით წარმოების ომში. შედეგი უკრაინაში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება მზად თითოეული მხარე ამ ომისთვის”, – განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი დღე-ღამეში დაახლოებით 10 000 ჭურვს ისვრის, მაშინ როცა უკრაინული მხრიდან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2 000 ჭურვია.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას გადასცეს რამდენიმე უაღრესად დახვეწილი სისტემა, მათ შორის M-1 Abrams-ის ტანკები და მალე გადასცემენ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, მაგრამ სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ომს, სავარაუდოდ, მოიგებს ან წააგებს ის, თუ ვინ ისვრის ყველაზე მეტ საარტილერიო ჭურვებს.

”ნომერ პირველი საკითხი, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, არის საბრძოლო მასალები. ეს არის საარტილერიო ჭურვები, რადგან რუსეთი რეალურად აძლიერებს წარმოების მნიშვნელოვან უპირატესობას და მნიშვნელოვან უპირატესობას იხვეჭს ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში.

„ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში -ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება მთავარი ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს.

“მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეიძლება ამით ხმები დააკლდეს,” – განაცხადა წითლიძემ.

უკრაინის ხელისუფლება მფარველობს კრიმინალებს და ის გახდა საქართველოში ნასამართლევი პირების ყოფნის ადრესატი – დავით მათიკაშვილი

უკრაინის ხელისუფლება მფარველობს კრიმინალებს და ის გახდა საქართველოში ნასამართლევი პირების ყოფნის ადრესატი – რაც ყველაზე ღიმილისმომგვრელია, ეს პიროვნებები დადიან ევროპის დედაქალაქებში და კანონის უზენაესობაზე მსჯელობენ. ეს დაახლოებით იგივეა, ნაცისტური რეჟიმის შემოქმედნი ომის შემდეგ დამსხდარიყვნენ და მოკავშირეებთან ადამიანის უფლებებზე ესაუბრათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის რეაგირება იყო ერთადერთი სწორი რეაგირება იმ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, “საქართველოში მრავალგზის ბრალდებულ და მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილის ვოიაჟებთან დაკავშირებით”.

“ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იყოს ყველაზე უფრო მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, წინ აღუდგეს ყოველგვარ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ განწყობებს. ყველაზე მეტად ასეთ განწყობებს აჩენს სწორედ ის ფაქტები, გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბერლინსა და ბრიუსელში. ზურაბ ადეიშვილი გახლავთ ტირანული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ის არის მსჯავრდებული უამრავ სადისტურ დანაშაულში. ეს ადამიანების წამებასთან ერთად, ადამიანის ქონების გატაცებას და სხვა ძალიან მძიმე დანაშაულებს ეხება. ამ პიროვნებასთან მიმართებით მოხდა შეხვედრების ორგანიზება, განსაკუთრებით კი ხაზს გავუსვამდი ევროპულ ღირებულებებთან მიმართებით არსებულ ევროპულ სტრუქტურებს და ამ ყველაფერს სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი მხარდამჭერი და თანაშემოქმედი ესწრებოდა. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. 9 პუნქტის პირველი პუნქტი სწორედ ამ გარემოებით იწყება, რომ ევროკავშირის და ქართული სახელმწიფოს სულისკვეთება ერთმანეთთან უნდა დაახლოვდეს და ამ დაახლოებას ძალიან უშლის ხელს ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რიგი ევროკავშირის ბიუროკრატისა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში ბრალდებულ და მსჯავრდებულ, დამნაშავეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

უკრაინა არის ომში მყოფი ქვეყანა და ვალდებულება გვაქვს, მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ.

საქართველო დღესაც მყარად ეხმარება და გვერდში უდგას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ესაა ცალმხრივი მეგობრობა. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. პირიქით – ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო გიორგი ლორთქიფანიძე კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილი იმედოვნებს, ევროპელი პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რათა არ დაუშვან საქართველოში ანტიევროპული განწყობები.

“შესაბამისი განწყობა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებებში აისახა, მივიდა ადრესატამდე. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, ევროპელი პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ დაუშვან საქართველოში ანტიევროპული განწყობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მათი მხრიდან საქართველოში დამნაშავე პირებთან უპასუხისმგებლო და უკონტროლო კონტაქტებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა არ მიესალმება”, – განაცხადა დაბით მათიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

“გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება -ზურაბ აბაშიძე

ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“ჟენევის ფორმატი შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების ფორმატი, საერთაშორისო ჩართულობით. [ჩატარების ადგილის შეცვლა] ერთი მხარის ჩართულობით ასეთი საკითხი ვერ გადაწყდება… ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება”- განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით,რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მისივე თქმით, გიორგი ქაჯაია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, კვალიფიციური ადამიანია და თავის საქმიანობას სათანადოდ გაუძღვება.

„ალბათ მოისმიმეთ პრემიერ-მინისტრის კომენტარი, მისი შეფასებები ე.წ. პრაღის ფორმატის შესახებ. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის. მინდა, დავამატო იმას, რაც უკვე ითქვა, რამდენიმე თვის წინ მართლაც თხოვნით და წინადადებით მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, გვეფიქრა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ახალ პიროვნებაზე. ლოგიკა მარტივი იყო, 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ირაკლი ღარიბაშვილისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. მან დადებითად მიიღო ჩემი მოსაზრება. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო.

გიორგი დაბრუნდა მიმდინარე წლის იანვარში, მას დაუსრულდა მუშაობის ვადა. ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. გიორგი ქაჯაიას ვიცნობ, წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და დიდი გამოცდილება აქვს, ასევე მუშაობდა უშიშროების საბჭოში, ოთხი წლის განმავლობაში იყო მოსკოვში ჩვენი სექციის ხელმძღვანელი და კარგად იცნობს ამ თემას. კვალიფიციური ადამიანია. ასე რომ, ვფიქრობ, შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა. გიორგი ქაჯაია რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა. ამასთან, ზურაბ აბაშიძე დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, ის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი იყო.

“გვარამია-მელიას ერთობა არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ, საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად” – იაგო ხვიჩია

გვარამია-მელიას ერთობა არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ, საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ცალკე აღებული ეს ორი ადამიანი არ იქნება საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და მაშინ მოუწევთ კიდევ სხვა „ნაცური“ პარტიების შემოერთება.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, აღნიშნული გაერთიანება არასაკმარისია საარჩევნო ბარიერის გადასალახად.

„ის უნდა გაძლიერდეს, რომ ხმები არ დაიკარგოს. გაძლიერდეს „ნაცებთან“ შესვლით ან გაძლიერდეს სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დამატებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ერთიანდებიან. გადაწყვეტილების შესახებ გვარამია და მელია დღეს გამოაცხადებენ.

ორი ნიკა, ორი „მამალი ნაცი“ ერთიანდება 4 ნომრის ქვეშ და ერქმევათ „ახალი ნაცები“ -ირაკლი ზარქუა

ორი ნიკა, ორი „მამალი ნაცი“ ერთიანდება 4 ნომრის ქვეშ და ერქმევათ “ახალი ნაცები” – ეს პირდაპირ ურტყამს ჩემს “ხაბეს“, “კარენოი” “ნაცებს”, იმიტომ, რომ მათი ხმები მიაქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათ რა სახელიც არ უნდა დაირქვან, მაინც “მწვალებელთა და “ლუზერების” ღირსეული წარმომადგენლები იქნებიან და საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას ვერასდროს ეღირსებიან”.

“14:00 საათზე გაიმართება ბრიფინგი, სადაც შეერთდება ორი ცნობილი “ნაცი”, ხელმოცარულები, იქნებიან საარჩევნო ნომრით 4 და სახელი ექნებათ “ახალი ნაცები”. ეს იქნება მათი ახალი სახელწოდება და ბუნებრივია, აქ რამე სიახლე არ ყოფილა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ ვერც ამ უაზრო კამპანიით, თითქოს ემიჯნებიან “ნაცებს”. ვინ ემიჯნება? ახალი სახეები არიან თურმე გვარამია და მელია. ორი ნიკა, ორი მამალი “ნაცი” და ერთიანდებიან ახალი ლოგოს, ახალი ნომრის ქვეშ და ერქმევათ “ახალი ნაცები”. ეს პირდაპირ ურტყამს ჩემს “ხაბეს”. პირდაპირ ურტყამს “კარენოი” “ნაცებს”, იმიტომ, რომ მათი ხმები მიაქვთ. ეტყობა რაღაცა ვერ გაიყვეს. მთავარი დეტალი რაც არის მანდ – “კეზერას” ფულს ვინ მიითვისებს? მთავარია ახლა, ის ადამიანი ვის დააფინანსებს – ორივეს ერთად, ცალ-ცალკე თუ მიაგდებენ და მიატოვებენ ამ “კარენოი” “ნაცებს”? ვინ იცის? ერთი მთავარი რამ ვიცით ჩვენ ყველამ, რომ ესენი ეს ხელმოცარულები, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, “ნაცები”, “ნეონაცები” და “ახალი ნაცები”, მაინც იქნებიან მწვალებელთა გილდიის ღირსეული წარმომადგენლები, “ლუზერების” ღირსეული წარმომადგენლები და ვერასდროს ეღირსებიან საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას,” – განაცხადა ზარქუამ.

“ექიმებს, როგორც კლასს ანადგურებენ!” – სააკაშვილი

ჩვენმა ხალხმა მოიპოვა ის, რომ რესპუბლიკური [საავადმყოფო] ხელიდან გააგდებინეს, მაგრამ დღეს ნახეთ მინისტრად ვინ დანიშნეს? რანაირად შეიძლება? – ე.ი. ექიმებს, როგორც კლასს ანადგურებენ! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, “დიდი ეროვნული დეპრესია, ეს 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულება“.

„ისინი გვყოფენ და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ისინი უიმედობისკენ გვიბიძგებენ, ჩვენ უნდა, პირიქით, ვაჩვენოთ ყველას, რომ იმედი ყველა შემთხვევაში დაბრუნდება. დიდი ეროვნული დეპრესია, ეს 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულება, ამიტომ ჩემი სიცოცხლე გავრისკე, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე იმისთვის, რომ საქართველოში უიმედობამ, სიბნელემ, დაცარიელებამდე გენოციდმა ქართველი ერის არ და ვერ იმუშაოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირდაპირ ახალი მთავრობის პირობებში უნდა მოხდეს: მონოპოლიების გაუქმება, საშუალო ფირმების ჩახსნა და ეგრევე ეს ფასები დაეცემა. ამ მთავრობის პირობებში ინვესტიციები ისევ დაეცა და ინვესტიციების ამოქაჩვა უნდა მოხდეს. ინვესტიციები ამოიქაჩება იქ, სადაც ბიზნესმენი და ოლიგარქი კი არ მართავენ ქვეყანას, არამედ მართავენ პატრიოტები, რომლებისთვისაც ფული არაფერს ნიშნავს. ჩემთვის არასოდეს ფული არ ნიშნავდა არაფერს. არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით დაყადაღებულ ვენახს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში, მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი -ზურაბ აბაშიძე

რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, რისკები არსებობს, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

„საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ვაჭრობა მიმდინარეობს, საკმაოდ დიდი მოცულობაა. ამას დიდი ყურადღება სჭირდება, რამეთუ ძალიან ბევრი ქართული კომპანიაა ჩართული ამ სავაჭრო ურთიერთობებში. 2010 წელს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები სრულად მორღვეული იყო ამ ბალანსის თვალსაზრისით. რუსეთიდან იმპორტი 10-ჯერ მეტი იყო ვიდრე ექსპორტი საქართველოდან. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ემბარგო შემოიღო. შემდგომ, რუსეთი გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მან გარკვეული პასუხისმგებლობა აიღო. ამ ვალდებულებების შესაბამისად და ზოგადად, ჩვენი ძალისხმევითაც მოხერხდა ის, რომ ექსპორტი და იმპორტი, ეს ძალიან დიდი სხვაობა მეტ- ნაკლებად დაბალანსდა. 2010 წელს ჩვენი ექსპორტი იყო 34 მილიონი. იმპორტი იყო 10-ჯერ მეტი. ანუ, იქიდან 10-ჯერ მეტი შემოდიოდა. ახლა ეს შეიცვალა და ასეთი დისბალანსი აღარ არის. ჩვენი ექსპორტი ძალიან გაზრდილია. დიახ, ვთვლი, რომ საქართველოს ექსპორტის გაზრდა ნებისმიერ ქვეყანაში კარგია. ამან მილიარდობით ჩვენი პროდუქციის გატანის საშუალება მოგვცა რუსეთში ამ წლების განმავლობაში. ეს ფული საქართველოში შემოვიდა. რისკები არის, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ამ რისკებს ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა დივერსიფიცირებულია. რუსეთის წილი ზოგადად, სავაჭრო ბრუნვაში სადღაც, 11,2%-ია. შარშან ეს ასე იყო, არ არის ეს ძალიან დიდი ციფრი. ყველაზე დიდი პარტნიორი თუკი ავიღებთ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებს, როგორც ერთ ბაზარს, როგორც არის სინამდვილეში, სამჯერ მეტია საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანასთან. მეორე ადგილზე თურქეთია, მესამეზე – რუსეთის ფედერაცია. თუმცა ექსპორტსა და იმპორტს შორის ხშირად არის ცვლილებები, ხან ერთი ქვეყანა ჩაანაცვლებს რუსეთს მესამე – მეოთხე ადგილზე, ხან მეორე ქვეყანა. რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

“ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი და ბრალდებული, ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების გამართულ ღონისძიებებში არ უნდა მონაწილეობდნენ”

დღეს დილით მქონდა შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ასევე გერმანიის ელჩთან. ამ შეხვედრების ფორმატში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მომსწრენიც გავხდით და ვნახეთ ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეობდა, – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ზურაბ ადეიშვილთან მიმართებით ცალსახაა.

„ჩვენ მიგვაჩნია და გვაქვს ეს პოზიცია ჩამოყალიბებული, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებული ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი და ბრალდებული, მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში არ უნდა მონაწილეობდნენ ჩვენს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებში. შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა, ელჩებთან ამ საკითხზე კონკრეტულად მესაუბრა.

ზოგადად, ბოლო პერიოდში, გვახსოვს კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის შიგნით, რომელთა მიმართაც მძიმე პრეტენზიები და მძიმე ბრალდებები არსებობს.

შესაბამისად, აუცილებლად ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის რეაქცია ჩვენს მეგობრებთან უნდა გამოგვეხატა, რადგან ჩვენთვის მიუღებელია ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები იღებდნენ ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომლებსაც მართავენ ჩვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.