“რუსეთი აწარმოებს სამჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს, ვიდრე უკრაინისთვის აშშ და ევროპა ერთად” – CNN

55
spot_img

დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ომისთვის თვეში დაახლოებით 250 000 საარტილერიო ჭურვს, ანუ წელიწადში 3 მილიონამდე, აწარმოებს, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინისთვის აწარმოებენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN ევროპული დაზვერვის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას ერთად შეუძლიათ წელიწადში მხოლოდ 1.2 მილიონი საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინაში გასაგზავნად.

გასულ კვირას აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზნად დაისახა 2025 წლის ბოლომდე თვეში 100 000 საარტილერიო ჭურვის წარმოება, რაც რუსეთის ყოველთვიური წარმოების ნახევარზე ნაკლებია და ეს მაჩვენებელიც კი ახლა მიუწვდომელია იმის გამო, რომ კონგრესში უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დაფინანსების დამტკიცება შეჩერებულია.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით წარმოების ომში. შედეგი უკრაინაში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება მზად თითოეული მხარე ამ ომისთვის”, – განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი დღე-ღამეში დაახლოებით 10 000 ჭურვს ისვრის, მაშინ როცა უკრაინული მხრიდან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2 000 ჭურვია.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას გადასცეს რამდენიმე უაღრესად დახვეწილი სისტემა, მათ შორის M-1 Abrams-ის ტანკები და მალე გადასცემენ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, მაგრამ სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ომს, სავარაუდოდ, მოიგებს ან წააგებს ის, თუ ვინ ისვრის ყველაზე მეტ საარტილერიო ჭურვებს.

”ნომერ პირველი საკითხი, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, არის საბრძოლო მასალები. ეს არის საარტილერიო ჭურვები, რადგან რუსეთი რეალურად აძლიერებს წარმოების მნიშვნელოვან უპირატესობას და მნიშვნელოვან უპირატესობას იხვეჭს ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში.