ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება -ზურაბ აბაშიძე

42
spot_img

ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“ჟენევის ფორმატი შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების ფორმატი, საერთაშორისო ჩართულობით. [ჩატარების ადგილის შეცვლა] ერთი მხარის ჩართულობით ასეთი საკითხი ვერ გადაწყდება… ჟენევის ფორმატი, იმედი მაქვს, აუცილებლად გაგრძელდება”- განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით,რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მისივე თქმით, გიორგი ქაჯაია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, კვალიფიციური ადამიანია და თავის საქმიანობას სათანადოდ გაუძღვება.

„ალბათ მოისმიმეთ პრემიერ-მინისტრის კომენტარი, მისი შეფასებები ე.წ. პრაღის ფორმატის შესახებ. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის. მინდა, დავამატო იმას, რაც უკვე ითქვა, რამდენიმე თვის წინ მართლაც თხოვნით და წინადადებით მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, გვეფიქრა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ახალ პიროვნებაზე. ლოგიკა მარტივი იყო, 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ირაკლი ღარიბაშვილისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. მან დადებითად მიიღო ჩემი მოსაზრება. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო.

გიორგი დაბრუნდა მიმდინარე წლის იანვარში, მას დაუსრულდა მუშაობის ვადა. ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. გიორგი ქაჯაიას ვიცნობ, წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და დიდი გამოცდილება აქვს, ასევე მუშაობდა უშიშროების საბჭოში, ოთხი წლის განმავლობაში იყო მოსკოვში ჩვენი სექციის ხელმძღვანელი და კარგად იცნობს ამ თემას. კვალიფიციური ადამიანია. ასე რომ, ვფიქრობ, შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა. გიორგი ქაჯაია რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა. ამასთან, ზურაბ აბაშიძე დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, ის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი იყო.