Home Blog Page 280

2023 წელს ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 6.2 პროცენტით გაიზარდა – „საქსტატი“-

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 278.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 599.4 ათასი ერთეული შეადგინა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 6.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 17.5 პროცენტით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„2023 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 693.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.1 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2023 წელს ვიზიტორების 36.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.5 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 34.6 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2023 წელს ვიზიტების უმრავლესობა (47.2 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 368.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 342.6 ათასი ვიზიტი თვეში).

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 278.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 12.0 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 4.7 პროცენტით და 173.8 ლარს უტოლდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 20 მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი „რენოს“ მარკის 20 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.

მაღალი გამავლობის ავტომობილები, ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გადანაწილდება. საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზანი პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფების, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

ევროატლანტიკურ გზას სჭირდება ძლიერი სასამართლო სისტემა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს -რობინ დანიგანი

ევროატლანტიკური გზა საჭიროებს ძლიერ, დამოუკიდებელ, სანდო სასამართლო სისტემას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. აშშ USAID-ის საშუალებით მოწოდებულია, გააგრძელოს პროგრესი სასამართლო რეფორმაზე საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

რობინ დანიგანი მონაწილეობას იღებს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის კონფერენციაში სახელწოდებით: „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“.

„მოხარული ვარ, შევუერთდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ნინო ბაქაქურს, საქართველოს ხელისუფლების, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების წარმომადგენლებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ამ ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიაში მოქალაქეების სამართლებრივ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ამ სფეროში, რაც იყო აღიარებული, როდესაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, USAID-ის, აშშ-ის მთავრობის საშუალებით გავაგრძელოთ საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ დღეს მონაწილეთა ფართო სპექტრი აჩვენებს საქართველოს მოწოდებას, მიაღწიოს მეტ პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე და ეს გზა საჭიროებს ძლიერ, დამოუკიდებელ, სანდო სასამართლო სისტემას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. ასე რომ, მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით. აშშ USAID-ის საშუალებით მოწოდებულია, გააგრძელოს პროგრესი სასამართლო რეფორმაზე საქართველოში“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და დამამუშავებელი მრეწველობა.

ემანუელ მაკრონი ომში მიდის? – რას წერს „ლე ფიგარო“

ფრანგულმა გაზეთმა „ლე ფიგარომ“ (Le Figaro) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „პრეზიდენტი ომში მიდის?“, რომელშიც გაკრიტიკებულია ემანუელ მაკრონის განცხადება უკრაინაში საომრად ფრანგი ჯარისკაცების შესაძლო გაგზავნის თაობაზე.

„ხომ არ ცდილობს სახელმწიფოს მეთაური მოსახლეობის ყურადღების გადატანას იმ საშინაო პრობლემებიდან, რომლებიც საკადრო ცვლილებმა და კატასტროფულმა აგრარულმა  პოლიტიკამ გამოიწვია? – ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ქვეყნის ხელმძღვანელებისაგან ფრანგები ბრძნულ გადაწყვეტილებას ელოდებიან, ემანუელ მაკრონი კი ისე ლაპარაკობს, თითქოს აღფრთოვანებულია თავისი უნარით ტაბუ გააუქმოს და [არასწორი ნაბიჯი გადადგას]. საყოველთაოდ ცნობილია მისი წინააღმდეგობრივი პოზიცია: ჯერ იყო და ქადაგებდა, რომ ვლადიმერ პუტინის დამშვიდებას შევძლებო, ახლა კი პირველმა დაიწყო ლაპარაკი რუსეთთან უშუალო ომის დაწყების თაობაზე. როგორც ცანს, ვერ გათვალა და იზოლაციაში აღმოჩნდა: მისმა პარტნიორებმა და კოლეგებმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ პარიზის სამიტზე მსგავსი გეგმების განხილვა არ მომხდარაო.

ამიტომაც ჩვენ კითხვა გვებადება: რის მიღწევას ცდილობს ემანუელ მაკრონი, როცა ომის გამჩაღებლის მანტიით იმოსება? იქნებ ვლადიმერ პუტინზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდა? მაგრამ ასეთი მუქარებს თან უნდა ახლდეს საიმედო შემკავებელი პოტენციალი – რუსეთის პრეზიდენტი ხომ უგრძნობია დასავლელი ლიდერების გაფრთხილებების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.

იქნებ ემანუელ მაკრონს დასავლური საზოგადოებრივი აზრის მომზადება სურს სიტუაციის გარადაუვალი გაუარესების შესახებ? მაგრამ ამით საპირისპირო შედეგს მიიღებს… ამომრჩევლები მხარს არ დაუჭერენ მაკრონისეულ ევროპის სტრატეგიული ავტონომიის იდეას, თუ ის რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის გამომწვევი იქნება.

რჩენა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ემანუელ მაკრონი ასე ლაპარაკობს. ქვეყნის შიგნით მომხდარი ყველანაირი რყევისა და საეჭვო საკადრო ცვლილებების შემდეგ მოსახლეობის  პრეზიდენტმა თითქოს ჯარების სარდლის სამხედრო ფორმა მოირგო ვლადიმერ პუტინის შესაშინებლად, მაგრამ იგი არც არმიას არ იყენებს და არც საბრძოლო მასალებს, კრემლს მხოლოდ სიტყვით ემუქრება. ემანუელ მაკრონს მსგავსი რამ ადრეც აქვს გაკეთებული, როცა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლველად კოალიციის შექმნას ცდილობდა“, ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

„ლე ფიგაროს“ პუბლიკაციას ბევრი მკითხველი კომენტარებით გამოეხმაურა. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს, რომლებშიც გამოხატულია როგორც კრიტიკული (ნეგატიური), ისე მხარდამჭერი (პოზიტიური) თვალსაზრისები:

„ამ ადამიანს საკუთარი შვილები არ ჰყავს და გადაწყვიტა ჩვენი შვილები მსხვერპლად გამოიყენოს“;

„მაკრონი აფრიკიდან გამოიქცა, მან მალი ვერ შეინარჩუნა და ახლა სურს ჩვენი შვილები რუსეთთან ომში გაგზავნოს, რომელიც საფრანგეთს არანაირად არ ემუქრება. შევცდით, მაკრონი რომ პრეზიდენტად ავირჩიეთ“;

„პრეზიდენტი ნორმალურად ვერ აზროვნებს. საკუთარი თავის განდიდებისათვის ჩვენი შვილების შეწირვა უნდა“;

„მაკრონი თეატრის მსახიობია და არა სახელმწიფო მოღვაწე. ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, რომ სხვების დასაცინი ხდება და ამას ვერც გრძნობს“;

„რას ერჩით მაკრონს? ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ომი უნდა, კრემლში ზის – ფაშისტი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი. მან უკვე ასი ათასობით ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია“;

„რატომ დასცინით მაკრონს? გაიხსენეთ, რომ ჩერჩილსაც აყენებდნენ შეურაცხყოფას, დე გოლს სულელად თვლიდნენ, მათი ნათქვამი კი გამართლდა… ხვალ შეიძლება სამხედრო სიტუაცია შეიცვალოს და ვლადიმერ პუტინმა უკრაინა დაიკავოს… ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ, თორემ შემდეგ გვიან იქნება“.

წყარო

“ნაკლებად მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებით პოლარიზაცია დასრულდება”-იაგო ხვიჩია

ნაკლებად მჯერა იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი გავუშვათ და პოლარიზაცია დასრულდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კომპეტენცია აქვს.

„არ მგონია, რომ შეწყალებაზე პუტინთან საუბარი ჭრიდეს. მგონია, რომ სხვა გზა არის მოსაფიქრებელი. ან პუტინის პატიმარს არ უნდა ვეძახდეთ და სხვა ვინმეს პატიმარს უნდა ვეძახდეთ, რომ სწორედ მას ვთხოვდეთ მის შეწყალებას. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ვითხოვდით, რადგან საერთაშორისო მიმართულებით შარში არ გავხვეულიყავით, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა და ამას მხარს არც „ნაცმოძრაობა“ უჭერდა. მგონია, რომ მისი გათავისუფლებისთვის სხვა გზები უნდა ვიპოვოთ. ნაკლებად მჯერა იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი გავუშვათ და პოლარიზაცია დასრულდება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას აქვს კომპეტენცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს არ უფრთხილდებიან და ზურაბიშვილის თემას გამოაგდებენ, რომ სულ გათავისუფლების მოლიდინში იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“მაკრონს განზრახული აქვს, სათავეში ჩაუდგეს უკრაინისადმი დახმარების ევროპულ ძალისხმევას” – რას წერს „პოლიტიკო“

„არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სურს გლობალური ლიდერის სახე მოირგოს და უკრაინისადმი დასავლეთის დახმარების შუსუსტების ტენდენცია შეაჩეროს, თუმცა ფრანგული კონიუნქტურა მას მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკო“-ს (Politico) ევროპულ ვერსიაში (ბელგია) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ემანუელ მაკრონს განზრახული აქვს სათავეში ჩაუდგეს უკრაინისადმი დახმარების ევროპულ ძალისხმევას, მაგრამ ფრანგები ამის ნებას არ მისცემენ“ (ავტორი – ქლიე ქოლქათი).

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რამდენად არის მზად ემანუელ მაკრონი სინამდვილეში ამჟამად და შეუძლია თუ არა მას ამ საკითხში ფრანგული საზოგადოების აყოლიება. ყველამ იცის, რომ მისი ადრინდელი მაღალხმიანი და პომპეზური რიტორიკა პრაქტიკული მოქმედებით არ განმტკიცებულა.

დონბასის ველებზე ბრძოლებში უკრაინის არმიის შევიწროვებისა და დახმარების გაწევაში არსებული გაურკვევლობის ფონზე, პარიზში გამართული ევროპელი ლიდერების კონფერენციის დროს ემანუელ მაკრონიმ განცხადა, რომ საარტილერიო ჭურვების მიწოდების საკითხს ახალ იმპულსს მისცემდა. პრეზიდენტმა არ გამორიცხა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაც.

მაგრამ ემნუელ მაკრონის წინააღმდეგ მთელმა ფრანგულმა ოპოზიციამ გაილაშქრა:  „ეროვნული გაერთიანების“ (ყოფილი „ეროვნული ფრონტის“) ლიდერმა მარი ლეპენმა პრეზიდენტი მომავალი თაობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და განაცხადა – „პრეზიდენტი ჩვენი შვილების სიცოცხლით თამაშობსო“, ხოლო პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამაარსებელმა ჟან-ლიუკ მელანშონმა ემანუელ მაკრონის სურვილს უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის თაობაზე – რუსეთის როგორც ბირთვული სახელმწიფოს  წინააღმდეგ – „სიგიჟე“ უწოდა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სწორედ ამ არგუმენტებს იზიარებენ ფრანგი ამომრჩევლებიც. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია „რენესანსი“ ბევრად ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე უკიდურესად მემარცხენე და უკიდურესად მემარჯვენე ძალები  ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის აჩევნების წინ. სამშაბათს საფრანგეთის ყველა საინფორმაციო ტელეარხზე  იხილავდნენ საკითხს, უნდა მოემზადოს თუ არა ქვეყანა რუსეთთან ომისათვის. ყველგან პასუხი ერთი იყო: „არა. არავითარი ომი“.

ემანუელ მაკრონის ამბიციები, როგორც ჩანს, არ ემთხვევა ფრანგების უმეტესობის აზრს უკრაინასთან მიმართებით. ეს იმიტომ, რომ ფრანგები არ თვლიან რუსეთ-უკრაინის ომს „დიდ ცივილიზაციურ შეტაკებად ევროპული დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, როგორც ამას მიიჩნევენ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ბოლო გამოკითხვები აჩვენებენ, რომ საფრანგეთის მოსახლეობაში უკრაინის მიმართ სიმპათია სწრაფად მცირდება.

„ფრანგები არ განიხილავენ რუსეთს საფრანგეთის პირდაპირ საფრთხედ, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომი ყოფილ საბჭოთა კავშირის გადმონაშთ საკითხად ითვლება, ანუ მას ფრანგი მოქალაქეებისათვის შედარებით ლოკალური მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს სოციოლოგი ბრუნო ჟანბარი და აზუსტებს, რომ ამით ფრანგები გამოირჩევიან როგორც პოლონელებისა და ბალტიისპირელების, ასევე ნაწილობრივ გერმანელებისა და ჩრდილოევროპელების  პოზიციებისაგან. ემანუელ მაკრონის განცხადებას ბრუნო ჟანბარი უფრო მეტად ევროპელი პარტნიორებისადმი მიმართულ მოწოდებად თვლის, რომლებიც პრეზიდენტს თავის რუს კოლეგასთან –  ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობებს საყვედურობენ და ამ ფაქტს ხშირად ახსენებენ ხოლმე. კონფერენციაზე მისი ესოდენ ანტირუსული გამოსვლა  სიტუაციის ერთგვარი გამოსწორების მცდელობას წარმოადგენს იმასთან შედარებით, როცა ადრე პარიზის ყველა დაპირება რეალური საქმით არ მტკიცდებოდა და ცარიელ სიტყვებად რჩებოდა.

რაც შეეხება თვითონ უკრაინელებს, მათ უკვე „ყელში აქვთ ამოსული“ ემანუელ მაკრონის დიპლომატიური გზავნილები და ცარიელი ფრაზების ნაცვლად უპირატესობას იარაღსა და საბრძოლო მასალებს ანიჭებენ. ფაქტია, რომ ამ საკითხში საფრანგეთი ძალიან ჩამორჩება ამერიკას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და პოლონეთს.

წყარო

—————-

ილინოისის შტატის მოსამართლემ დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პრაიმერიზის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღო

ილინოისის შტატის მოსამართლემ დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პრაიმერიზის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღო.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კუკ ტრეისი პორტერმა ახსნა კონსტიტუციის მე-14 შესწორებით, რომელიც კრძალავს ფედერალური თანამდებობის დაკავებას ნებისმიერისთვის, ვინც „აჯანყებაში ან ამბოხებაში მონაწილეობდა“.

თავის გადაწყვეტილებაში პორტერი დიდწილად დაეყრდნო კოლორადოს უზენაესი სასამართლოს წინა დადგენილებას, რომელსაც ახლა აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს.

„ილინოისის შტატის საარჩევნო საბჭომ უნდა ამოიღოს დონალდ ტრამპის სახელი ბიულეტენიდან 2024 წლის 19 მარტის პრაიმერიზზე, ან გააკეთოს ისე, რომ მისთვის მიცემული ხმები ბათილად იყოს ცნობილი“, – აღნიშნა კუკ ტრეისი პორტერმა.

ილინოისი გახდა მესამე შტატი, კოლორადოსა და მეინის შემდეგ, სადაც ტრამპი საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღეს. ამ გადაწყვეტილებების აღსრულება შეჩერებულია იქამდე, ვიდრე აშშ-ის უზენაესი სასამართლო კოლორადოს საქმის აპელაციაზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

რუსეთის არმია უკრაინაში: წინსვლა „სიკვდილით სიკვდილის წილ – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) სტატიაში სათაურით „რუსეთის არმია უკრაინაში: წინსვლა „სიკვდილით სიკვდილის წილ“ (ავტორები – ჯულიან ბარნსი და ერიკ შმიტი) განხილულია ბრძოლების ის ტაქტიკა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა იყენებს უკრაინის ომის დროს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ავდეევკის რაიონში გასული წლის შემოდგომაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარების ტაქტიკაში ცვლილებები შეამჩნიეს: იმის ნაცვლად, რომ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ქვეითებს ტრადიციულად კოლონებით დაეწყოთ წინსვლა, მათ მცირე ჯგუფების სახით დაიწყეს მოქმედება, თუმცა ერთი  თავისებურება მაინც უცვლელი დარჩა: რუსები მზად არიან ბრძოლის ველზე მცირე წარმატებას დიდი დანაკარგების ფასად მიაღწიონ.

სტატიის ავტორები იმოწმებენ ერთ-ერთი დასავლელი სამხედრო ჩინოვნიკის ნათქვამს: „რუსებს ჩვენგან განსხვავებული „ტკივილის ზღურბლი“ აქვთ“, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვები დანაკარგების მიმართ რუსული ხედვა დასავლურისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ბახმუტის, მარინკისა და ავდეევკისათვის ბრძოლებში ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. რა თქმა უნდა, უკრაინელების მსხვერპლიც დიდი იყო, მაგრამ რუსების ზარალი ბევრად აღემატებოდა მოწინააღმდეგის დანაკარგებს. თანაც ავდეევკის ბრძოლა ყველაზე სისხლისმღვრელს წარმოადგენდა: სხვადასხვა მონაცემებით, რუსების დანაკარგები ამ ქალაქის დასაუფლებლად უფრო მეტი იყო, ვიდრე საბჭოთა არმიის ათწლიანი ყოფნის დროს ავღანეთში (1979-1989 წლებში).

„მიუხედავად მრავალრიცხოვანი მსხვერპლისა, რუსეთის არმია კვლავ ინარჩუნებს თავის მნიშვნელოვან უპირატესობას ცოცხალ ძალაში და მზად არის შეტევის განსახორციელებლად სხვადასხვა მიმართულებებით“, – ამბობს სტატიის ერთ-ერთ ავტორთან საუბრის დროს რობერტ ლი, ფილადელფიაში არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის არმიის სარდლობისათვის დაღუპულებისა და დაჭრილების დიდი რაოდენობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ითვლება როგორც თანმდევ გარემოებად იმ სტრატეგიისათვის, რომელმაც, პრინციპში, თავისი ეფექტურობა აჩვენა.

ამჟამად, როცა უკრაინის არმია შეიარაღების დეფიციტს განიცდის, რუსების შეტევები უფრო შედეგიანია. ქალაქ ავდეევკის აღების შემდეგ მათ წინ წაიწიეს და კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს – მართალია, დიდი მსხვეროლის ფასად, მაგრამ მაინც. ისევ არითმეტიკას დავუბრუნდეთ: რუსეთი თავისი 144-მილიონიანი მოსახლეობით უკრაინის მცხოვრებთა რაოდენობას (ომამდელი მდგომარეობით) სამჯერ აღემატება, რაც კრემლს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს ცოცხალ ძალაში.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსული საზოგადოება შემრიგებლურია და მომთმენია იმ დიდი ზარალის მიმართ, რასაც კრემლის არმია განიცდის. ახალგაზრდობა და გასაწვევი ასაკის მოქალაქეები შეძლებისდაგვარად თავს არიდებენ ჯარში სამსახურს. სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, კრემლის გადაწყვეტილებამ ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ – პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – რუსულ საზოგადოებაში შოკი და ნერვიულობა გამოიწვია, ასობით ათასი მამაკაცი ქვეყნიდან გაიქცა, რითაც ვლადიმერ პუტინის მიერ კულტივირებული „ნორმალური ცხოვრება“ ილუზიად იქცა.

და მაინც, ფაქტია, რომ რუსეთის არმიას უკრაინის ჯარებთან შედარებით მეტი რეზერვი აქვს როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე საბრძოლო მასალებში. ამ ორ ფაქტორს ერთმანეთთან გარკვეული ურთიერთკავშირი აქვთ – სტატიის ავტორები იმოწმებენ ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფის მეთაურის ნათქვამს: როცა მან ცეცხლით მხარდაჭერა ითხოვა შეტევაზე გადმოსული რუსების წინააღმდეგ, უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ რუსები იმდენი არ არიან, მათთვის საარტილერიო დარტყმის მიყენება რომ გაამართლოსო.

„სინამდვილეში მათი შეჩერება [საარტილერიო ცეცხლის გარეშე] შეუძლებელი ხდება“, – ამბობს მეთაური, რომელმაც ანონიმურობის დაცვის გარანტია ითხოვა პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ისინი ძალიან ბევრნი არიან. ვინც წინ მოდის, მათ ზურგსუკან სულ ახალ-ახალი ჯარისკაცები ჩნდებიან“.

წყარო

ანგაჟირებული ევროპარლამენტარების ინიციატივები პროვოკაციულია -მიხეილ სარჯველაძე

კონკრეტული დამნაშავე იხდის სასჯელს და არავის აქვს უფლება, უპატივცემულოდ მოექცეს საქართველოს სასამართლოს, საქართველოს სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მსგავსი ინიციატივები პროვოკაციულია.

„მიმაჩნია, რომ ასეთი ინიციატივები ანგაჟირებული ევროპარლამენტარების მხრიდან, ანგაჟირებულზე მეტად საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიკერძოებული ევროპარლამენტარებისგან პროვოკაციულია. არ ვიცი, ვინმე თუ აცნობიერებს იმ გარემოებას, რა რეპუტაცია აქვს მიხელ სააკაშვილს საქართველოში, რა შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის საქართველოში ევროპის მიმართ განწყობების თვალსაზრისით ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს და მოსაზრებებს. ალბათ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ასეთ ინიციატივებს, რადგან შეიძლება, ძალიან სერიოზულად დააზიანოს პროევროპული განწყობები საქართველოში. არ ვიცი, ამას თუ აცნობიერებს ვინმე, ვინც ასეთი ტიპის ინიციატივებს აყენებს, ვინც მსჯელობს საქართველოს ფარგლებს გარეთ მაგალითად, იმ ფოტოებით, რომლებიც იყო სრული სპეკულაცია და ფარსი. გამომზეურდა, რომ არც დემენციას ჰქონდა ადგილი, არც მოწამვლას და ა.შ. ყველასთვის გასაგებია, რომ უბრალოდ კონკრეტული დამნაშავე იხდის სასჯელს და არცერთ შემთხვევაში არავის აქვს უფლება, უპატივცემულოდ მოექცეს საქართველოს სასამართლოს, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი საზოგადოების, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებას. ამიტომ არ აქვს უფლება არც ფოტიგას და არც არავის სხვას, ვინც ავანტიურისტულად უყურებს ქართული საზოგადოების პოზიციებს, მის შეხედულებებსა და პრინციპულ პოზიციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მთავრობის კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში.

როგორც პაპუაშვილი წერს, ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და „მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა.

„ამ რეიტინგით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატო-ს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.

შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.

აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის და გაფლანგვის სიმცირე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მთავრობის კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას -შალვა პაპუაშვილი

მოთხილამურე „ინფლუენსერები“ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან 5 მოთხილამურე „ინფლუენსერს“ უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ინფლუენსერებმა“ გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში „პოსტები“, „რილსები“ და „სთორები“ მოამზადეს.

„ინფლუენსერები“ საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე „Highfive“ გაიმართება.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვიწვია. საქართველოში 2 კვირით ვართ, ჩვენ სხვადასხვა რეგიონში ვმოგზაურობთ, ძალიან კარგ გამოცდილებას ვიღებთ და ვეცნობით საქართველოს“,-აცხადებს სებატიან დარლე ტურის მონაწილე.

„საქართველოში პირველად ვარ და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ბუნება, კულტურა, მთები და კერძები გაქვთ, ძალიან მომწონს ქართული სტუმარმასპინძლობა, საქართველოში ძალიან თბილი ხალხია“,-ამბობს ტურის მონაწილე სელასთ პამერლანი.

ტურის მიზანია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.