“მაკრონს განზრახული აქვს, სათავეში ჩაუდგეს უკრაინისადმი დახმარების ევროპულ ძალისხმევას” – რას წერს „პოლიტიკო“

39
spot_img

„არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სურს გლობალური ლიდერის სახე მოირგოს და უკრაინისადმი დასავლეთის დახმარების შუსუსტების ტენდენცია შეაჩეროს, თუმცა ფრანგული კონიუნქტურა მას მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკო“-ს (Politico) ევროპულ ვერსიაში (ბელგია) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ემანუელ მაკრონს განზრახული აქვს სათავეში ჩაუდგეს უკრაინისადმი დახმარების ევროპულ ძალისხმევას, მაგრამ ფრანგები ამის ნებას არ მისცემენ“ (ავტორი – ქლიე ქოლქათი).

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რამდენად არის მზად ემანუელ მაკრონი სინამდვილეში ამჟამად და შეუძლია თუ არა მას ამ საკითხში ფრანგული საზოგადოების აყოლიება. ყველამ იცის, რომ მისი ადრინდელი მაღალხმიანი და პომპეზური რიტორიკა პრაქტიკული მოქმედებით არ განმტკიცებულა.

დონბასის ველებზე ბრძოლებში უკრაინის არმიის შევიწროვებისა და დახმარების გაწევაში არსებული გაურკვევლობის ფონზე, პარიზში გამართული ევროპელი ლიდერების კონფერენციის დროს ემანუელ მაკრონიმ განცხადა, რომ საარტილერიო ჭურვების მიწოდების საკითხს ახალ იმპულსს მისცემდა. პრეზიდენტმა არ გამორიცხა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაც.

მაგრამ ემნუელ მაკრონის წინააღმდეგ მთელმა ფრანგულმა ოპოზიციამ გაილაშქრა:  „ეროვნული გაერთიანების“ (ყოფილი „ეროვნული ფრონტის“) ლიდერმა მარი ლეპენმა პრეზიდენტი მომავალი თაობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და განაცხადა – „პრეზიდენტი ჩვენი შვილების სიცოცხლით თამაშობსო“, ხოლო პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამაარსებელმა ჟან-ლიუკ მელანშონმა ემანუელ მაკრონის სურვილს უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის თაობაზე – რუსეთის როგორც ბირთვული სახელმწიფოს  წინააღმდეგ – „სიგიჟე“ უწოდა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სწორედ ამ არგუმენტებს იზიარებენ ფრანგი ამომრჩევლებიც. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია „რენესანსი“ ბევრად ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე უკიდურესად მემარცხენე და უკიდურესად მემარჯვენე ძალები  ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის აჩევნების წინ. სამშაბათს საფრანგეთის ყველა საინფორმაციო ტელეარხზე  იხილავდნენ საკითხს, უნდა მოემზადოს თუ არა ქვეყანა რუსეთთან ომისათვის. ყველგან პასუხი ერთი იყო: „არა. არავითარი ომი“.

ემანუელ მაკრონის ამბიციები, როგორც ჩანს, არ ემთხვევა ფრანგების უმეტესობის აზრს უკრაინასთან მიმართებით. ეს იმიტომ, რომ ფრანგები არ თვლიან რუსეთ-უკრაინის ომს „დიდ ცივილიზაციურ შეტაკებად ევროპული დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, როგორც ამას მიიჩნევენ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ბოლო გამოკითხვები აჩვენებენ, რომ საფრანგეთის მოსახლეობაში უკრაინის მიმართ სიმპათია სწრაფად მცირდება.

„ფრანგები არ განიხილავენ რუსეთს საფრანგეთის პირდაპირ საფრთხედ, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომი ყოფილ საბჭოთა კავშირის გადმონაშთ საკითხად ითვლება, ანუ მას ფრანგი მოქალაქეებისათვის შედარებით ლოკალური მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს სოციოლოგი ბრუნო ჟანბარი და აზუსტებს, რომ ამით ფრანგები გამოირჩევიან როგორც პოლონელებისა და ბალტიისპირელების, ასევე ნაწილობრივ გერმანელებისა და ჩრდილოევროპელების  პოზიციებისაგან. ემანუელ მაკრონის განცხადებას ბრუნო ჟანბარი უფრო მეტად ევროპელი პარტნიორებისადმი მიმართულ მოწოდებად თვლის, რომლებიც პრეზიდენტს თავის რუს კოლეგასთან –  ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობებს საყვედურობენ და ამ ფაქტს ხშირად ახსენებენ ხოლმე. კონფერენციაზე მისი ესოდენ ანტირუსული გამოსვლა  სიტუაციის ერთგვარი გამოსწორების მცდელობას წარმოადგენს იმასთან შედარებით, როცა ადრე პარიზის ყველა დაპირება რეალური საქმით არ მტკიცდებოდა და ცარიელ სიტყვებად რჩებოდა.

რაც შეეხება თვითონ უკრაინელებს, მათ უკვე „ყელში აქვთ ამოსული“ ემანუელ მაკრონის დიპლომატიური გზავნილები და ცარიელი ფრაზების ნაცვლად უპირატესობას იარაღსა და საბრძოლო მასალებს ანიჭებენ. ფაქტია, რომ ამ საკითხში საფრანგეთი ძალიან ჩამორჩება ამერიკას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და პოლონეთს.

წყარო

—————-