რუსეთის არმია უკრაინაში: წინსვლა „სიკვდილით სიკვდილის წილ – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“

38
spot_img

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) სტატიაში სათაურით „რუსეთის არმია უკრაინაში: წინსვლა „სიკვდილით სიკვდილის წილ“ (ავტორები – ჯულიან ბარნსი და ერიკ შმიტი) განხილულია ბრძოლების ის ტაქტიკა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა იყენებს უკრაინის ომის დროს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ავდეევკის რაიონში გასული წლის შემოდგომაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარების ტაქტიკაში ცვლილებები შეამჩნიეს: იმის ნაცვლად, რომ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ქვეითებს ტრადიციულად კოლონებით დაეწყოთ წინსვლა, მათ მცირე ჯგუფების სახით დაიწყეს მოქმედება, თუმცა ერთი  თავისებურება მაინც უცვლელი დარჩა: რუსები მზად არიან ბრძოლის ველზე მცირე წარმატებას დიდი დანაკარგების ფასად მიაღწიონ.

სტატიის ავტორები იმოწმებენ ერთ-ერთი დასავლელი სამხედრო ჩინოვნიკის ნათქვამს: „რუსებს ჩვენგან განსხვავებული „ტკივილის ზღურბლი“ აქვთ“, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვები დანაკარგების მიმართ რუსული ხედვა დასავლურისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ბახმუტის, მარინკისა და ავდეევკისათვის ბრძოლებში ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. რა თქმა უნდა, უკრაინელების მსხვერპლიც დიდი იყო, მაგრამ რუსების ზარალი ბევრად აღემატებოდა მოწინააღმდეგის დანაკარგებს. თანაც ავდეევკის ბრძოლა ყველაზე სისხლისმღვრელს წარმოადგენდა: სხვადასხვა მონაცემებით, რუსების დანაკარგები ამ ქალაქის დასაუფლებლად უფრო მეტი იყო, ვიდრე საბჭოთა არმიის ათწლიანი ყოფნის დროს ავღანეთში (1979-1989 წლებში).

„მიუხედავად მრავალრიცხოვანი მსხვერპლისა, რუსეთის არმია კვლავ ინარჩუნებს თავის მნიშვნელოვან უპირატესობას ცოცხალ ძალაში და მზად არის შეტევის განსახორციელებლად სხვადასხვა მიმართულებებით“, – ამბობს სტატიის ერთ-ერთ ავტორთან საუბრის დროს რობერტ ლი, ფილადელფიაში არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის არმიის სარდლობისათვის დაღუპულებისა და დაჭრილების დიდი რაოდენობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ითვლება როგორც თანმდევ გარემოებად იმ სტრატეგიისათვის, რომელმაც, პრინციპში, თავისი ეფექტურობა აჩვენა.

ამჟამად, როცა უკრაინის არმია შეიარაღების დეფიციტს განიცდის, რუსების შეტევები უფრო შედეგიანია. ქალაქ ავდეევკის აღების შემდეგ მათ წინ წაიწიეს და კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს – მართალია, დიდი მსხვეროლის ფასად, მაგრამ მაინც. ისევ არითმეტიკას დავუბრუნდეთ: რუსეთი თავისი 144-მილიონიანი მოსახლეობით უკრაინის მცხოვრებთა რაოდენობას (ომამდელი მდგომარეობით) სამჯერ აღემატება, რაც კრემლს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს ცოცხალ ძალაში.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსული საზოგადოება შემრიგებლურია და მომთმენია იმ დიდი ზარალის მიმართ, რასაც კრემლის არმია განიცდის. ახალგაზრდობა და გასაწვევი ასაკის მოქალაქეები შეძლებისდაგვარად თავს არიდებენ ჯარში სამსახურს. სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, კრემლის გადაწყვეტილებამ ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ – პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – რუსულ საზოგადოებაში შოკი და ნერვიულობა გამოიწვია, ასობით ათასი მამაკაცი ქვეყნიდან გაიქცა, რითაც ვლადიმერ პუტინის მიერ კულტივირებული „ნორმალური ცხოვრება“ ილუზიად იქცა.

და მაინც, ფაქტია, რომ რუსეთის არმიას უკრაინის ჯარებთან შედარებით მეტი რეზერვი აქვს როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე საბრძოლო მასალებში. ამ ორ ფაქტორს ერთმანეთთან გარკვეული ურთიერთკავშირი აქვთ – სტატიის ავტორები იმოწმებენ ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფის მეთაურის ნათქვამს: როცა მან ცეცხლით მხარდაჭერა ითხოვა შეტევაზე გადმოსული რუსების წინააღმდეგ, უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ რუსები იმდენი არ არიან, მათთვის საარტილერიო დარტყმის მიყენება რომ გაამართლოსო.

„სინამდვილეში მათი შეჩერება [საარტილერიო ცეცხლის გარეშე] შეუძლებელი ხდება“, – ამბობს მეთაური, რომელმაც ანონიმურობის დაცვის გარანტია ითხოვა პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ისინი ძალიან ბევრნი არიან. ვინც წინ მოდის, მათ ზურგსუკან სულ ახალ-ახალი ჯარისკაცები ჩნდებიან“.

წყარო