Home Blog Page 279

,,საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა,მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად”- სტეფან სეჟურნე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კომენტარი განმარტა და განაცხადა, რომ საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

“ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ქმედებები უკრაინის მხარდასაჭერად, რამაც უნდა უპასუხონ ძალიან კონკრეტულ საჭიროებებს, როგორიცაა განაღმვა, კიბერთავდაცვა, უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოება”, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

“ზოგიერთი ქმედება შეიძლება მოითხოვდეს ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე, ბრძოლის ბარიერის გადალახვის გარეშე. არაფერი არ უნდა იყოს გამორიცხული. ეს იყო და არის დღესაც რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია”, – დასძინა მან.

,,ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება მაგრამ არა ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე”- ტუსკი

პოლონეთს სურს უკრაინის დახმარება, მაგრამ არა ეკონომიკის კონკრეტული სფეროსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჩეხეთში ვიზიტისას გააკეთა, სადაც დონალდ ტუსკი „ვიშეგრადის ოთხეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობდა.

„ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება. ეს უდავო ფაქტია, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ისეთი მეთოდებით, რომლებიც სასიკვდილოა ეკონომიკის მთელი სფეროსთვის“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

ტუსკის თქმით, პოლონეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა შეიცვალოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ე.წ. მწვანე შეთანხმება, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორს დამატებით შეზღუდვებს უწესებს. ტუსკის თქმით, კლიმატის ცვლილების შეჩერების მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს, მაგრამ გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილი ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება საშუალო და მცირე ფერმერებს

,,ეს სტრატეგიული ურთიერთობაა, თუ უფრო ვასალურ დამოკიდებულებას წააგავს”- მაჭარაშვილი

ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი (მათივე შეფასებებით), მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად (ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა), – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, საქართველოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი იბრძვის იმისთვის, რომ სუვერენიტეტი შეილახოს.

„პრობლემა იცით რა არის? მათ სურდათ ქართული საზოგადოება შეეგუებინათ იმისთვის, რომ მთავარია სტრატეგიული პარტნიორი რას იტყვის და იმის იქეთ, არ უნდა განსაჯო ის თუ რა მოქმედებას აწარმოებს.

ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი (მათივე შეფასებებით), მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად (ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა).

30 წელია ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა არ არსებობს; სამწუხაროდ, ვერ შევძელით პირდაპირი ფრენები. ეს ყველაფერი ხომ ურთიერთობაა. თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ძირითადი ნაბიჯები მათ შორის, არც ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით და ა.შ. ეს როგორი დამოკიდებულებაა? სტრატეგიული ურთიერთობაა, თუ უფრო ვასალურ დამოკიდებულებას წააგავს.

ჩვენ, ზედმეტად თავს არავის ვესხმით და არც პიროვნული პრობლემები არ გაგვაჩნია. მაგრამ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ არის გადმოდგმული ნაბიჯები და აღიქვამენ საქართველოს, როგორც კოლონიას – ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია.

რატომღაც, გარკვეულ წრეებში გაჩნდა აზრი, ეს ხომ არ არის ურთიერთობის გადახედვა. იმის საშიშროებას და რისკს რატომ ვერ ხედავენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი ილახება?

ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი კი იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეილახოს. წარმოიდგინეთ, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის საელჩოებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები, სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ დაგვინიშნონ მთავრობის წევრები და პარლამენტში კანონების წერა გვიკარნახონ? ეს უნდათ ზუსტად. ჩვენი სუვერენიტეტი ხომ ამით ილახება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ნებისმიერ ისეთ ურთიერთობას გადავხედავთ, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

,,ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო მიზანმიმართული ქმედება”- მიხეილ ყაველაშვილი

ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო მიზანმიმართული ქმედება, რასაც რადიკალური ოპოზიციის 6-თვიანი ბოიკოტი მოჰყვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე“ საუბრისას.

„ეს იყო დანაშაული და პასუხი, რომ შეცდომა მოუვიდათ და ამით გაიმართლონ თავი, ეს შეუძლებელია. რადიკალურ ოპოზიციაზე რადიკალურები გახდნენ, თუ გახსოვთ 2022 წლის ზაფხულის მოვლენები, სადაც პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ ეს ადამიანები და ხელისუფლების შეცვლას აპირებდნენ. სერგი კაპანაძე წლების განმავლობაში იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. როგორ შეიძლება ის იყოს ნეიტრალურად აღქმული?“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

2020 წელს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში შეცდომა აღმოჩნდა. ISFED-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

მმართველი გუნდი მესამე სექტორის ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც ევროკავშირის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე ალტერნატიულად მუშაობს – ამ შემთხვევაში საუბარია დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომლის შესრულებაც „გრასმა“ და ISFED-მა საკუთარ თავზე აიღეს. „ქართულ ოცნებას“ ამ ორგანიზაციების ობიექტურ მუშაობაში ეჭვი ეპარება, ამის არგუმენტად კი მათი წარსული საქმიანობიდან კონკრეტული ფაქტები მოჰყავს. მმართველი გუნდისთვის მიუღებელია დეზინფორმაციასთან ბრძოლა მიანდონ ISFED-ს, რომელმაც მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.

რაც შეეხება „გრასს“, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარიაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ხოშტარია ავრცელებდა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით არაერთ დეზინფორმაციას.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, „გრასს“ და ISFED-ს სრულად ენდობა ოპოზიციის ნაწილი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ (მოხელის მიერ  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სერგი კაპანაძემ NGO-ების დაფინანსებაზე კომენტარი გააკეთა

არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ეს იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც სამწუხაროდ დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაახლოებული მედია საშუალებები ეწევიან – ასე უპასუხა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ფინანსდებიან.

მისივე თქმით, პროპაგანდის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია. კითხვაზე, თუ რამდენად არის სწორი პოლიტიკაში ამ კუთხით თანხების შედინება, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც რომ თავიანთი აქტიური პოზიცია გამოხატონ ბევრ თემაზე.

„ამ პროპაგანდის ამოცანა და მიზანია, რომ მოახდინონ არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაცია და ბრალი დასდონ იმაში, რომ თითქოს ისინი პოლიტიკურ პროცესებში ერევიან. ამ დროს, ძალიან მარტივი ანაბანა არის დემოკრატიის, რომ იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაცია, მათ აქვთ არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც რომ თავიანთი აქტიური პოზიცია გამოხატონ ბევრ თემაზე. რაც შეეხება დონორებს, დონორებს ასევე აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეუწყონ ხელი. სამწუხაროდ, დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება და სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ როგორც საქართველოს პროდასავლური არჩევანის და ჩვენი პარტნიორების დისკრედიტაცია, ისე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. შესაბამისად, არაფერი პრობლემატური იმაში, რასაც თქვენ ცდილობთ რომ გამოიყვანოთ არ არის. ყველაფერი არის ლეგალური, ლეგიტიმური და უფრო მეტიც, საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული. გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ეგ ითვლება პრობლემად და ასეთები არიან რუსეთი და სხვა ავტოკრატიული ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის იქ ეძებენ ძაღლის თავს, სადაც თქვენ ახსენეთ“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო”, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა – „მშვიდობის ფორმულა“ იქნება.

“გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს”, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ასევე იგეგმება ომის ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული პირების დაბრუნების საკითხის განხილვა. ასევე, განხილული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები და უკრაინის აღდგენაში საუდის არაბეთის მონაწილეობა.

“საუდის არაბეთის ლიდერობამ უკვე შეუწყო ხელი ჩვენი ხალხის დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც მოიტანს შედეგებს”, – წერს ზელენსკი.

უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის გეგმები ჯერ არ არსებობს”- სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის გეგმები არ არსებობს.

“ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ ეს მხარდაჭერა [რუსეთის] სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ. მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

26 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

“დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალური წესით გაგზავნის შესახებ. მაგრამ დინამიკაში არაფერი უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს ამ ომში”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით ქართველი დააკავეს

პოლონეთში, სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა.

კაცს 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლონური მედიის ცნობით, ნეპალის 28 წლის მოქალაქე 24 თებერვლის ღამით, ქალაქის ერთ-ერთ ჰოსტელში, წვეულების დროს მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობა დანით, კისრის არეში მიაყენეს.

საქართველოს მოქალაქის გარდა, საქმეზე ორი უკრაინელი ქალიც დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი მკვლელობის იარაღის გადაგდებას ცდილობდნენ. მათ ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს, რაც 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სლუპსკის რაიონული პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საქართველოს მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო უკრაინელი ქალებისთვის – პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას.

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთის და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მეტამფეტამინს”, ,,მდმა”-ს,  ,,მეთადონს” და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,კეტამინს”. ასევე, გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა”-ს და ,,კოკაინს”.

4 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა, 1 პირს დამატებით წარედგინა ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. მათთვის წარდგენილი ბრალდება  სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოთხივე  პირს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე  გამოძიება გრძელდება.

,,ხელმოწერების კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელა მუხტია დაგროვილი ხალხში”- მიხეილ სააკაშვილი

ხელმოწერების კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელა მუხტია დაგროვილი ხალხში, რომელსაც უიმედობა ყელში ამოუვიდა და ენატრება საკუთარ ქვეყანაში ადამიანური ცხოვრება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერების შესახებ წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის მადლობას უხდის სოფო ჯაფარიძეს, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება დააინიციირა და ყველა აქტივისტს, ვინც მას ამ საქმეში ეხმარება.

„სულ რამდენიმე დღეში, ჩემი გათავისუფლებისთვის 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. მიუხედავად სიცივისა, წვიმებისა ხალხი აწყდება ოფისებს და სულ მალე ეს რიცხვი შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, შეიძლება გაორმაგდეს, გასამმაგდეს. დიდი მადლობა ყველას და რა თქმა უნდა, სოფო ჯაფარიძეს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვება დააინიცირა და ყველა აქტივისტს, ვინც მას ამაში ეხმარება.

ხელმოწერების კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელა მუხტია დაგროვილი ხალხში, რომელსაც უიმედობა ყელში ამოუვიდა და ენატრება საკუთარ ქვეყანაში ადამიანური ცხოვრება.

ძალიან მიყვარხართ ყველანი. ვიცი როგორ გიჭირთ, ყოველდღე ლუკმა-პურისთვის გიხდებათ ბრძოლა. შვილები, მამები, დედები უცხოეთში არიან გასული. არ იცით თუ რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე და მაინც არ ჩამოუშვით ხელები, აქტიურობთ. თქვენი თითოეული ხელმოწერა არის დიდი სტიმული ჩემთვის და მაძლევს ბრძოლის ხალისსა და ძალას. გთხოვთ, კიდევ ცოტა გაძლოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

,,თუ 10-20 წლის წინ ასე მკაფიოდ არ ჩანდა ამ იდეოლოგიის დამღუპველი სახე, დღეს ეს უკვე აშკარად ჩანს”- სუბარი

თუ 10-20 წლის წინ ასე მკაფიოდ არ ჩანდა ამ იდეოლოგიის დამღუპველი სახე, დღეს ეს უკვე აშკარად ჩანს, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდის თემას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

მისი თქმით, ამ თემის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო, რადგან ის ლიბერალების მიერ არის თავსმოხვეული და ლიბერალიზმი კი დასაწყისიდანვე შეიქმნა, როგორც რელიგიასა და ეკლესიასთან მებრძოლი იდეოლოგია.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში შვილის აყვანის უფლება უკვე აქვთ ერთი და იმავე სქესის წყვილებს და სადაც ჯერ არ არის, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წამყვანი დასავლური ქვეყნების მხრიდან წამოვა ეს მოთხოვნა და შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობაც იყოს. თუმცა რასაკვირველია, ევროპაში არიან ჯანსაღი, კონსერვატორი ძალები, რომლებიც ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.

არც კლასიკური ლიბერალიზმი გულისხმობდა ლგბტ პროპაგანდას, ეს ლიბერალიზმის ახალი სახეობაა, თუმცა როდესაც ლიბერალიზმზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიბერალიზმი თავის დროზე წარმოიშვა, როგორც რელიგიასთან, ეკლესიასთან მებრძოლი იდეოლოგია და ბუნებრივია, რომ ის აქამდე მივიდოდა. ამასთან, თუ 10-20 წლის წინ ასე მკაფიოდ არ ჩანდა ამ იდეოლოგიის დამღუპველი სახე, დღეს ამან უკვე დომინანტი იდეოლოგიის სახე მიიღო. ამიტომ ჩვენ უნდა ჩავებღაუჭოთ ჩვენს მთავარ იარაღს – ჩვენ სარწმუნოებას, ტრადიციებს და დედა ღვთისმშობლის კურთხეულ მიწას, რომელიც ქართველებს საპატრონებლად მოგვაბარა,“ – განაცხადა სუბარმა.