საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთის და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მეტამფეტამინს”, ,,მდმა”-ს, ,,მეთადონს” და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,კეტამინს”. ასევე, გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა”-ს და ,,კოკაინს”.
4 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა, 1 პირს დამატებით წარედგინა ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.