ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო მიზანმიმართული ქმედება, რასაც რადიკალური ოპოზიციის 6-თვიანი ბოიკოტი მოჰყვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე“ საუბრისას.
„ეს იყო დანაშაული და პასუხი, რომ შეცდომა მოუვიდათ და ამით გაიმართლონ თავი, ეს შეუძლებელია. რადიკალურ ოპოზიციაზე რადიკალურები გახდნენ, თუ გახსოვთ 2022 წლის ზაფხულის მოვლენები, სადაც პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ ეს ადამიანები და ხელისუფლების შეცვლას აპირებდნენ. სერგი კაპანაძე წლების განმავლობაში იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. როგორ შეიძლება ის იყოს ნეიტრალურად აღქმული?“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
2020 წელს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში შეცდომა აღმოჩნდა. ISFED-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.
მმართველი გუნდი მესამე სექტორის ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც ევროკავშირის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე ალტერნატიულად მუშაობს – ამ შემთხვევაში საუბარია დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომლის შესრულებაც „გრასმა“ და ISFED-მა საკუთარ თავზე აიღეს. „ქართულ ოცნებას“ ამ ორგანიზაციების ობიექტურ მუშაობაში ეჭვი ეპარება, ამის არგუმენტად კი მათი წარსული საქმიანობიდან კონკრეტული ფაქტები მოჰყავს. მმართველი გუნდისთვის მიუღებელია დეზინფორმაციასთან ბრძოლა მიანდონ ISFED-ს, რომელმაც მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.
რაც შეეხება „გრასს“, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარიაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ხოშტარია ავრცელებდა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით არაერთ დეზინფორმაციას.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, „გრასს“ და ISFED-ს სრულად ენდობა ოპოზიციის ნაწილი.