Home Blog Page 279

ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში-იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაემიჯნა ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

“ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში, ნატო არ არის კონფლიქტის მხარე და არც ნატოს მოკავშირეები არიან”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ ნატოს ქვეყნები გადაწყვეტენ უკრაინაში ჯარების ინდივიდუალურად გაგზავნას, ეს გავლენას მოახდენს მთლიანად ალიანსზე, რადგან მისი წევრები კოლექტიური თავდაცვის პაქტით არიან დაკავშირებულნი.

კითხვაზე, დაუშვა თუ არა შეცდომა საფრანგეთის პრეზიდენტმა დასავლური ჯარების შესაძლო განლაგების შესახებ „სტრატეგიულ ბუნდოვანებაზე“ საუბრისას, სტოლტენბერგმა უპასუხა:

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციები გვქონდეს, საერთო მიდგომა გვქონდეს ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ისინი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია.

ეგვიპტემ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა (ვიდეო)

ეგვიპტემ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა. ამის შესახებ ვიდეომასალას ეგვიტპის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„რამადანის დღესასწაულის დაწყებასთან დაკავშირებით, ეგვიპტე აძლიერებს ღაზის სექტორში ტონობით დახმარების ჩაშვებას“, – აცხადებენ სამინისტროში.

ეგვიპტე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც საჰაერო გზით აგზავნის დახმარებას ღაზის სექტორში.

გაერო-ს მონაცემებით, გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ღაზის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა.

რუსეთის დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას ითვალისწინებს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკიდან გამოსვლას და უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას მოითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს.

კანონპროექტის ავტორები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კონსტანტინე ზატულინი და რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი სერგეი ცეკოვი არიან. მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსი დეპუტატების აზრით, ყირიმის გადაცემა „არალეგალურად“ უნდა იქნას აღიარებული, რათა „უკრაინის ხელისუფლებას პროპაგანდის ხელიდან ის საფუძველი გამოეცალოს, რომლითაც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შესახებ საუბრობს“.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ 1954 წლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა „უკრაინის მოკავშირეებს ყირიმის დაბრუნების შესახებ კიევის პრეტენზიების მხარდაჭერას გაურთულებს“.

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროს საკუთარი გამოცდილებით იხელმძღვანელოთ, თუმცა ამ დღეს კოლექტიური აქტივობები უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ინდივიდუალური – მხარდაჭერასაც მიიღებთ და აზრების გაცვლასაც შეძლებთ. ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.

კურო

დამატებითი ვალდებულებები სრული დატვირთვით მუშაობაში ხელს გიშლით. თუ გრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ საკუთარი პასუხისმგებლობები კოლეგებს ან მეგობრებს გაუნაწილოთ – ისინი იმედს არ გაგიცრუებენ. დაუფიქრებელმა მოქმედებებმა და დიპლომატიის ნაკლებობამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ.

ტყუპები

ამ დღეს საყოველთაოდ მიღებული წესები არ უნდა დაარღვიოთ და საკუთარ პირობას არ უნდა უღალატოთ. ნუ გარისკავთ, ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც კარგად გამოგდით და ძველი გამოცდილება გაითვალისწინოთ. კარგად გააზრებული და აუჩქარებელი მოქმედება შეცდომებისგან დაგიცავთ და დაგეგმილ საქმეს დროულად დაასრულებთ.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ, რაც საკუთარი მოვალეობების წარმატებით შესრულებაში დაგეხმარებათ. დროა, დიდი ხნის წინ თაროებზე შემოდებული საქმე მდაასრულოთ. სირთულეების მიუხედავად, საკუთარ გეგმებზე უარს ნუ იტყვით და ადრე თუ გვიან წარმატებას მიაღწევთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რათა თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა პრობლემები არ შეგიქმნათ.

ლომი

ამ დღეს ვარსკვლავები სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისკენ მოგიწოდებენ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე პრობლემები. თუ ბოლო დროს თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის ურთიერთობები გაცივდა, ამ კავშირის გადასარჩენად რაღაც უნდა იღონოთ – რომანტიკული პაემანი ან მცირე სიურპრიზი მოუწყვეთ. შეამცირეთ მენეჯმენტთან კონტაქტი, რათა უსაფუძვლო კრიტიკა ან უსამართლო შენიშვნები თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ეს დღე მრავალმხრივი ტენდენციებით დაგამახსოვრდებათ. საღამომდე სხვადასხვა წვრილმანი პრობლემის გადაჭრა და სხვების დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ, მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, ყველაფერს დროულად მოასწრებთ. თავი შეიკავეთ ახალი ადამიანების გაცნობის ან პირადი ინფორმაციის გამჟღავნებისგან.

სასწორი

გირჩევთ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ და ნებისმიერ საქმეში ზომიერება შეინარჩუნოთ. ეს მუშაობასა და პირად ცხოვრებაში დაგეხმარებათ და უსიამოვნებებისგან დაგიცავთ. ყურადღებით მოუსმინეთ ოჯახის წევრების და მეგობრების რჩევებს – უახლოეს ხანში ისინი ძალიან გამოგადგებათ. გახსოვდეთ – ბედნიერება სიმარტივეშია.

მორიელი

გამორიცხული არ არის, რომ უცნობი, ძალიან რთული სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ყველა წესი დაიცავით და სირთულეების ნუ შეგეშინდებათ. ახლობლებისა და კოლეგების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, პირველ რიგში, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოთ. სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ყველაფერს, რასაც მომავალი არ აქვს და განიხილეთ პროექტები, სადაც წარმატების დიდი შანსი გაქვთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლებელია პრაქტიკული რჩევები მოისმინოთ და წარმატებული სამოქმედო გეგმის შედგენა შეძლოთ. უჩვეულო და გაუთვალისწინებელი სიტუაციების ნუ შეგეშინდებათ – თუ სწორად იმოქმედებთ, შეგიძლიათ ისინი თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ წარმატების შანსი ამ დღეს გაცილებით მაღალია.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მაღალ დონეზეა. ეს დაგეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში შეცდომები დაინახოთ და საკუთარი მიზნისკენ სწორი გზა აირჩიოთ. ამ დღეს სხვების რჩევები არაფერში გამოგადგებათ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა ენდოთ. მოერიდეთ უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვას და პრეტენზიებს, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

მერწყული

ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, თავი შეიკავოთ ბუზღუნა და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობისგან. გახსოვდეთ, თქვენი თავგანწირვა არავის სჭირდება, ამიტომ პირველ ადგილზე საკუთარი სურვილები და მისწრაფებები უნდა დააყენოთ.

თევზები

თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, ნუ დანებდებით და მეორედ სცადეთ. გარემოებები აჩქარებას გაიძულებთ, თუმცა თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის. უპირატესობა მიანიჭეთ აქტივობებს, რომლებიც განწყობას გიმაღლებთ, მოლაპარაკებები და დისკუსიები კი ხვალისთვის გადადეთ.

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

„აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში.

საქართველოში რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო. ზურაბ ადეიშვილმა ბუნდესტაგის შემდეგ შეხვედრები ევროკომისიაშიც გამართა.

აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.

დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

 

გვარამია და მელია ძველი სახელებითა და ნეგატიური წარსულით “ახალი” პოლიტიკის დაწყებას აპირებენ, მაგრამ ხალხმა იცის, “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა” -დიმიტრი ხუნდაძე

დღეს, პოლიტიკაში უკვე დაძველებულმა და გაცვეთილმა სახეებმა პოლიტიკური პარტია „ახალი“ დააფუძნეს. რამდენად მოატყუებენ ხალხს ძველი სახეები „ახლის“ იმიტაციით, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებს.

„ფაქტია, ოპოზიციურ ფლანგზე ლობისტებს არ ჰყავთ მეტი კადრი და ისევ ძველების გაახალგაზრდავებას ცდილობენ. ეს კი მათ პოლიტიკურ გაკოტრებაზე მიუთითებს. საყურადღებო იყო ნიკა გვარამიას მიერ ნახსენები სიტყვები -„მოუსყიდაობა“ და „სისუფთავე“. დღეს რომ ის ამ სიტყვების გამოყენებას ბედავს, ეს ქალბატონი პრეზიდენტის „დამსახურებაა“. როგორც ჩანს, გვარამიამ დაიჯერა, რომ პრეზიდენტთან ერთად ის ქართველმა ხალხმაც შეიწყალა. არადა, ნამდვილად არავის დავიწყებია მისი მმართველობის პერიოდში უდანაშაულო ადამიანების სისხლი, პატიმრების წამება, ბიზნესმენების ძარცვა და ა.შ. ალბათ, გვარამია ამ ყველაფერს „მოუსყიდველად“ და „სუფთად“ აკეთებდა. რაც შეეხება მელიას, საკუთარ გუნდში ერთხელ უკვე წარუმატებელი პოლიტიკოსი ახლებურად ცდილობს ხმების მოპოვებას, მაგრამ შეძლებს კი? ფაქტია, ნიკა გვარამია და ნიკა მელია ძველი სახელებითა და ნეგატიური წარსულით „ახალი“ პოლიტიკის დაწყებას აპირებენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ხალხმა კარგად იცის, რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.

ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გაიმართა.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

„შედგა ჩვენი კლიპის პრემიერა და უბედნიერესი ვარ, რადგან რეაქციებს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით, დაპატიჟებული სტუმრების – ყველას ძალიან მოეწონა. ახლა შედგება ჩვენი სატელევიზიო პრემიერა. ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ ხალხის რეაქციებს, როგორი შედეგი დავდეთ ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ჯერ – ჩვენთან, შემდეგ კიდევ მსოფლიოც ნახავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერის შემდეგ ნუცა ბუზალაძემ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

ჩემს შემოსავლებთან, ქონებასთან დაკავშირებით კამპანიური ხასიათის აბსურდული ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას -ლევან გამყრელიძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე აცხადებს, რომ მის შემოსავლებსა და ქონებასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან აბსურდული ბრალდებები ვრცელდება.

როგორც ლევან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მის დისკრედიტაციას.

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კამპანიური ხასიათის აბსურდულ ბრალდებებს და ცილისმწამებლურ განცხადებებს ჩემს შემოსავლებთან, ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს დისკრედიტაციას. სწორედ ასეთ მცდელობებზე პასუხად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, როგორც პასუხისმგებლიან საჯარო მოხელეს, აუცილებლობად მიმაჩნია, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელთა თაობაზე, სამწუხაროდ, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ, შესწავლისა და მტკიცებულებების გარეშე, მიზანმიმართულად არასწორად იქნა გაცხადებული, თითქოსდა ქონება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში საქმიანობის პერიოდში იქნა შეძენილი.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში დირექტორის პოზიციაზე 2021 წლის 26 ივლისს დავინიშნე. მანამდე კი ჩემი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მეკავა მაღალი თანამდებობრივი პოზიციები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასევე სს საქართველოს ბანკის პრობლემური აქტივების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა). შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და დანაზოგი თანხები, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, მაძლევდა საშუალებას, კანონიერი გზით განმეხორციელებინა ქონების შეძენა. ამასთან, ჩემი და ჩემი ოჯახის ნებისმიერი ქონება თუ შემოსავალი, საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში, აისახებოდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში.

სატელევიზიო სივრცეში გასული სიუჟეტების მიხედვით ყურადღება გამახვილებულ იქნა სააგენტოში საქმიანობის პერიოდში შეძენილ ქონებებზე. კერძოდ, ქ. თბილისში, ლისის დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, რომლის სამშენებლო სამუშაოების წლების განმავლობაში, ეტაპობრივად დასრულების შემდგომ, 2023 წელს მოხდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემა. რაც შეეხება ქონების ღირებულების გადახდას, იგი ეტაპობრივად ხორციელდებოდა, მათ შორის 2023 წელს, რომლის მონაცემებიც, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მომდევნო წლის ქონებრივ დეკლარაციაში აისახება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს ქონების შეძენა სააგენტოში ერთწლიანი საქმიანობის პერიოდში (2023 წელი) განხორციელდა, მოკლებულია ობიექტურ შეფასებას.

ასევე, დამახინჯებულად და არასწორად იქნა წარმოჩენილი ინფორმაცია ამავე პერიოდში სოფელ კოტორაანთკარში არსებულ ქონებასთან მიმართებით. აღნიშნული ქონებაც სააგენტოში საქმიანობის დაწყებამდე, 2016 წელს არის შეძენილი, რაც ასახულია ჩემი გასული წლების ქონებრივ დეკლარაციაში. ასევე, ცრუ ინფორმაციაა იმავე პერიოდში დაბა ბაკურიანში საკუთრებაში არსებულ ე.წ. აგარაკთან მიმართებით: აღნიშნული ქონება საერთო სარგებლობის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო ჩემი წილი საკუთრებაში მიწის ფართობით შემოიფარგლება, რომელზეც არავითარი შენობა ნაგებობა არ არის განთავსებული და რომლის შეძენაც ასევე 2016 წელს განხორციელდა. ინფორმაციის გადამოწმება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – წერს ლევან გამყრელიძე.

მისივე შეფასებით, შემოსავლებთან და ქონებებთან დაკავშირებული თემა სრულიად არათემატურად, ხელოვნურად მიბმულია გასულ კვირას სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მიერ გამოხატულ პროტესტთან.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიციატივით, ზემოთ აღნიშნული თემის მოსაკვლევად ჩართულია შიდა აუდიტის დეპარტამენტი. ვფიქრობ, აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში სრულად იქნება ყველა დასმულ შეკითხვაზე თუ ბრალდებაზე გაცემული პასუხები და კიდევ ერთხელ დადასტურდება სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობა, რაც, პირველ რიგში, ქართველი გადამზიდავების ინტერესების დაცვას მოიაზრებს და ცხადყოფს გარკვეული ჯგუფების მიერ პროვოცირებული ბრალდებების არაობიექტურობას“, – წერს ლევან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/levan.gamkrelidze.37/posts/10226135548197637?ref=embed_post

“მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე და პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში ვერ დავტოვებთ. ჩვენ ძირითადი მიზნების შესახებ ვთანხმდებით, მაგრამ უთანხმოებაც გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს ისრაელის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გამარჯვებასთან ახლოს არის და „ჰამასის“ ლიდერებს შორის რიგით მეოთხე პირი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენი სამის ლიკვიდირებაც მალე მოხდება.

„თუ „ჰამასი“ ფიქრობს, რომ ჩვენ შორის დისტანცია არსებობს, ეს სიტუაციას არ ეხმარება. თანხმობა კი ომის ძალისხმევას, გამარჯვების მიღწევასა და მძევლების გათავისუფლებას ხელს უწყობს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

“უნივერსიტეტებს შეეძლებათ ახლიდან გაიარონ აკრედიტაცია და სრულად შექმნან ონლაინ სწავლების პროგრამა” – გიორგი ამილახვარი

ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციას სჭირდება ის გადაწყვეტილებები, რაც კანონით არის დაინიცირებული და რაც გულისხმობს იმას, რომ კანონის მიღების შემდგომ, საქართველოში არსებულ ყველა ავტორიზებულ უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა [ონლაინსწავლება დანერგოს], – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„ეს მიმართულებები იქნება საბაკალავრო-სამაგისტრო სწავლების ისეთი მიმართულებები, სადაც თეორიული სალექციო-სასემინარო პროცესის განხორციელება დისტანციურად არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, არსებული პროგრამის ფარგლებში გარკვეული კომპონენტები განახორციელონ ონლაინ და არანაირი სავალდებულო მექანიზმი არ არის. ასევე მათ შეეძლებათ გაიარონ ახლიდან აკრედიტაცია და სრულად შექმნან ონლაინ სწავლების პროგრამა. მაგრამ ვაზუსტებ, ეს იქნება მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებებით, ვინაიდან, ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო განათლების კუთხით, ონლაინ განათლება დაუშვებელი და შეუძლებელია“, – აღნიშნა ამილახვარმა.

“ვიმედოვნებ, ევროპელი კოლეგები გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ დაუშვან საქართველოში ანტიევროპული განწყობები” – დავით მათიკაშვილი

ამ პიროვნებასთან დაკავშირებით მოხდა შეხვედრების ორგანიზება, განსაკუთრებით კი ხაზს გავუსვამდი ევროპულ ღირებულებებთან მიმართებით არსებულ ევროკავშირის სტრუქტურებს, სადაც ამ ყველაფერს სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი მხარდამჭერი და თანაშემოქმედი ესწრებოდა. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილემ ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ვოიაჟებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად იყოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, წინ აღუდგეს ყოველგვარ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ განწყობებს. ყველაზე მეტად ასეთ განწყობებს აჩენს სწორედ ის ფაქტები, გარემოებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბერლინსა და ბრიუსელში. ზურაბ ადეიშვილი გახლავთ ტირანული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ის არის მსჯავრდადებული უამრავ სადისტურ დანაშაულში. ადამიანების წამებასთან ერთად, ეს ეხება ადამიანის ქონების დატაცებას და სხვა ძალიან მძიმე დანაშაულებს.

ამ პიროვნებასთან დაკავშირებით მოხდა შეხვედრების ორგანიზება, განსაკუთრებით კი ხაზს გავუსვამდი ევროპულ ღირებულებებთან მიმართებით არსებულ ევროკავშირის სტრუქტურებს, სადაც ამ ყველაფერს სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი მხარდამჭერი და თანაშემოქმედი ესწრებოდა. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. 9 პუნქტის პირველი პუნქტი სწორედ ამ გარემოებით იწყება, რომ ევროკავშირის და ქართული სახელმწიფოს სულისკვეთება ერთმანეთთან უნდა დაახლოვდეს. ამ დაახლოებას ძალიან უშლის ხელს ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება რიგი ევროკავშირის ბიუროკრატისა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში ბრალდებულ და მსჯავრდადებულ, დამნაშავეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, ჩვენი ევროპელი კოლეგები და პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ დაუშვან საქართველოში ანტიდასავლური და ანტიევროპული განწყობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მათი მხრიდან საქართველოში დამნაშავე პირებთან ასეთ უპასუხისმგებლო, უკონტროლო კონტაქტებთან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა არ მიესალმება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და საქართველოს ვალდებულებაა, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს და გააღრმაოს. დავით მათიკაშვილის განმარტებით, საქართველო დღესაც მყარად ეხმარება და გვერდში უდგას უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ესაა ცალმხრივი მეგობრობა.

საქართველოს მთავრობამ გამოხატა შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირი, ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა.

“განეიტრალებულია სომხური უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა”

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხური უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, რომელიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა თოუზის რაიონის ჩინარლის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან თოუზის რაიონის ასრიკის დასახლების მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე უპილოტო საფრენი აპარატით სადაზვერვო ფრენის განხორციელება სცადეს. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების სიფხიზლის წყალობით, აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით განეიტრალდა“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.