Home Blog Page 2549

ალექსანდრე ლუკაშენკომ სახალხო ლაშქრის შექმნის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ სახალხო ლაშქრის შექმნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დაწესებულ სამხედრო მდგომარეობის უზრუნველყოფაში ნებაყოფლობით მონაწილეობისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ემსახურება. ასევე მასში შეტანილია დამატებითი პირობები საკუთრების ნებისმიერი ფორმის ქონების დაცვისთვის.

ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მხილებულია პირთა ჯგუფი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალა შეიძინეს, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი სასაქონლო ზედნადებები გაწერეს, რომელთა გამოყენებითაც ჯამში 1 006 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას კანონიერი სახე მისცეს და შემდგომ მისი სხვადასხვა პირზე რეალიზაცია მოახდინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 144 -ე საქველმოქმედო აქცია თბილისში ჩაატარა

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 144-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 50 -მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 170-მდე სამედიცინო ვიზიტი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, მემორანდუმი, კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 144 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 826 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ზესტაფონში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები 18 წლის ბიჭს ეძებენ

ზესტაფონში, სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები მუშაობენ. მყვინთავები 18 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც ჩანჩქერზე გადახტა.

შემთხვევა გუშინ მოხდა, სამძებრო სამაშველო სამუშაობი კი მეორე დღეა მიმდინარეობს.

ომის 510-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

რუსეთი უკრაინას Shahed-ის დრონების გამოყენებით წუხელ კიდევ ერთხელ დაესხა თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა თავდაპირველად მიკოლაივში გაისმა, შემდეგ კი – ოდესაში. საჰაერო ძალების ცნობით, მიკოლაივისა და ოდესის გარდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე კი პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიროვოგრადის ოლქებში.

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ხანძარს საკმარისად სერიოზული უწოდა. „ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მუშაობენ“, – აღნიშნა მან.

40-მდე იერიში მიიტანეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქზეც. იქ 252 აფეთქება მოხდა, დაიღუპა 2, დაშავდა 10 ადამიანი. დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობას ავრცელებს ოდესის საოლქო ადმინისტრაციაც. მათივე განცხადებით, შავ ზღვაში ოკუპანტების რაკეტმზიდების გააქტიურება შეინიშნება.

ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის საშიშროების გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში განგაში იყო გამოცხადებული.

 

პოლონეთში თვითმფრინავი ანგარის შეეჯახა- დაღუპულია ხუთი ადამიანი

ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა ვარშავასთან ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფისას ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მცირე ზომის თვითმფრინავი სოფელ ჰრცინოში ჩამოვარდა და ანგარს დაეცა, რომელსაც, ძლიერი ქარიშხლის გამო, ადგილობრივები აფარებდნენ თავს.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში სამი პილოტი იმყოფებოდა. ერთი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავარიის გამომწვევ მიზეზად ავდარი სახელდება.

“ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს”-ჯეიმს კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებას და მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

„ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ წინსვლის გზა აჩვენა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა”, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი თავისი ჯარის გაყვანით.

„ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები შინ, დაასრულეთ ეს ომი ახლავე“, – აღნიშნა კლევერლიმ.

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, რაც ისლანდიის ფართობის ტოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ხანძარს ორი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ზაფხულის დარჩენილ პერიოდში შენარჩუნება.

ხანძრების გამო, 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა, შეფერხდა ნავთობისა და გაზის წარმოება ალბერტაში. კანადის ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დერეკ ნაიბორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხანძრების გამო ქარხნები დროებით დაიხურა.

ყველაზე რთული მდგომარეობაა კანადის დასავლეთში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც ასობით ხანძარი მძვინვარებს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს გვალვა. პროვინციაში ხანძართან ბრძოლაში კანადელ მეხანძრეებს ავსტრალიელი, ამერიკელი, მექსიკელი და ახალი ზელანდიელი მეხანძრეებიც ეხმარებიან. კანადის სატყეო სამსახურის ჩრდილოეთ სატყეო ცენტრის გენერალური დირექტორის, მაიკლ ნორტონის განცხადებით, მიმდინარე ხანძრის სეზონის დასაძლევად საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერის უპრეცედენტო დონე.

“აშშ გააგრძელებს მუშაობას უკრაინიდან მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად”- ჯონ კირბი

აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას უკრაინიდან მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა “არაკეთილსინდისიერ” ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.

„იმედი მაქვს, რომ ამას ყველა ქვეყანა ყურადღებით ადევნებს თვალს. დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საკვების იმ ადამიანებისთვის მიწოდებაზე უარის თქმაზე, რომლებსაც ეს უკიდურესად სჭირდებათ მთელ მსოფლიოში და ფასების ზრდის ხელშეწყობაზე იმ დროს, როდესაც ბევრ ქვეყანაში ძალიან მძიმე ინფლაციაა“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, უკრაინელები, აშშ და სხვა ქვეყნები ეძებენ, არსებობს თუ არა სხვა ვარიანტები შავი ზღვის გავლით ბაზარზე მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის, როგორიცაა სარკინიგზო და საავტომობილო, მაგრამ, მისი თქმით, ალტერნატივების მოძიებაში არსებობს გამოწვევები.

„გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები ვერ დატოვებს უკრაინას შეუფერხებლად, ვფიქრობ, ეს საშინელ გავლენას მოახდენს მათ გატანაზე, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს. სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდველები და ა.შ., ძალიან შეშფოთებულები იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საინტერესო შეხვედრები გელით, ამიტომ სახლიდან გადით და ეცადეთ, დრო აქტიურად გაატაროთ. გირჩევთ, მნიშვნელოვან საკითხების გადაჭრას მეტი დრო დაუთმოთ და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დადებითი მხარე დაინახოთ. ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა, რამდენიმე დღე უნდა დაიცადოთ.

კურო

მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებისკენ უნდა გადაიტანოთ. იმ საქმით უნდა დაიწყეთ, რომელიც ყველაზე მეტ შემოსავალს მოგიტანთ. გადაწყვეტილებების მიღების დროს ინტუიციას უნდა ენდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვენიერ შანსს დაკარგავთ. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან შეხვედრა და საუბარი გაგახალისებთ.

ტყუპები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ყურადღება მოიკრიფეთ, რომ მოულოდნელად გაჩენილი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. შეიძლება გეგმების შეცვლა და ისეთი საქმეების კეთება მოგიწიოთ, რაც კარგად არ გამოგდით.

კირჩხიბი

თუ პრინციპულობას გამოიჩენთ და არ იზარმაცებთ, შეიძლება კარგი შემოსავალი მიიღოთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ახალი პროექტის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა საქმის ბოლომდე მისაყვანად მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, გარშემომყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ. სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის უნდა გადაიტანოთ და მთელი ყურადღება პირადი საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. მხოლოდ ის აკეთეთ, რაც ნამდვილად სიხარულს მოგანიჭებთ.

ქალწული

ამ დღეს გარშემო მყოფთა დახმარება მხოლოდ ხელს შეგიშლით, ამიტომ მოემზადეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ. ამ დღეს სასიხარულო ამბავს გაიგებთ, რაც ძალას შეგმატებთ. დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და გული გადაუშალოთ.

სასწორი

კოლეგებთან განყენებულ თემებზე საუბარი ორმხრივად სასარგებლო იქნება – ურთიერთობებს გააძლიერებთ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ვარსკვლავების მხარდაჭერით შეიძლება რთულ ვითარებაშიც კი სარგებელი მიიღოთ და საქმე თქვენს სასიკეთოდ შეატრიალოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო ან ფულის დაზოგვის საშუალება აღმოაჩინოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე გულწრფელად ესაუბროთ – ისინი გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ.

მშვილდოსანი

მენეჯმენტთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ყველასთვის სასარგებლო გამოსავალს იპოვით. არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ბედი აუცილებლად შემოგთავაზებთ. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება და საინტერესო შემოთავაზებებს დაეთანხმეთ.

თხის რქა

ოცნებებში დაფრინავთ და ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ, რომ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

მერწყული

თქვენს სამუშაო მაგიდაზე ყოველდღიური, წვრილმანის საქმეები საკმაოდ დაგროვდა და დროა, მათგან გათავისუფლდეთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება, ამიტომ შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ. მათთან ურთიერთობამ შეიძლება მომავალი პროექტებისთვის საინტერესო იდეები მოგაწოდოთ. გირჩევთ საღამოს ფიზიკური მუშაობით დაკავდეთ – ეს სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თევზები

გირჩევთ, გაღვიძებისთანავე სამოქმედო გეგმა შეადგინოთ – ასე ბევრი საქმის მოსწრებას შეძლებთ და დროს უქმად არ დაკარგავთ. ამ დღეს თავს ძალიან დაუცველად გრძნობთ, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მოერიდეთ აგრესიულ და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან კონტაქტს. ახალი ნაცნობობა შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.

 

18 ივლისს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

18 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ – ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თაყაიშვილის და ლანდიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, XI კვარტლების, ჩარგლის, აბაის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ალუბლების, სულაქველიძის, მეველეს, გუდარეხის, ნადარეიშვილის, დოდაშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სანდრო ეულის, ანჯაფარიძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ორი თვის წინ წყნარ ოკეანეში დაკარგული ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ძაღლი იპოვეს

ორი თვის წინ დაკარგული ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ძაღლი წყნარ ოკეანეში იპოვეს.

ისინი ამ ხნის განმავლობაში უმი თევზით იკვებებოდნენ და წვიმის წყლის სვამდნენ.

ექიმების თქმით მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

სიდნეის მკვიდრმა, 51 წლის ტიმ შადოკმა ძაღლთან ერთად აპრილში მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიისკენ გაცურა, რა დროსაც ძლიერმა ქარიშხალმა მისი ნავი დააზიანა და ის წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა.

„მძიმე განსაცდელი გამოვიარე ზღვაში. უბრალოდ დასვენება და კარგი კვება მჭირდება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი ზღვაში. სხვა მხრივ, ძალიან ჯანმრთელად ვარ“. – ამბობს მეზღვაური ინტერვიუში.