Home Blog Page 2485

 “ელჩო დეგნან, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც თქვენი საელჩო არის მოხსენიებული პარასკევს ნანახი რომ არ გქონდათ, ნახეთ?”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ტვიტერით მიმართავს:

“ელჩო დეგნან, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც თქვენი საელჩო არის მოხსენიებული პარასკევს ნანახი რომ არ გქონდათ ნახეთ?

თუ, რადგან რუსულ კანონ FARA-ს ეფუძნება არ ენდობით. ვნებათაღელვაა ირგვლივ, დაგვამშვიდეთ რომ დოკუმენტი ყურადღებად არ ღირს!”- წერს ხაინდრავა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, ის მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს განიხილავს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლო დროდ.

„ვინ იცის, იქნებ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“, – განუცხადა რეზნიკოვმა „სიენენს“.

ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ ზაფხულამდე ომი დასრულდება და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სარგებელი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გათვალისწინებით გაიზარდა.

“გამარჯვების შემდეგ, ეს აუცილებლად იქნება ნატოს ინტერესებში, რადგან ჩვენ გავხდით ნატოს ნამდვილ აღმოსავლურ ფარად. უკრაინამ მოიპოვა ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება და ისწავლა თუ როგორ შეაკავოს და დაამარცხოს რუსები ნატოს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიურ რეჟიმში მორეცხვა გრძელდება

დედაქალაქის ქუჩები სპეცტექნიკით ყოველდღიურად ირეცხება. ამჯერად კოსტავას ქუჩა, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირები, ასევე, მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები და კონტეინერები მოირეცხა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო.

„ზაფხულის ცხელ დღეებში ქუჩების ინტენსიური მორეცხვა დავიწყეთ. ეს სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ყველა რაიონში ცენტრალური ქუჩები იქნება დასუფთავებული, ასევე მოირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები და ტერიტორია, სადაც ეს ურნებია განთავსებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობითვე, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 100-მდე ქუჩას, მიწისქვეშა გადასასვლელებს და ნაგავშემკრები კონტეინერებს სისტემატურად რეცხავს.

„აღნიშნული ქუჩები კვირაში 2-3-ჯერ, ზოგ შემთხვევაში ყოველდღე ირეცხება. გარდა ამისა, მიმდინარეობს დასუფთავების აქციები და საჭიროების შემთხვევაში, ეს პროცესი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დღესვე გზის სავალი ნაწილი მოირეცხა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ასევე, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე.

დედაქალაქის მასშტაბით, მორეცხვის სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ყოველდღიურად, ღამის პირველ საათზე იწყება და დილის 06:30-მდე გრძელდება. სამუშაო პროცესში ჩართულია 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.

“ყველაფერთან ერთად, თავხედი „ფრაერია“ მიშა მშვილდაძე”-თამარ ჩერგოლეიშვილი

მშვილდაძე არის ისეთივე ყალბი, როგორიც „ფორმულა“, „ფორმულას“ მედია პოლიტიკა, „ფორმულას“ პატრონის პოლიტიკური ამბიციები, – წერს „ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილი მშვილდაძეს, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფიძნებელია, „თავხედ ფრაერს” უწოდებს. მისივე თქმით, არ აწუხებს ის ფაქტი, რომ „ფორმულას” წამყვანების გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს და მათ „უსინდისო დებილებად” მოიხსენიებს.

„ყველაფერთან ერთად, თავხედი ფრაერია მიშა მშვილდაძე. თავად შევარდა თენგო კირთაძესთან, ჩემი პოლიტიკური კომუნიკაციისთვის პასუხის გასაცემად და ახლა თავის კედელზე ბორგავს, რომ მის სისულელეებს მასხრად ვიგდებ. ამ კომენტარში მოქალაქეს უხსნის, რატომ არ ემსახურება საჯარო ინტერესს ფორმულა და რატომ ჰყავს საინტერესო სპიკერი დაბლოკილი.

1) პირველ წინადადებაზე პასუხს მოგვიანებით გავცემთ – გავერთობით.

2) რაც შეეხება სხვა იპოსტასში ევროპული საქართველოს აქტივობების გაშუქების საკითხს. მშვილდაძე არის ისეთივე ყალბი, როგორიც ფორმულა, ფორმულას მედია პოლიტიკა, ფორმულას პატრონის პოლიტიკური ამბიციები…

ა) სულ ახლახან, „ფორმულას“ რეპორტიორი იმ ტერიტორიაზე იდგა სადაც ნახევარი საათის განმავლობაში, ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი ანტიპუტინისტი ვარსკვლავი შონ პენი, აფხაზეთიდან დევნილ ლიანას, ვენერას და ნუცას, მუხლჩახრილი, ჩაკეტილ სივრცეში, ჩემთან ერთად უსმენდა და აზრებს მიზიარებდა. ფორმულამ ეს მოვლენა არ გააშუქა, მერე რა რომ ამ მოვლენის გაშუქება ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია – ეს ჩვენი პროექტია და ფორმულა არ აშუქებს (იგივეს კეზერაშვილის მარიონეტები ვერ შეძლებენ და იდილია დაერღვევათ).

ბ) ერთადერთი აქცია რაზეც ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობამ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიყო, ევროპულმა საქართველომ მოაწყო. აქციამ მოიარა მთელი მსოფლიოს პრესა. ფორმულას ეს აქცია არ გაუშუქებია.

გ) მთელი მსოფლიო მოიარა კამპანიამ „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. არცერთი ტოკშოუ ამ საკითხს, ჩვენი მონაწილეობით, ფორმულაზე არ მიძღვნია. მე შემიძლია უამრავი ასეთი მაგალითი მოვიყვანო, რითაც დადასტურდება რომ მიშა მშვილდაძე უბრალოდ მატყუარაა და მისი ნდობა ისეთივე სისულელეა, როგორიც ირაკლი კობახიძის.

3. ახლა რაც შეეხება იმას, რომ მე „დესტრუქციული სპიკერი“ ვარ: იდეალური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორიც ვარ, ასეთი ვმონაწილეობ „სიენენის“ შოუებში, ასეთი ვზივარ ლინკოლნ ცენტრში, ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად და განვიხილავ მზარდ ავტორიტარიზმს, ასეთს მეპატიჟება ბრიტანეთის მთავრობა და აწ გარდაცვლილი მისი უდიდებულესობა დედოფალი, საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში და მათვალიერებინებს ტეტჩერის ოთახს დაუნინგ სტრიტზე, მას შემდეგ რაც ბრიტანეთის ხელისუფლების ყველა კუთხე კუნჭულს გამაცნობს. ალბათ უნდა შევწუხდე რომ გიორგი თარგამაძის, ვახტანგ სანაიას, მიშა მშვილდაძის, ქეთი დევდარიანის და სოფო ზურაბიანის გემოვნებას ვერ ვაკმაყოფილებ? არ ვწუხდები. უბრალოდ თუ ეს სამარცხვინო სიყალბე არ ჩამოინგრა, და ამათ ნაცვლად ჯანსაღი ალტერნატივა არ გაჩნდა, ქოცებთან ერთად საქართველოს დიდი ხმით აყროლებენ ამ სიყალბის ჭაობში. რაც შეეხება იმას რომ დებილები არ ხართ – არა მხოლოდ დებილები ხართ, არამედ უსინდისო დებილები ხართ, პირველი წინადადება კარგი იყო“, – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამას პარტნიორობას თურქეთისა და ისრაელის კლინიკები უწევენ. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში სამედიცინო სერვისის სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

უკრაინამ, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა -“ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით განახორციელა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, – ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, 22 ივლისის კადრების გეოლოკაცია აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით – სტარომაისკის რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით 9 კმ-ში).

ამასთან, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ პრიუტნოეს რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში).

ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, 22 ივლისის სხვა კადრები ასევე აჩვენებს უკრაინელი დამცველების წინსვლას ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, კამინსკის რაიონში.

ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყარო იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე და, სავარაუდოდ, ხრომოვოეს რაიონში (ბახმუტის დასავლეთით).

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ ოკუპანტების მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა.

მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს

მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

სობიანინის თქმით, შემთხვევა მოსკოვის დროით დაახლოებით 04:00 საათზე დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, შენობებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და დაშავებულები არ არიან.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დრონის ფრაგმენტები სამინისტროს შენობიდან 2 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.

„დღეს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე ორ არასაცხოვრებელ კორპუსზე დაფიქსირდა უპილოტო თვითმფრინავის დარტყმა. სერიოზული დაზიანება და მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს”, – წერს მოსკოვის მერი.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოაგდეს კომსომოლსკის პროსპექტზე, მეორე კი ლიხაჩევის პროსპექტზე შენობას მოხვდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

„24 ივლისს დილით, კიევის რეჟიმის ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ორი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის ობიექტებზე. ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს და ჩამოაგდეს ელექტრონული ომის საშუალებით“, – აცხადებენ სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით კიევს კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 ივლისს ქუთაისში +32 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +17 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +31, ღამის ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +21, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +33 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

თემურ ჭყონია განმარტავს, როგორ შედის Coca-Cola საქართველოდან რუსეთში

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია BMGtv-თან ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული Coca-Cola რუსულ ბაზარზე მოხვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს რაიმე სახის ბიზნეს ურთიერთობას ამ ქვეყანასთან.

ბიზნესმენმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კომპანიამ რუსეთში რვავე ქარხანა დახურა, ასევე დაიხურა McDonald’s-ის ათასზე მეტი რესტორანი, რასაც თემურ ჭყონია „ვაჟკაცურ ნაბიჯს“ უწოდებს.

„ჩვენ მიერ გამოშვებული Coca-Cola-ს მოხვედრა რუსეთის დახლზე, შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური „კოკა-კოლა“ არსებობს, არაბული, ირანული…მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა…თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე, ანუ ეს არ არის ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა, ემოცია, რაც დროებითი ფაქტორებია, ამიტომ არ ვიძახი რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში Coca-Cola გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და სხვათა შორის არც არავის მოიმართავს ჩვენთვის ოფიციალურად“, – ამბობს ჭყონია.

„ესაა დანაშაული და არა შემთხვევითი”- მაია ნიკოლეიშვილი

არაოფიციალურად გამოტანილს ნიმუში ვერ დაერქმევა. ეს არის ბიოლოგიური მასალა, თუმცა რისთვის? გაყალბებისთვის? – გადასარევია! დაიტანე მასზე ნებისმიერი რამ, თუნდაც პოლონიუმი. დაიტანე და შეცვალე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად შესულ, პოლონელი ექიმის ქმედების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, პოლონელი ექიმი შსს-ს ლაბორატორიაში მუშაობს და მან კარგად იცოდა, რომ პატიმრიდან ერთი ნაგლეჯი ფურცლის გამოტანაც დანაშაულია.

„ესაა დანაშაული და არა შემთხვევითი. საინტერესო რა არის? – ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც შსს-ს ლაბორატორიაში მუშაობს. ანუ, მან იცის, რომ პატიმრისგან გამოტანილი ერთი ნაგლეჯი ფურცელი, თუნდაც ერთი ასო ეწეროს, უკვე დანაშაულია.

არაოფიციალურადაა გამოტანილი და ამას ნიმუში ვერ დაერქმევა. ეს არის ბიოლოგიური მასალა, თუმცა რისთვის? გაყალბებისთვის? – გადასარევია! დაიტანე მასზე ნებისმიერი რამ, თუნდაც პოლონიუმი. დაიტანე და შეცვალე. შეგიმოწმებენ? ბიოლოგიური მასალა იმ ადამიანისაა, დნმ იგივეა. თუ გეტყვიან, არა, ბატონო, ნინო ნადირაძემ რომ შეინახა, იმაში არ არის, აგერ, ეს ხომ მისი დნმ-ია. აქ არის!

რაც ვერ გააკეთეს პირველ სერიაში, იმ მილიონად შეფასებულმა ექიმებმა და ექსპერტებმა, უნდა გაეკეთებინა ამათ. როგორც ჩანს, ესენი უფრო ძლიერად თვლიან თავს, ანუ გაყალბების უფრო დიდოსტატებად ჩათვალეს თავი. ის, ვინც მუშაობდა შინაგან საქმეთა ლაბორატორიაში, როგორც ჩანს, მან ეს სითავხედე თავის თავზე აიღო“, – განაცხადა ექსპერტმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი ცნობისმოყვარეობა, ბოლოს და ბოლოს, ნაყოფს გამოიღებს – ღირებულ ინფორმაციას ან თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს მიიღებთ. გაზრდილი ემოციურობა მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ და რაციონალურად იფიქროთ.

კურო

თუ ვინმეს უკეთ გაცნობას ცდილობთ, დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ – შეიძლება რაღაც არასწორად გაიგოთ ან სასურველი რეალობად მიიჩნიოთ. ამ დღეს უპირატესობა მიანიჭეთ საქმეს, რომელიც სწრად სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ – ის სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგაა, თუმცა ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. აჩქარება ვერ გიშველით – ეცადეთ, სიტუაცია მშვიდად აკონტროლოთ და საკუთარი ქმედებები წინასწარ გათვალოთ. თუ დამატებით სამუშაოს შემოგთავაზებენ, მიიღეთ – ის კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

კირჩხიბი

გულწრფელობა და პატიოსნება შესაძლო გაუგებრობას თავიდან აგაცილებთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. იგივე თვისებები თქვენს პროფესიულ საქმიანობასაც დაამშვენებს და კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა შეიძლება ძლიერმა ემოციებმა გააფუჭოს.

ლომი

შედეგების შეჯამების და დასკვნების გამოტანის დროა. ეცადეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მეტი იფიქროთ და თუ საჭიროა, გეგმა შეცვალოთ. აქტიური მოქმედებებისთვის არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მარტო არ დარჩეთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანებისგან მხარდაჭერა მიიღოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხებისა და ფულთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ მენეჯმენტს ხელფასის მომატებაზე ან დაწინაურებაზე ესაუბროთ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება მალე დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს. ამ დღეს მოცემულ დაპირებებს არ უნდა დაუჯეროთ.

სასწორი

უამრავი შეხვედრა, საუბარი და დისკუსია მთელ დღეს წაგართმევთ. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები წუთითაც არ გტოვებენ. თუ ხვდებით, რომ ასეთი რაოდენობით ურთიერთობა თქვენს საქმეს აზარალებს, სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ და უარი თქვით. ეცადეთ, საღამო განმარტოებით გაატაროთ.

მორიელი

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მთელ თქვენს ყურადღებას მოითხოვს და სხვა მოვლენების გაკონტროლება გიჭირთ. ეცადეთ ამ დღის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. გირჩევთ, რთული და უსიამოვნო საუბარი თავიდან აიცილოთ და სარისკო შეთავაზებები არ მიიღოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დილა რთული ამოცანების ამოხსნით დაიწყოთ. ენერგიის მარაგი და მებრძოლი სულისკვეთება საშუალებას მოგცემთ, ის აკეთოთ, რისი გაკეთებაც აქამდე არ შეგეძლოთ. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ან ახალ ტანსაცმელზე დიდი ფული დახარჯოთ. ამ დღეს ფულის ვალად მიცემა არასასურველია.

თხის რქა

ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, დამხმარეები მოძებნოთ და თანამოაზრეების წრეში იტრიალოთ. ინტუიცია ზუსტად გეტყვით ვისთან უნდა გააბათ ურთიერთობა და ვის უნდა მოერიდოთ. წარსული გამოცდილება და საკუთარი შეცდომები არ უნდა დაივიწყოთ.არსებობს თქვენგან წასული ადამიანის დაბრუნების შანსი.

მერწყული

ეცადეთ საკუთარი ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ და წამიერ ახირებებზე ფული არ დახარჯოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ და ზოგადად, ფინანსურ საკითხებს მოერიდოთ. ამ დღეს შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მზად იყავით იმისთვის, რომ ბევრ კრიტიკას და ცოტა ქებას მიიღებთ. საინტერესო ადამიანის გაცნობა ან მოულოდნელ სიტუაციაში მოხვედრა გელით. ამ დღის მოვლენები დაგეხმარებათ სასიყვარულო ურთიერთობას ან საქმიან პარტნიორობას ახალი თვალით შეხედოთ.

 

„არ გვაინტერესებს, საიდან გადმოწერეთ ამას „რუსული კანონი“დაერქმევა – სუბარი

კელი დეგნანმა ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირთან პირდაპირ თქვა: „არ გვაინტერესებს, საიდან გადმოწერეთ ეს კანონი. ამას დაერქმევა „რუსული კანონი“. ამის ლობირება მათ შეძლეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა. მან ასეთი კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შედეგი იყო ძალიან ცუდი საქართველოსთვის, იმიტომ რეალურად ქვეყანას სჭირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონი , ისევე როგორც ეს კანონი სჭირდება იგივე ევროკავშირს, სადაც დაისვა კიდევაც საკითხი და სააკაშვილის ლობისტების მიერ დახარჯული ფულიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რომ მსგავსი კანონი ჰქონდეს“, – განაცხადა სუბარმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.