ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო მზად არის, დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და „გაიდლაინების“ შექმნა. „პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებების შესაბამისად, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აქონდროპლაზიის პროტოკოლში შემავალი სხვადასხვა ღონისძიების პროაქტიურ დაგეგმვისა და მოლაპარაკებების მიმართულებით. ამასთან, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანიასთან, რათა პროტოკოლისა და მართვის მექანიზმების შემუშავებისთანავე, მოხდეს ბავშვებისათვის ყველა საჭირო პროცედურის უზრუნველყოფა“- აცხადებს თამარ გაბუნია. თამარ გაბუნიას თქმით, „ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს“. როგორც გაბუნია აცხადებს, მშობლებს შეეძლებათ ჩაერთონ იშვიათი დაავადებების საბჭოს მუშაობაში. „სამინისტრო შექმნის სპეციალურ მექანიზმს მშობლების მონაწილეობისთვის. ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა“, – აცხადებს თამარ გაბუნია და აღნიშნავს, რომ ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება, დააფინანსოს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მე-12 დღეა, ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. დღეს კი, მათ პარლამენტის წინ აქცია გამართეს, სადაც მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.
რა შემთხვევაში შეწყვეტენ პროტესტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები
ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ წამალი „ვოზორიდიტი“ საქართველოში არაუგვიანეს სექტემბერში შემოვა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილე ქეთი ბეგიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადება, რომ სამინისტრო მზად არის, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა, არ სჯერათ.
„თამარ გაბუნიას ნათქვამი არ გვჯერა არც ერთ მშობელს, ჩვენ უამრავჯერ გვაქვს მოსმენილი მისი საუბარი. როგორ დავიჯეროთ მისი, როდესაც ტყუილს ავრცელებდა მედიკამენტის არაეფექტურობასთან დაკავშირებით და უეცრად შეცვალა ყველაფერი და დაჩქარებული წესით მუშაობს? ბატონო პრემიერო, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება და მოაწეროთ ხელი განკარგულების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს და ვირწმუნებთ თქვენსას“, – განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.
აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს.
,,პუტინს ვერ დაველაპარაკებით, ის ყველა ჩვენგანისთვის ტერორისტია” – ზელენსკი
პუტინთან მოლაპარაკება არ შეიძლება, რადგან ის არის ტერორისტი – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში პუტინთან შესაძლო დიალოგის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად. “ამ კაცს, პრეზიდენტ პუტინს, ვერ დაველაპარაკებით. ის ყველა ჩვენგანისთვის ტერორისტია” – თქვა ზელენსკიმ და გაიხსენა, რომ როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტი გახდა, არა მხოლოდ დიალოგისთვის იყო მზად, არამედ გაყინული კონფლიქტის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სურდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანაზე და ამ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შეთავაზებაზე, რუსეთის მხრიდან პასუხად სრული იგნორი და მუქარები მიიღო- “მან [პუტინმა] ამ ყველაფერს [ომს], რაღაც ოპერაცია უწოდა…ის იგონებს სახელებს თავისი ქმედებების გასამართლებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჩადენილი დანაშაულებისთვის პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
ახალი ბრაუზერი – Opera One ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით
Opera-მ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის მქონე ბრაუზერი შექმნა.
Opera-ს დეველოპერებმა წარმოადგინეს ახალი ბრაუზერი – Opera One ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით.
ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს ბრაუზერის უფრო ადვილად გამოყენებას, გააადვილებს ნავიგაციას და უზრუნველყოფს პროდუქტიულ ვებ-გამოცდილების.
Opera One-ის 99.0.4780.0 ვერსია ხელმისაწვდომია ჩამოტვირთვისა და შეფასებისთვის მხოლოდ ადრეული წვდომის დეველოპერებისთვის. უახლოეს მომავალში ბრაუზერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის.
დეველოპერების თქმით, Opera One არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბრაუზერების ევოლუციაში. Opera One-ის განსაკუთრებული მახასიათებელია Tab Island ფუნქცია. ის ეხმარება მომხმარებლებს გაუმკლავდნენ ღია ჩანართების დიდ რაოდენობას და აუმჯობესებს პროდუქტიულობას. სხვადასხვა ამოცანის მქონე ჩანართები დაჯგუფებულია ცალკეულ „კუნძულებად“, რაც აადვილებს მათ შორის გადართვას.
Opera აქტიურად აფართოებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამას AIGC-ში (Artificial Intelligence Global Company) ბრაუზერებისა და სათამაშო პროდუქტებისთვის საკუთარი გადაწყვეტილებების, ასევე ახალი და არსებული პარტნიორობის მეშვეობით, – განაცხადა Opera-ს პროდუქტის მთავარმა დირექტორმა ჯოანა ჩაიკამ.
“მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა”- ზურაბ ჩხაიძე
„ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა.
მისი თქმით, დღითიდღე სულ უფრო რთული ხდება პაციენტთან მუშაობა ექიმების მხრიდან, რადგან ექიმებს ზოგადად უწევთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობ.
„საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენტი აცხადებს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
როგორც „ვივამედის” კლინიკური დირექტორი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, მისი კლინიკური მიმდინარეობის კუთხით, ამ დღეებში არაფერი შეცვლილა.
„რაც შეეხება საკვების მიღებას, რა თქმა უნდა, ეს რჩება დიდ პრობლემად, რადგან ისევ არ ხდება გათვალისწინება ჩვენი რეკომენდაციის და შესაბამისად, ხდება საკვები რაციონის უხეში დარღვევა. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს, რაც შეეხება აწონვას ორშაბათს არის დაგეგმილი, გუშინ და ამ დღეებში მან უარი განაცხადა აწონვაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.
„მათი გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას მოჰყვეს არეულობა”- მდინარაძე
„მათი გეგმაა, საქართველომ პირველ რიგში ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრება, მათი გათვლით, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის“, – განუცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის განცხადებაზე, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას ამ გეგმაში ხალხი არ შეუშვებს, ამ ხალხის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად არის არჩეული ხელისუფლება. „მათი გეგმაა, საქართველომ პირველ რიგში ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრება, მათი გათვლით, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის. ეს არის მათი გეგმა და ამ გეგმაში ხალხი არ შეუშვებს. ამ ხალხის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად არის არჩეული ხელისუფლება. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და დღეს ჩვენ ვართ, ვალდებულია ყველა, დაიცვას ხალხის ინტერესი, რომ არ შევიდეს ომში, არ იყოს ქაოსი და ეს ქვეყანა არ გახდეს ერთ-ერთი მოთამაშე პატარა პაიკი, რომელსაც ადვილად გაწირავენ და დაფაზე ისე გაწევენ, საერთოდ არ დააკვირდება არავინ, პაიკს რა ბედი ელის, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა, ამ მოცემულობას და გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომავალშიც გავუმკლავდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნინი შერმადინის სიმღერა Radio Freedom-ის ფავორიტი გახდა
„ბრავო რექორდსი“ აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის წარმატების შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია:
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის სიმღერა „I Will Take You Home“, რომელიც 2018 წელს „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა, ამერიკის რადიო „თავისუფლების“ Radio Freedom-ის, რომელიც ფარავს მაიამსა და ფლორიდის შტატებს, ფავორიტი სიმღერა გახდა და საზოგადოების ჩართულობით მეორე ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ ნინის ამ წარმატებას და კიდევ ბევრ წინსვლას ვუსურვებთ.
შეგახსენებთ, რომ სიმღერა 2018 წელს „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა, ტექსტის ავტორი თავად ნინი შერმადინია, ხოლო მუსიკის ავტორი, ჯაბა ბუცხრიკიძე გახლავთ.
არანჟირება „ბრავო რექორდსის“ არანჟირების სპეციალისტს, ბორიკო შხიანს ეკუთვნის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
,, უნდა დაემხოს კიევის რეჟიმი და სრულად განადგურდეს უკრაინული არმია და ტექნიკა”- მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაგეგმვას და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. მედვედევი Telegramz-ზე წერს, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა: „კიევის ძაღლი აგრძელებს ყეფას. 1. მოგვეცით მეტი იარაღი, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს 2. გადავალთ ყირიმის დაბრუნებაზე 3. უმჯობესია ახლა დაუჭიროთ უკრაინას მხარი, რომ მესამე მსოფლიო ომის რისკი არ გაიზარდოს 4. ომი შეიძლება, ათწლეულები გაგრძელდეს – რა არის ეს? ნარკოტიკებით გაჟღენთილი ცნობიერების წინააღმდეგობრივი სიბნელე? გაურკვევლობის დელირიუმი? ზეწოლა თქვენს ქველმოქმედებზე? ქრონიკული ზოგადი პარანოია? ყველაფერი ეს ერთად და ამაზე პასუხი მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: ნაცისტური რეჟიმის მიერ გამოყენებული პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის მასობრივი განადგურება კონტრშეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე მაქსიმალური სამხედრო მარცხის მიყენებით; მტრის სრული განადგურება და ნაცისტური რეჟიმის საბოლოო დამხობა კიევში მისი სრული დემილიტარიზაციით; ნაცისტური რეჟიმის მთავარი ფიგურების მიმართ შურისძიების აქტების განხორციელება, მათი მდებარეობისა და ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად. სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ მოისვენებენ, ეს ბოდვები შეიძლება რეალობად იქცეს და ომი გაჭიანურდეს. ჩვენს ქვეყანას ეს არაფერში სჭირდება“, – წერს მედვედევი.
“მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ელჩის დასწრება სერიოზულ უხერხულობას ქმნის”- მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებულ საყოფაცხოვრებო დავაში ჩართვის თაობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომელზეც უხერხულობის გამო, ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„მე ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებ. სერიოზულ უხერხულობას ქმნის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მის წარმომადგენელს ეხება საქმე. ეს უხერხულობა, ალბათ ძნელი ასახსნელია და დეტალურ კომენტარს მე არ გავაკეთებ. ვისურვებდი, ასეთი უხერხულობები არ შეგვექმნას, მათ შორის, ჩვენც, იმით, რა კადრებიც ვნახეთ ეთერში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო.
რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ამძაფრებს ამერიკა სიტუაციას საქართველოში
დღეს, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სერიოზული ბრძოლა გვიწევს შიდა ოპოზიციასთან, მთავარი პარტნიორი სახელმწიფოსგან ასეთ დარტყმას არ უნდა ვიღებდეთ. გვესმის, რომ მათ მიერვე შემოყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გეგმას, ვერ და არ ღალატობენ, – ამის შესახებ facebook გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოს ხელი შეეშალოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
„ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების რიგი პოლიტიკოსების ქმედება ბევრ კითხვას ბადებს ჩვენში. ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივი დატვირთული ვიზიტები პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, თუმცა რამდენჯერაც წამოვიდა დადებითი მესიჯები ევროპიდან, იმდენჯერ რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები მწვავე კრიტიკით ამ პოზიტივის გადაფარვას ცდილობენ. სენატორ შაჰინისა და USAID ხელმძღვანელის სამანტა პაუელის ნეგატიური და უსამართლო განცხადებები საქართველოს შესახებ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ჩამოდიან ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა არაფერია, თუ არა ხელის შეშლა სტატუსის მიღების პროცესში. ამავე მიზანს ემსახურებოდა მოსამართლეების დასანქცირება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. დღეს, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სერიოზული ბრძოლა გვიწევს შიდა ოპოზიციასთან, მთავარი პარტნიორი სახელმწიფოსგან ასეთ დარტყმას არ უნდა ვიღებდეთ. გვესმის, რომ მათ მიერვე შემოყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გეგმას ვერ და არ ღალატობენ. თუმცა, ისიც გასაგები უნდა იყოს მათთვის, რომ ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს გუშინდელი დღეა და ადგილობრივი ამომრჩევლისგან მათ პერსპექტივა არა აქვთ. ამიტომ, უმჯობესია, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ან სანდო წყაროდან მიიღონ ინფორმაცია, ან ხელი აიღონ იმ განზრახვაზე, რაც უკვე აშკარად იკითხება. ყველანი ვხვდებით, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ამძაფრებს ამერიკა სიტუაციას საქართველოში. ევროპამ ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა როგორც ჩანს, მათივე ზეწოლის შედეგად. დღეს კი, გვჯერა, რომ ევროკავშირი იქნება უფრო პრინციპული და გაბედული. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებით, გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, სწორედ ევროპის ინტერესებიც“, – წერს facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.